1. თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის კიბო
თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის კიბო

  • ამ ავთვისებიანი სიმსივნეების დროს შესაძლოა სისხლიანი შარდვა ან გვერდში ჭვალისებრი ტკივილი გამოვლინდეს.

  • დიაგნოსტიკა კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება.

  • მკურნალობა მოიცავს თირკმლისა და შარდსაწვეთის ამოკვეთას.

სიმსივნე შეიძლება თირკმლის ცენტრალური, შარდის შემგროვებელი სივრცის ანუ თირკმლის მენჯის ამომფენი უჯრედებიდან განვითარდეს (თირკმლის მენჯის გარდამავალუჯრედოვანი კარცინომა). თირკმლებისა და შარდის ბუშტის დამაკავშირებელი მილების, შარდსაწვეთების უჯრედებიც შეიძლება გადაგვარდნენ სიმსივნურად. თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთების კიბო ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე თირკმლის დანარჩენი ნაწილის ან შარდის ბუშტის კიბო. აშშ-ში ის ყოველწლიურად 6000-ზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

სიმპტომები

ყველაზე ხშირი პირველი სიმპტომი სისხლიანი შარდვაა. ჭვალისებრი ტკივილი გვერდში (ნეკნებსა და თეძოს შორის) ან მუცლის ქვედა ნაწილში მაშინ ვითარდება, თუ შარდის დინება დაირღვა (მაგ. სისხლის კოლტმა დაახშო შარდსაწვეთი).

დიაგნოსტიკა

კიბოს აღმოჩენა, როგორც წესი, კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება. ამ კვლევის საშუალებით ექიმს შეუძლია დაადგინოს, წარმონაქმნი თირკმლის ან საშვილოსნოს რაიმე კეთილთვისებიანი დაავადება ხომ არ არის, მაგ., კენჭი ან სისხლის კოლტი. შარდის ნიმუშის მიიკროსკოპით გამოკვლევით შესაძლოა სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა. შესაძლებელია შარდსაწვეთში შარდის ბუშტის გავლით ურეტეროსკოპის, დრეკადი, კამერიანი მილის შეყვანა და მცირე ზომის სიმსივნის დათვალიერება, ზოგჯერ ამოკვეთაც კი.

პროგნოზი

თუკი კიბო გავრცელებული არაა და მისი მთლიანად ამოკვეთა მოხერხდა, სავარაუდოა, რომ ადამიანი განიკურნება. თუმცა, თუკი სიმსივნე უკვე გადასულია თირკმლის მენჯის კედელზე, შარდსაწვეთზე ან დაშორებულ ადგილებზე, განკურნება ნაკლებად არის შესაძლებელი.

მკურნალობა

თუკი კიბო თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის იქით არ არის გავრცელებული, როგორც წესი, მთელი თირკმელი და შარდსაწვეთი ამოიკვეთება (ნეფროურეტერექტომია) შარდის ბუშტის კედლის მცირე ნაწილთან ერთად.

თუმცა, ზოგჯერ, მაგ. როცა თირკმლების ფუნქცია დარღვეულია ან ადამიანს მხოლოდ ერთი თირკმელი აქვს, ორგანოს არ კვეთენ, რადგან შედეგად ადამიანი დიალიზზე დამოკიდებული გახდება. თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა ლაზერით ხდება, რაც ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ან ქირურგიულად – მხოლოდ სიმსივნის ამოკვეთით და თირკმლის, შარდსაწვეთის ჯანმრთელი ნაწილისა და შარდის ბუშტის შენარჩუნებით. თუ კიბო გავრცელებულია, ქიმიოთერაპია ინიშნება.

ოპერაციის შემდეგ პერიოდულად ცისტოსკოპია ტარდება (დრეკადი, კამერიანი მილის შეყვანა შარდის ბუშტის დასათვალიერებლად), განუსაზღვრელი დროის მანძილზე, რადგან ამ სიმსივნის შემდეგ მაღალია შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი.