ორთოსტაზური ჰიპოტენზია არის ფეხზე წამოდგომისას სისხლის არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება, რის გამოც თავის ტვინისკენ სისხლის მიდენა მცირდება და თავბრუხვევა ან გულის წასვლა ვითარდება.
ორთოსტაზური ჰიპოტენზია განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულ ასაკში. ის არ მიიჩნევა ცალკე, დამოუკიდებელ დაავადებად, ის წნევის ცვლილებაზე სწრაფი რეაგირების უნარის არქონაა. ფეხზე უცებ წამოდგომის შემთხვევაში, გრავიტაციის ზეგავლენით, სისხლი ქვედა კიდურებში გროვდება. ამის შედეგად მცირდება გულისკენ მიდენილი და, შესაბამისად, გულიდან გადმოტუმბული სისხლის მოცულობა, ეცემა წნევა. ნორმაში ორგანიზმი სწრაფად რეაგირებს წნევის დაცემაზე – იზრდება გულის შეკუმშვების სიხშირე და ძალა, გულის წუთმოცულობა, ვიწროვდება არტერიოლები (მცირე ზომის არტერიები), რაც სისხლის ნაკადის მიმართ სისხლძარღვების რეზისტენტობის გაზრდას იწვევს. თუ ეს საკომპენსაციო მექანიზმები დარღვეულია ან ძლიერ შენელებული, რაც ხშირია მოხუცებში, ვითარდება ორთოსტაზური ჰიპოტენზია.
ორთოსტაზური ჰიპოტენზია ვითარდება ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როცა არტერიული წნევის მარეგულირებელი საკომპენსაციო მექანიზმები თავის ფუნქციას ვეღარ უმკლავდება დაავადების, წამლის ან ორგანიზმის დაბერებასთან დაკავშირებული ცვლილებების გამო.
ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, რიტმის დარღვევის, სარქვლების დაზიანების დროს დაქვეითებულია გულის უნარი, გაზარდოს წუთმოცულობა ადამიანის ფეხზე წამოდგომისას. ანალოგიურად, ასაკის მატებასთან (დაბერება) ერთად, მცირდება გულისუნარი, ფეხზე წამოდგომისას გაზარდოს გულისცემის სიხშირე და, შესაბამისად, წუთმოცულობა.
ზოგიერთი მდგომარეობის დროს ორთოსტაზური ჰიპოტენზია სისხლის მოცულობის შემცირების ხარჯზე ვითარდება. მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის დროს შარდმდენების გამოყენება ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას და სისხლის მოცულობის შემცირებას იწვევს. ამ პრეპარატების მაღალი დოზით ხმარებისას ორთოსტაზური ჰიპოტენზია ხშირია. სისხლის მოცულობის შემცირების სხვა მიზეზი შეიძლება იყოს სისხლდენა, ძლიერი და ხანგრძლივი ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა, მომატებული შარდვა (ხშირია არანამკურნალები დიაბეტის და ადისონის დაავადების დროს).ხანდაზმულ ადამიანებში ამა თუ იმ დაავადებით გამოწვეული დეჰიდრატაცია სისხლის მოცულობის შემცირების გამო ორთოსტაზური ჰიპოტენზის ხშირი მიზეზია. ავადმყოფ ადამიანს, სხვისი დახმარების გარეშე, უჭირს საჭირო რაოდენობით სითხის მიღება, გარდა ამისა, ავადმყოფობის დროს წვივის კუნთები რეგულარულად არ იტვირთება, რის შედეგადაც სისხლი ქვედა კიდურების ვენებში გროვდება, მცირდება მისი გულისკენ მიდენა. შესაბამისად, მცირდება სისხლის წნევა.
ზოგჯერ ორთოსტაზური ჰიპოტენზია ვითარდება არტერიოლებისა და ვენების დილატაციის ხარჯზე. მაგალითად სისხლძარღვების გამაფართოებელი (ვაზოდილატატორების) მედიკამენტების, სახელდობრ ნიტრატების, კალციუმის არხების ბლოკერების, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერების, ალფა-ბლოკერების, ანტიდეპრესანტების მიღების დროს. იმავე ეფექტს იწვევს ალკოჰოლი.
დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ამილოიდოზი, ზურგის ტვინის ტრავმა იწვევს იმ ნერვების დაზიანებას, რომლებიც არეგულირებს სისხლძარღვების სანათურის დიამეტრის ზომას. ვენები ფართოვდება ტემპერატურის მომატების დროსაც (ცხელი დღე, ზედმეტად თბილი ტანსაცმელი და ა.შ.).
გადაღლა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა (რომელიც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს), საკვების ჭარბად მიღება (იზრდება ნაწლავებისკენ სისხლის მიდენა) აგრეთვე შეიძლება გახდეს ორთოსტაზური ჰიპოტენზიის მიზეზი.
ორთოსტაზური ჰიპოტენზიის კლინიკური ნიშნებია საწოლიდან სწრაფი წამოდგომის ან სკამიდან ადგომის დროს გულის წასვლა ან გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუხვევა, ცნობიერების დაბინდვა, გაბრუება, მხედველობის გაბუნდოვნება. აღნიშნული სიმპტომები უფრო მკვეთრად არის გამოხატული, თუ ადამიანი დაღლილია, მიღებული აქვს ალკოჰოლი ან დიდი რაოდენობით ძნელად მოსანელებელი საკვები. თავის ტვინის სისხლით მომარაგების მკვეთრად შემცირება შეიძლება გულის წასვლის მიზეზი გახდეს.
ზემოთ ჩამოთვლილი სავარაუდოს ხდის ორთოსტაზური ჰიპოტენზიის არსებობას. დიაგნოზს ადასტურებს სისხლის წნევის დაქვეითება პაციენტის ფეხზე დგომის დროს და მისი ნორმალიზება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლის შემდეგ. გამომწვევი მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია, მასზე დიდად არის დამოკიდებული მკურნალობის მეთოდები და დაავადების პროგნოზი.
თუ ორთოსტაზური ჰიპოტენზიის მიზეზის მკურნალობა შეუძლებელია, სიმპტომების შესამსუბუქებლად ან აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღებაა საჭირო. მაგალითად, პაციენტი უნდა მოერიდოს სწრაფად წამოჯდომას ან ფეხზე წამოდგომას, დიდხანს ფეხზე დგომას; საწოლიდან და სკამიდან ნელა უნდა ადგეს. ქვედა კიდურების ვენებში სისხლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად ეფექტურია წელამდე ელასტიკური წინდების გამოყენება. თუ ორთოსტაზური ჰიპოტენზია საწოლში ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ განვითარდა, საწოლში წამოჯდომის დრო ყოველდღიურად თანდათან უნდა გაიზარდოს.
სისხლის მოცულობის მუდმივობის შესანარჩუნებლად ორთოსტაზური ჰიპოტენზიის მქონე პირმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს სითხე, შეამციროს ან აღკვეთოს ალკოჰოლის გამოყენება. თუ პაციენტს არ აქვს გულის უკმარისობა ან არტერიული ჰიპერტენზია, რეკომენდებულია საკვებში მარილის უხვად გამოყენება ან მარილის ტაბლეტების მიღება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ვინაიდან მარილის ჭარბი მოხმარება ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, გულის უკმარისობას იწვევს. იმ პირებისთვის რომელთაც ორთოსტაზური ჰიპოტენზიის სიმპტომები მძიმედ აქვთ გამოხატული, სისხლის მოცულობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია სითხის შემაკავებელი ჰორმონების, მაგალითად, ფლუდროკორტიზონის მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ეს ჰორმონი ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკს იმ პირებისთვის, რომელთაც გულის დაავადება აქვთ. ფლუდროკორტიზონის გამოყენება შარდთან ერთად კალიუმის ჭარბი რაოდენობის გამოყოფას იწვევს, ამიტომ ამ პაციენტებისთვის კალიუმის შემცველი პრეპარატების მიცემაა საჭირო. ფლუდროკორტიზონთან ერთად შეიძლება მიდოდრინის დანიშვნა, რომელიც წნევის დაქვეითების თავიდან აცილების საშუალებაა. მიდოდრინი ავიწროებს არტერიოლებს, რაც ამცირებს არტერიებში სისხლის მოცულობას და ზრდის რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ.
სისხლის მოცულობის ნორმული მაჩვენებლის შენარჩუნება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, ორთოსტაზური ჰიპოტენზიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, შეზღუდულია ან აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება. მათ, ვისაც გულის უკმარისობა ან არტერიული ჰიპერტენზია არ აწუხებთ, შეუძლიათ შეუზღუდავად გამოიყენონ მარილი საკვებში ან მიიღონ ტაბლეტების სახით. ამ დროს საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა, რადგან მარილის მაღალი შემცველობით კვებამ შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით ხანდაზმულებშია გასათვალისწინებელი. პაციენტებმა, რომელთაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ, უნდა მიიღონ ჰორმონები (მაგალითად, ფლუდროკორტიზონი), რომლებიც მარილის რეტენციას და სისხლის მოცულობის გაზრდას იწვევს. ამ ჰორმონების მიღებაც ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და გულის დაავადების მქონე პირებში. ფლუდროკორტიზონის გამოყენებისას კალიუმი ჭარბი რაოდენობით იკარგება; დანაკარგის ჩასანაცვლებლად კალიუმის მიღებაა საჭირო. ფლუდროკორტიზონთან მიდოდრინის კომბინაცია თავიდან აგვაცილებს არტერიული წნევის ვარდნას. მიდოდრინი ავიწროებს არტერიოლებს, აქვეითებს მათ ტევადობას და ზრდის სისხლძარღვების რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ. თუ აღნიშნული მეთოდები უეფექტო გამოდგა, საჭიროა სხვა მედიკამენტების (როგორიცაა, პინდოლოლი და კლონიდინი) გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა გზით ამცირებს ორთოსტაზურ ჰიპოტენზიას. მოხსენიებული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო მათი მიღება ხშირად არასასურველია, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებისთვის.