1. სისხლძარღვები
  2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოლოგია
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
სისხლძარღვები

ადამიანის სხეულში 5 ძირითადი ტიპის სისხლძარღვებია: არტერიები, არტერიოლები, კაპილარები, ვენულები და ვენები. სხეულში სისხლის მიმოქცევას სწორედ ეს სისხლძარღვები უზრუნველყოფს. არტერიები ყველაზე მკვიდრი, დრეკადი, ელასტიკური სისხლძარღვებია, რომელთაც სისხლი გულიდან მთელ სხეულში მიაქვს. არტერიებში ყველაზე მაღალი სისხლის წნევაა, რომელსაც მათი ელასტიკური კედელი არეგულირებს. არტერიები იტოტება წვრილ სისხლძარღვებად – არტერიოლებად. არტერიებს და არტერიოლებს აქვთ კუნთოვანი კედლები, რომელთა შეკუმშვითა და მოდუნებით რეგულირდება (სისხლზე მოთხოვნის შესაბამისად) მათი დიამეტრი და, შესაბამისად, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის სისხლით მომარაგება.

კაპილარები წვრილი, ერთშრიანი კედლის მქონე სისხლძარღვებია რომლებიც წარმოადგენს ხიდს არტერიებსა (სისხლი გულიდან მიაქვს) და ვენებს (სისხლი გულისკენ მიაქვს) შორის. კაპილარების თხელი კედლები ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს სისხლიდან ქსოვილებში ატარებს, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს – ქსოვილებიდან სისხლში.

სისხლი კაპილარებიდან გადადის ძალიან წვრილ ვენებში – ვენულებში, შემდეგ ვენებში, რომლებიც გულისკენ მიემართება. ვენებს ბევრად თხელი კედელი აქვს, ვიდრე არტერიებს, რადგან წნევა ვენებში ბევრად ნაკლებია. ვენებს შეუძლია გაფართოება (დილატაცია) მათში სისხლის მოცულობის მატების საპასუხოდ. ზოგიერთ ვენას (ქვედა კიდურის ვენებს) აქვს სარქვლები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის უკუდინებას. ამ სარქვლების უკმარისობის დროს ვითარდება ვენების დაავადება – მათი გაფართოება, გაჭიმვა და დეფორმაცია. დეფორმირებულ და გაფართოებულ კანქვეშა, ზედაპირულ ვენებს ვარიკოზული ვენები ეწოდება.

სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევისას (გასკდომა, გაჭრა და ა.შ.) სისხლდენა ვითარდება. თუ სისხლი სხეულის გარეთ იღვრება, ამას გარეგან სისხლდენას უწოდებენ. შინაგანი სისხლდენის დროს სისხლი სხეულში იღვრება, ორგანოების ირგვლივ არსებულ სივრცეში ან უშუალოდ ორგანოებში.