გული (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. გული (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოლოგია)
  2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოლოგია
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
გული (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოლოგია)

გული ღრუ კუნთოვანი ორგანოა, მდებარეობს გულმკერდის შუაში. გულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრები შედგება ზედა და ქვედა საკნებისგან. სისხლი გროვდება ზედა საკანში (წინაგული), საიდანაც გადადის ქვედა საკანში (პარკუჭი), რომელიც ტუმბავს სისხლს გულიდან პერიფერიულ სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

სისხლმა რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრაოს, თითოეულ პარკუჭს აქვს შემავალი და გამავალი ხვრელები, რომლებშიც სარქვლებია მოთავსებული. მარცხენა პარკუჭის შემავალი (წინაგულ-პარკუჭის) ხვრელის სარქველი ბიკუსპიდურია (ორკარიანი, მიტრალური), გამავალი ხვრელისა – აორტული; მარჯვენა პარკუჭის შემავალი (წინაგულ-პარკუჭის) ხვრელის სარქველია ტრიკუსპიდული (სამკარიანი), გამავალი ხვრელისა – პულმონური. თითოეული სარქველი შედგება საგდულებისგან (კარედი), რომლებიც ცალმხრივად მოძრავი კარის მსგავსად იხსნება და იხურება. მიტრალურ სარქველს აქვს ორი კარედი, სხვა სარქვლებს (ტრიკუსპიდული, პულმონური, აორტული) – სამი. დიდი ზომის მიტრალურ და ტრიკუსპიდულ სარქვლებს უმაგრდება დამჭერები, რომლებიც შედგება დვრილისებრი კუნთებისა და ქსოვილოვანი ქორდებისგან, ისინი აკავებს სარქვლებს, ხელს უშლის მათ მოძრაობას (გახსნას) წინაგულისკენ. თუ დვრილისებრი კუნთები დაზიანებულია, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის გამო, შესაძლებელია სარქველი ზემოთ ატრიალდეს წინაგულში და სისხლი პარკუჭიდან წინაგულში გადავიდეს. თუ წინაგულ-პარკუჭის ხვრელი შევიწროებულია სარქვლის გასქელების გამო, მასში გამავალი სისხლის ნაკადი მცირდება. სარქვლის ორივე სახის დაზიანებაა შესაძლებელი – უკმარისობა და შევიწროება (სტენოზი).

გულის მუშაობის (შეკუმშვა, სისხლის გადატუმბვა) დამადასტურებელია გულისცემა. სტეთოსკოპით მოსმენისას გულისცემის პირველი ტონი ორი კომპონენტით არის წარმოდგენილი (ლუბ-დუბ). ამათგან პირველი (ლუბ) მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქვლების დახურვის ხმიანობაა, მეორე კი (დუბ) – პულმონური და აორტული სარქვლებისა. თითოეულ გულისცემას ორი ნაწილი აქვს: სისტოლა და დიასტოლა. დიასტოლისას პარკუჭები დუნდება და სისხლით ივსება. შემდგომ იკუმშება წინაგულები და სისხლის დამატებით მოცულობას გადატუმბავს პარკუჭებში. სისტოლის დროს პარკუჭები იკუმშება და გადატუმბავს სისხლს სისხლის მიმოქცევის დიდ ან მცირე წრეში, წინაგულები დუნდება და კვლავ სისხლით ივსება.

გულის ფუნქცია

გულის ერთადერთი ფუნქცია სისხლის გადატუმბვაა. გულის მარჯვენა ნახევარი სისხლს ტუმბავს ფილტვებში, სადაც სისხლი ჟანგბადით მდიდრდება და ნახშირორჟანგისგან იწმინდება. გულის მარცხენა ნახევარი სისხლს ტუმბავს სხეულის დანარჩენ ნაწილებში და ქსოვილებს ჟანგბადით გაჯერებულ სისხლს და საკვებ ნივთიერებებს აწვდის. იმავდროულად, სისხლის ნაკადს ქსოვილებიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები (მაგალითად, ნახშირორჟანგი), რომლებიც ფილტვებით და თირკმლებით გამოიყოფა სხეულიდან.

სისხლი მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: სხეულიდან წამოსული, ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობის და ჟანგბადის მცირე რაოდენობის შემცველი სისხლი ორი დიდი ვენით (ზემო და ქვემო ღრუვენები) ჩაედინება მარჯვენა წინაგულში. მარჯვენა პარკუჭის მოდუნებისას სისხლი მარჯვენა წინაგულიდან, სამკარიანი სარქვლის გავლით, მარჯვენა პარკუჭში ჩაედინება. როდესაც ეს უკანასკნელი თითქმის გაივსება, მარჯვენა წინაგული იკუმშება და პარკუჭში სისხლის დამატებით მოცულობას გადაისვრის, რის შემდეგაც მარჯვენა პარკუჭი იკუმშება და სისხლი პულმონური სარქვლის გავლით ფილტვის არტერიებში გადაიტუმბება და ფილტვებში შეაღწევს. სისხლი მიედინება ალვეოლების გარშემო განთავსებულ მცირე ზომის კაპილარებში და სწორედ აქ ხდება გაზთა ცვლა – ჟანგბადი გადადის კაპილარებში, ხოლო ნახშირორჟანგი – ალვეოლებში, საიდანაც ამოსუნთქვისას სხეულიდან გამოიდევნება.

ჟანგბადით გაჯერებული სისხლი ფილტვის ვენებით მიედინება მარცხენა წინაგულში. მარცხენა პარკუჭის მოდუნებისას სისხლი მარცხენა წინაგულიდან, მიტრალური სარქვლის გავლით, მარცხენა პარკუჭში ჩაედინება. როდესაც ეს უკანასკნელი თითქმის გაივსება, მარცხენა წინაგული იკუმშება და მარცხენა პარკუჭში სისხლის მოცულობას გადაისვრის, რის შემდეგაც მარჯვენა პარკუჭი იკუმშება (ხანდაზმულობის ასაკში მარცხენა პარკუჭი მარცხენა წინაგულის შეკუმშვამდე ვერ ივსება, რაც მარცხენა წინაგულის შეკუმშვას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის). შეკუმშვისას მარცხენა პარკუჭი სისხლს აორტული სარქვლის გავლით გადატუმბავს აორტაში, სხეულის ყველაზე დიდ არტერიაში. ეს სისხლი ჟანგბადით ამარაგებს მთელ სხეულს, გარდა ფილტვებისა.

სისხლის მიმოქცევის წრეს, რომელიც იწყება მარჯვენა პარკუჭიდან და ფილტვების გავლით მარცხენა წინაგულში მთავრდება, ფილტვისმიერი ცირკულაცია, ანუ სისხლის მიმოქცევის მცირე წრე ეწოდება. სისხლის მიმოქცევის წრეს, რომელიც იწყება მარცხენა პარკუჭიდან, აორტის გავლით მოივლის მთელ ორგანიზმს და მარჯვენა წინაგულში მთავრდება, სისტემური ცირკულაცია, ანუ სისხლის მიმოქცევის დიდი წრე ეწოდება.

გულის სისხლით მომარაგება

როგორც ყველა დანარჩენი ორგანო, გულიც საჭიროებს ჟანგბადით მომარაგებას. გულის კუნთს (მიოკარდიუმს) ჟანგბადით გაჯერებული სისხლით ამარაგებს კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიები, ხოლო ჟანგბადით გაუჯერებელი სისხლი გულის ვენებით მარჯვენა წინაგულში ბრუნდება. მარცხენა და მარჯვენა კორონარული არტერია აორტას გამოეყოფა (აორტის გულიდან გამოსვლის ადგილის სიახლოვეს) და ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიაქვს გულის კუნთისკენ. ეს ორი არტერია იტოტება და სხვა არტერიებს აძლევს დასაბამს. გულის ვენები სისხლს გულის კუნთიდან აგროვებს და მიაქვს გულის უკანა ზედაპირზე არსებულ დიდ ვენაში – კორონარულ სინუსში. ეს უკანასკნელი სისხლს მარჯვენა წინაგულში აბრუნებს. გულის შეკუმშვისას (სისტოლა) განვითარებული მაღალი წნევის გამო მიოკარდიუმში გამავალი კორონარული სისხლძარღვების სანათური იხურება, მათში სისხლის დინება წყდება. მიოკარდიუმი სისხლით მარაგდება დიასტოლის დროს, როცა კედლები მოდუნებულია და კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის დინება აღდგენილია.

გულის მუშაობის რეგულაცია

გულის კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვა ორგანიზებული და ზედმიწევნით კონტროლირებული პროცესია. რიტმული ელექტრული იმპულსები გულში ვრცელდება ზუსტად განსაზღვრული გზით, თანამიმდევრობით და სიჩქარით. იმპულსები აღმოცენდება გულის რიტმის წამყვანიდან – პეისმეკერიდან (სინუსის ან სინოატრიული კვანძი), რომელიც მიოკარდიუმის ელექტრული იმპულსის წარმოქმნის უნარის მქონე მცირე უბანია.

სიხშირე, რომლითაც რიტმის წამყვანი (პეისმეკერი) გზავნის იმპულსებს და, შესაბამისად, მართავს გულისცემის რიტმს, განისაზღვრება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტის მქონე სისტემით, სახელდობრ: სიმპათიკური (აჩქარებს გულისცემის რიტმს) და პარასიმპათიკური (ანელებს გულისცემის რიტმს) ნერვული სისტემებით. სიმპათიკური ნერვული სისტემა მოქმედებს ნერვების ქსელის მეშვეობით, რომელსაც სიმპათიკური წნული ეწოდება და ჰორმონების – ეპინეფრინის (ადრენალინი) და ნორეპინეფრინის (ნორადრენალინი) მეშვეობით. ამ ჰორმონებს თირკმელზედა ჯირკვლები და ნერვული დაბოლოებები გამოყოფენ. პარასიმპათიკური ნაწილი მოქმედებს ცდომილი ნერვის საშუალებით, რომელიც გამოყოფს ნეირომედიატორს (ნეიროტრანსმიტერი) – აცეტილქოლინს.