შარდსაწვეთის დაზიანება ყველაზე ხშირად მენჯისტრავმის ან მუცლის ღრუზე ქირურგიული ჩარევის დროს ვითარდება, მაგ. საშვილოსნოს ან მსხვილი ნაწლავის ამოკვეთის (ჰისტერექტომია და კოლექტომია), მუცლის აორტის ანევრიზმაზე ოპერაციის ან ურეტეროსკოპიის დროს (შარდსაწვეთის დათვალიერება მაგარი ან დრეკადი, კამერიანი მილით). დაზიანების სხვა მიზეზი შეიძლება შემავალი, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა იყოს. სხეულზე პირდაპირი, ბლაგვი დარტყმის გამო შარდსაწვეთის დაზიანება ხშირი არ არის. იშვიათად, ბლაგვი ტრავმისას, როცა ტანი უკან მკვეთრად იხრება, შესაძლოა შარდსაწვეთის ზედა ნაწილი თირკმლიდან მოიგლიჯოს.
თუკი დაზიანებას არ უმკურნალეს, შეიძლება გართულებები განვითარდეს, მაგ., ხვრელმილი (პათოლოგიური კავშირი სხვა ორგანოსთან), სტრიქტურა (შევიწროება), ან შარდის მუდმივი ჟონვა და ინფექცია.
ადამიანი შეიძლება უჩიოდეს ტკივილს მუცელში, გვერდში (ნეკნებსა და თეძოს შორის) ან შეამჩნიოს ჭრილობიდან შარდის გამოჟონვა. შარდის მუდმივი ჟონვა შესაძლოა ინფექციით გართულდეს, რასაც მაღალი ტემპერატურა ახლავს თან. შარდში შეიძლება სისხლი იყოს.
იმის გამო, რომ შარდსაწვეთის დაზიანება იშვიათია და ნაკლებადაა ამ სიმპტომების გამომწვევი, შესაძლოა დიაგნოზი დროულად ვერ დაისვას. როგორც წესი, ექიმებს ამ დაზიანებაზე ეჭვი მაშინ მიაქვთ, როცა სიმპტომების მქონე ადამიანს უახლოეს წარსულში ოპერაცია გაუკეთდა ან მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აქვს. შარდსაწვეთის სავარაუდო დაზიანების დროს გამოსახულებითი კვლევებია საჭირო. საწყის ეტაპზე ხშირად კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით ან ინტრავენური უროგრაფია. ზოგჯერ, ექიმი რეტროგრადულ უროგრაფიას ნიშნავს. ამ დროს საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ შარდსადენის ბოლოში შეჰყავთ და რენტგენის საშუალებით გამოსახულებას იღებენ. ზოგჯერ შარდსაწვეთის დაზიანების აღმოჩენა ქირურგიული ჩარევის დროს ხდება.
შარდსაწვეთის ზოგი მსუბუქი დაზიანების დროს მასში 2-6 კვირით დრეკადი მილი, სტენტი შეჰყავთ შარდის ბუშტიდან ან თირკმლიდან, გვერდზე კანის პატარა განაკვეთით (კანქვეშა ნეფროსტომა). შედეგად შარდი შარდსაწვეთის მაგივრად სტენტში გაივლის და შარდსაწვეთს დაზიანებების მოშუშების საშუალება ეძლევა. თუკი ეს ეფექტური არ აღმოჩნდა, შესაძლოა დამატებითი ოპერაცია გახდეს საჭირო. უფრო მძიმე დაზიანებების დროს შარდსაწვეთის მთლიანობის აღდგენა ქირურგიული გზით ხერხდება.
მკურნალობა მიზნად ისახავს გართულებების თავიდან აცილებას და თუ ისინი მაინც განვითარდა – მათ გამოსწორებასაც.