შარდის ბუშტის დაზიანება | მკურნალი.გე
  1. შარდის ბუშტის დაზიანება
  2. საშარდე გზების დაზიანება
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
შარდის ბუშტის დაზიანება

შარდის ბუშტი ყველაზე ხშირად მენჯის არეში მიყენებული ტრავმის შედეგად ზიანდება, მაგალითად, ავტომობილების დიდი სიჩქარით შეჯახებისას ან სიმაღლიდან ვარდნისას. დაზიანება შესაძლოა შემღწევი ჭრილობითაც, როგორც წესი, ცეცხლნასროლი ჭრილობით, იყოს გამოწვეული. ამასთანავე, შარდის ბუშტი შეიძლება უნებურად მენჯზე ან მუცლის ქვედა ნაწილზე ქირურგიული ჩარევის დროსაც დაზიანდეს (ჰისტერექტომიის, საკეისრო კვეთის ან კოლექტომიის დროს).

თუკი შარდის ბუშტის დაზიანების მკურნალობა დაგვიანდა, შესაძლოა გართულებები განვითარდეს, მაგ. შარდვის ხშირი და დაუძლეველი სურვილი, შარდის შეუკავებლობა და ინფექცია.

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

შარდის ბუშტის დაზიანების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: სისხლიანი შარდვა, შარდვის გაძნელება და ტკივილი მენჯის არეში და მუცლის ქვედა ნაწილში. თუკი ამ ორგანოს ყველაზე ქვემოთ მდებარე ნაწილი დაზიანდა (სადაც მოშარდვის მაკონტროლებელი კუნთია), ადამიანს შეიძლება გახშირებული შარდვა ან შარდის შეუკავებლობა განუვითარდეს.

შარდის ბუშტის დაზიანება ყველაზე უკეთ ცისტოგრაფიის მეშვეობით ვლინდება. ამ დროს საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც რენტგენზე ჩანს, შარდის ბუშტში შეჰყავთ და კომპიუტერული ტომოგრაფიის ან რენტგენის მეშვეობით აფასებენ, ხომ არ გამოჟონა ამ ნივთიერებამ. ქირურგიული ჩარევის დროს შარდის ბუშტის შემთხვევით დაზიანება მაშინვე დგინდება და გამოსახულებითი კვლევები აღარ არის საჭირო.

მკურნალობა

შარდის ბუშტის მსუბუქი დაზიანებების, დაჟეჟილობის ან ჭრილობის დროს შარდსადენიდან მასში კათეტერი შეჰყავთ და 5-10 დღის განმავლობაში იქ ტოვებენ ქსოვილების შეხორცებამდე ან აღდგენამდე. უფრო მძიმე დაზიანების დროს, როცა შარდი მუცლის ღრუში იჟონება, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, რათა განისაზღვროს დაზიანების ზომა და ჭრილობები გაიკეროს. შარდის ბუშტის დაცლა უფრო კარგად შეიძლება ორი კათეტერის მეშვეობით, რომელთაგან ერთი შარდსადენის გავლითაა შეყვანილი, მეორე კი მუცლის ქვედა ნაწილში კანის განაკვეთიდან თავსდება (ბოქვენზედა კათეტერი). მათ 7-10 დღე ტოვებენ და მხოლოდ მაშინ ამოიღებენ, როცა დაზიანება შეხორცდება. გართულებებს, თუკი ისინი განვითარდა, შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება.

თუ შარდის ბუშტის დაზიანება ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა, მისი მკურნალობა – აღდგენა მაშინვე ხდება.