გულის წასვლა (სინკოპე) გონების უეცარი, ხანმოკლე დაკარგვაა.
გულის წასვლა სისხლის ნაკადის დროებით შემცირების გამო თავის ტვინის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით არაადეკვატური მომარაგების შედეგია. ეს უკანასკნელი წნევის დაცემისას საკომპენსაციო მექანიზმების ამოქმედების შეფერხებით არის გამოწვეული.
გულის წასვლის ძირითადი მიზეზია თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რაც უხშირესად ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხებით არის გამოწვეული. სისხლის მიწოდების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს გულის დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც აფერხებს სისხლის გულისკენ მოძრაობას. შესაბამისად, მცირდება თავის ტვინში (ისევე, როგორც სხვა ორგანოებში) სისხლის მიდენა.
უფრო იშვიათად, თავის ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხება გამოწვეულია ტვინის ფუძეზე მდებარე სისხლძარღვების დაზიანებით. გონების დაკარგვის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კრუნჩხვა, რაც გულის წასვლად არ შეიძლება ჩაითვალოს. პაციენტებს და ექიმებს ხშირად უჭირთ მათი ერთმანეთისგან გარჩევა. დიაგნოზისთვის პაციენტის გულდასმით გამოკვლევაა საჭირო.
გულის კუმშვადობის დაქვეითებით გამოწვეული პრობლემები: გულის წასვლა შეიძლება გულის კუმშვადობის დარღვევის შედეგი იყოს, როცა გულს არ შეუძლია ნორმული სისხლის წნევის შესანარჩუნებლად სისხლის საკმარისი რაოდენობის გადატუმბვა. მაგალითად, არითმიის, გულის სარქვლების დაზიანების დროს გულის კუმშვითი ფუნქცია ქვეითდება. ამ დროს პაციენტები მოსვენებულ მდგომარეობაში თავს კარგად გრძნობენ, გულის წასვლა ან გულის წასვლის შეგრძნება ვითარდება ფიზიკური დატვირთვისას, როცა გული, კუმშვადობის დაქვეითების გამო, ვეღარ ამარაგებს ორგანიზმს სისხლის ადეკვატური მოცულობით. ამ სახის გულის წასვლას დატვირთვის ან დაძაბვის სინკოპე ეწოდება. სინკოპე შეიძლება განვითარდეს ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ. ვარჯიშის დროს გულის შეკუმშვათა სიხშირე იზრდება, რაც სათანადო არტერიული წნევის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ გულის შეკუმშვათა სიხშირე (შესაბამისად, წუთმოცულობაც) მცირდება, კუნთების სისხლძარღვები კი გაფართოებული რჩება (ვარჯიშის დროს ფართოვდება კუნთების არტერიოლები, რათა დაკმაყოფილდეს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებზე კუნთების გაზრდილი მოთხოვნილება; ვარჯიშის დროს გაზრდილი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი დაშლის პროდუქტების მოცილების უზრუნველსაყოფად ფართოვდება ვენებიც). შესაბამისად, მკვეთრად ქვეითდება არტერიული წნევა და ადამიანს გული მისდის.
ფიზიკური დატვირთვის დროს გულის წასვლა დამახასიათებელია გულის ისეთი დაავადებებისთვისაც, როგორიცაა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია. იგივე შეიძლება მოხდეს აორტის სარქვლის მკვეთრი შევიწროების (სტენოზის) დროს. აღნიშნული დაავადებები როგორც ახალგაზრდების, ისე ხანდაზმულების ხვედრია, განსაკუთრებით იმ პირებისა, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აქვთ. მკურნალობის გარეშე პროგნოზი ფატალურია.
სისხლის მოცულობის შემცირება: გულის წასვლა სისხლდენის ან დეჰიდრატაციის შედეგად სისხლის მოცულობის მკვეთრად შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს. დეჰიდრატაცია დიარეის (ფაღარათი), ჭარბი ოფლიანობის, სითხის არაადეკვატური რაოდენობის მიღების, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფის (ხშირია არანამკურნალები დიაბეტის და ადისონის დაავადების დროს) შედეგად ვითარდება. მოხუცებულებში დეჰიდრატაცია ხშირად შარდმდენი პრეპარატების გამოყენების შედეგია, განსაკუთრებით თბილ ამინდში ან ისეთი თანმხლები დაავადების დროს, როცა საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება გაძნელებულია. შარდმდენი პრეპარატები ხელს უწყობს თირკმლების მიერ წყლისა და მინერალების გამოყოფას, ზრდის გამოყოფილი შარდის რაოდენობას და, შესაბამისად, ამცირებს ორგანიზმში სითხის მოცულობას.
ცდომილი ნერვის სტიმულაცია: გულის წასვლას იწვევს ცდომილი ნერვის (აინერვირებს კისრის, გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოებს) სტიმულაცია. ამ დროს მცირდება გულისცემის სიხშირე, აღინიშნება გულისრევა, ცივი, წებოვანი ოფლი. ამ ტიპის გულის წასვლას ვაზოვაგალური (ვაზომოტორული) სინკოპე ეწოდება.
ცდომილი ნერვის სტიმულაცია ტკივილის, შიშის, სტრესის (მაგალითად, სისხლის დანახვა), ღებინების, ნაწლავების მოქმედების, შარდვის დროს შეიძლება განვითარდეს. გულის წასვლას შარდვისას ან შარდვის დამთავრებისთანავე შარდვის სინკოპედ მოიხსენიებენ. იშვიათად სინკოპე ენერგიული ყლაპვის დროს აღინიშნება, რისი მიზეზიც აგრეთვე ცდომილი ნერვის სტიმულაციაა.
სისხლის ნაკადის შემცირება: სხეულის დაძაბვისას მცირდება გულისკენ სისხლის უკუდინება. მაგალითად, ხველის დროს განვითარებული დაძაბულობა ამცირებს სისხლის გულისკენ მიდენას და ვითარდება ხველის სინკოპე. შარდვა და მსხვილი ნაწლავის მოქმედებაც ზრდის დაძაბვას (ცდომილი ნერვის გაღიზიანებასთან ერთად). მაგალითად, ხანდაზმულ მამაკაცებს ჰიპერტროფირებული პროსტატის გამო შარდვის დროს გაჭინთვა უწევთ. სინკოპე შეიძლება განვითარდეს სიმძიმის აწევით გამოწვეული დაძაბვისას, თუ ამ დროს სუნთქვა ადეკვატური არ არის.
სისხლის წნევით გამოწვეული პრობლემები: გულის წასვლას სწრაფად წამოჯდომის ან ფეხზე წამოდგომის შედეგად ორთოსტაზური (პოსტურული) სინკოპე ეწოდება. ის განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში და გამოწვეულია ორთოსტაზური ჰიპოტენზიით, რომლის დროსაც ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას საკომპენსაციო მექანიზმები (სისხლძარღვების შევიწროება და გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა) ადეკვატურად არ რეაგირებს სხეულის პოზიციის შეცვლაზე, სისხლი მიზიდულობის ძალის გავლენით მიედინება ქვემო კიდურების ვენებში, რის გამოც წნევა ეცემა.
მსგავსი მექანიზმი უდევს საფუძვლად სიცხეში სააღლუმო მოედანზე ადამიანის დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე დგომისას გულის წასვლას. ამ დროს წვივის კუნთების უმოქმედობის გამო, შეფერხებულია სისხლის გულისკენ უკუდინება, სისხლი გროვდება ქვედა კიდურებში და წნევა ეცემა.
ხანდაზმულებში გულის წასვლა შეიძლება განვითარდეს საკვების მიღების შემდეგ წნევის დაცემის გამო (პოსტპრანდიული ჰიპოტენზია).
სხვა პრობლემები: გულის წასვლა შეიძლება განვითარდეს ძლიერი აგზნებით გამოწვეული სწრაფი სუნთქვის (ჰიპერვენტილაცია) დროს. ასეთი სახის გულის წასვლას ჰიპერვენტილაციური სინკოპე ეწოდება. ჰიპერვენტილაციის დროს სხეულიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი. ორგანიზმში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის დაქვეითება იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებას, რაც, თავის მხრივ, გულის წასვლის შეგრძნებას ან გულის წასვლას განაპირობებს.
იშვიათად გულის წასვლა მსუბუქი იშემიური ინსულტითარის გამოწვეული, როცა ტვინის რომელიმე უბანზე (ფუძეზე) ხანმოკლედ, უეცრად ფერხდება სისხლის მიწოდება. ამ სახის გულის წასვლა ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირია.
სინკოპე შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების ნაკლებობამ (ანემია), ფილტვის დაავადებებმა, სისხლში შაქრის კონცენტრაციის შემცირებამ (ჰიპოგლიკემია), დიაბეტმა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა საკომპენსაციო მექანიზმები დარღვეულია.
გულის წასვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი მედიკამენტი, სახელდობრ: ანტიჰიპერტენზიული, გულის უკმარისობის და გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები. ამ წამლების დოზა გულდასმით უნდა შეირჩეს; ოპტიმალურმა დოზამ არ უნდა გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი და სწრაფი დაქვეითება.
გულის წასვლას ხშირად წინ უძღვის გაბრუება და თავბრუხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ფეხზე დგას. თუ დაეცა, არტერიული წნევა იმატებს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ სისხლს აღარ უწევს მიზიდულობის ძალის წინააღმდეგობის დაძლევა და ადვილად მიედინება თავის ტვინისკენ, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ მოიხსნა ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი. ამ შემთხვევებში სწრაფად წამოდგომამ შეიძლება გულის წასვლა განმეორებით გამოიწვიოს.
როდესაც გულის წასვლის მიზეზი გულის რიტმის დარღვევაა (არითმია), ის უეცრად იწყება და ძალიან სწრაფად სრულდება, გულის წასვლამდე ადამიანი გულის ფრიალს (გულისცემის აჩქარება) გრძნობს.
ვაზოვაგალური სინკოპე ვითარდება როგორც დამჯდარ მდგომარეობაში, ისე ფეხზე დგომისას. ხშირად მას წინ უძღვის გულისრევა, სისუსტე, მთქნარება, მხედველობის დაბინდვა და ოფლიანობა. კანი ცივია, წებოვანი, გამოხატულია ძლიერი სიფერმკრთალე, გულის შეკუმშვათა სიხშირე მცირდება და, საბოლოოდ, ყოველივე ზემოხსენებულს გულის წასვლა მოჰყვება.
გულის წასვლა, რომელიც თანდათან ვითარდება, გამაფრთხილებელი სიმპტომების წინსწრებით, ასევე თანდათანობით მთავრდება. ამ დროს სისხლში ქვეითდება გლუკოზის (ჰიპოგლიკემია) ან ნახშირორჟანგის კონცენტრაცია (ჰიპოკაპნია). ჰიპოკაპნიას ხშირად წინ უსწრებს თითებში და ტუჩების ირგვლივ ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება.
ექიმები ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ გულის წასვლის გამომწვევი მიზეზი, რადგან ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. არითმია, აგრეთვე, აორტის სარქვლის სტენოზი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. სხვა მიზეზები ნაკლებად სერიოზული და სახიფათოა.
სიმპტომების ზუსტი აღწერა ეხმარება ექიმს გამომწვევი მიზეზის სწორად განსაზღვრაში. მნიშვნელოვანია გულის წასვლის დროს იქ მყოფი პირების მონათხრობი. განსაკუთრებით სახიფათოა გულის წასვლის ისეთი შემთხვევები, რომელთაც წინ არ უძღვის რაიმე გამაფრთხილებელი სიმპტომები (განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს), თან ახლავს ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში, იწვევს ტრავმას (დაზიანებებს) ან გამოვლინდება პაციენტის გასინჯვისას, რომელსაც აღმოაჩნდა ესა თუ ის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური დარღვევა. ექიმისთვის მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, აქვს თუ არა პაციენტს ესა თუ ის დაავადება და რა მედიკამენტებს (ექიმის მიერ გამოწერილს თუ რეცეპტის გარეშე შეძენილს) იყენებს.
თუ გულის წასვლა ემოციური სტრესის დროს განვითარდა ან მას წინ უძღვის ვაზოვაგალური სინკოპეს სიმპტომები (გულისრევა, ოფლიანობა, ცივი და წებოვანი კანი, სიფერმკრთალე), ის არ ითვლება სერიოზულ მოვლენად და მრავალმხრივი სადიაგნოზო პროცედურები და მკურნალობა იშვიათად არის საჭირო.
ხშირად ექიმები ელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას უტარებენ პაციენტს გულის ელექტრული აქტივობის რეგისტრაციის, გულის ამა თუ იმ პათოლოგიის გამოვლენის მიზნით. გამოიყენება ხანგრძლივი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგი, რისთვისაც პაციენტს სხეულზე უმაგრებენ სპეციალურ მოწყობილობას (ჰოლტერის მონიტორი), რომელიც გულის ელექტრულ აქტივობას 24 საათის განმავლობაში (შეიძლება უფრო ხანგრძლივადაც) იწერს, პაციენტის ჩვეული, ყოველდღიური აქტივობის ფონზე. მიღებული შედეგების ანალიზისას, თუ გამოირკვა, რომ გულის წასვლა დროში დაემთხვა რიტმის ამა თუ იმ დარღვევას, მაშინ ეს უკანასკნელი სავარაუდოდ (და არა აუცილებლად) სინკოპეს მიზეზად ჩაითვლება.
სხვა სადიაგნოზო პროცედურით, სახელდობრ, ექოკარდიოგრაფიით (ულტრაბგერითი გამოკვლევა), გულის ვიზუალური დათვალიერება და მასში სტრუქტურული და ფუნქციური დარღვევების გამოვლენაა შესაძლებელი. სისხლის ანალიზით შეიძლება აღმოჩნდეს ჰიპოგლიკემია ან ანემია.
დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია მკაფიო ზღვრის გავლება გულის წასვლასა და გულყრას შორის, ვინაიდან მათი მიზეზები და მკურნალობა განსხვავებულია. მოხსენიებულისთვის ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) გამოიყენება, რომელიც არეგისტრირებს თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას. გულყრის შემდეგ გონზე მოსვლის პროცესი უფრო ხანგრძლივია, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში პაციენტი მთვლემარე მდგომარეობაში იმყოფება.
დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმს შეუძლია უსაფრთხო გარემოში გამოიწვიოს გულის წასვლის ეპიზოდი. მაგალითად, პაციენტს შეიძლება შესთავაზოს სწრაფად და ღრმად სუნთქვა; ან ელექტროკარდიოგრამის ჩაწერის დროს ექიმს შეუძლია ფრთხილად განახორციელოს ზეწოლა კაროტიდულ სინუსებზე (შიგნითა საძილე არტერიაში არსებული ბარორეცეპტორები, რომლებიც აკონტროლებს სისხლის წნევას). ზეწოლის შედეგად სისხლის წნევა საძილე არტერიაში მატულობს, რეცეპტორები სათანადო სიგნალს თავის ტვინს გადასცემენ და წნევა მცირდება, რამაც გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა შეიძლება გამოიწვიოს.
მოძრავი მაგიდის (დახრილი) ტესტი ძირითადად გამოიყენება უცნობი ეტიოლოგიის სინკოპეს მიზეზის დასადგენად. პაციენტს დააფიქსირებენ (მიაბამენ) დახრილ (მოძრავ) მაგიდაზე. მაგიდა იწყებს მოძრაობს და ჩერდება ვერტიკალურ მდგომარეობაში, ისე თითქოს პაციენტი დგას (თითქმის). ეს 45 წუთის განმავლობაში გრძელდება. გამოკვლევის დროს მუდმივად იწერება არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვების სიხშირის მაჩვენებელი. თუ სისხლის წნევა არ შემცირდება, პაციენტს აძლევენ იზოპროტერენოლს (გულის სტიმულაციისთვის) და იმეორებენ ტესტს. ამ მედიკამენტის გამოყენება გამოკვლევას უფრო მგრძნობიარეს ხდის.
გულის წასვლის დროს პაციენტი უნდა გადავიყვანოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ფეხების მაღლა აწევა დააჩქარებს გონზე მოსვლის პროცესს, ვინაიდან გაიზრდება სისხლის გულისა და თავის ტვინისაკენ მიდენა. სწრაფად წამოჯდომის, წამოდგომის შემთხვევაში სინკოპე შეიძლება გამეორდეს. სრულ გაუმჯობესებამდე პაციენტი მწოლიარე მდგომარეობაში უნდა დარჩეს.
გულისცემის სიხშირის მკვეთრად შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია რიტმის ხელოვნური წამყვანის (პეისმეიკერის) ქირურგიული იმპლანტაცია. მოხსენიებული ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც გულის შეკუმშვის სტიმულაციას ახდენს. გულის შეკუმშვათა სიხშირის მკვეთრად მომატების შემთხვევაში გამოიყენება მედიკამენტები, მაგალითად ბეტა-ბლოკერები (როგორიცაა ატენოლოლი ან მეტოპროლოლი) რომლებიც გულისცემის სიხშირეს ამცირებს. არითმიის დროს (არარეგულარული რიტმი) დეფიბრილატორის იმპლანტაციით შეიძლება მკურნალობა.
გულის წასვლის სხვა მიზეზების (ჰიპოგლიკემია და ანემია) მკურნალობაც შესაძლებელია. თუ სისხლის მოცულობა მკვეთრად არის შემცირებული, პაციენტს ინტრავენურად სითხეს უსხამენ. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია გულის სარქვლების დაზიანების დროს.