პოსტპრანდიული ჰიპოტენზია არის საკვების მიღების შემდეგ სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება.
პოსტპრანდიული ჰიპოტენზია აქვს ხანდაზმული პირების ერთ მესამედს, ახალგაზრდებს – თითქმის არასოდეს. ის ხშირია არტერიული ჰიპერტენზიის დროს და იმ პირებს შორის, რომელთაც თავის ტვინში ავტონომიური ნერვული სისტემის მაკონტროლებელი ცენტრების (არეგულირებენ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს) დაზიანებით მიმდინარე დაავადებები აქვთ. ასეთებია: პარკინსონის დაავადება, მრავლობითი სისტემური ატროფია (შაი-დრეიჯერის სინდრომი), დიაბეტი.
საკვების მონელებისას ნაწლავი სისხლის დიდ რაოდენობას საჭიროებს; ნაწლავისკენ სისხლის მიდენის გაზრდის საპასუხოდ გულისცემის სიხშირე იმატებს, სხეულის სხვა ნაწილებში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც არტერიული წნევის მაჩვენებლების ნორმის ფარგლებში შენარჩუნების წინა პირობაა. ხანდაზმულ ადამიანებში ეს მარეგულირებელი მექანიზმები ხშირად არაადეკვატურად ფუნქციონირებს. სისხლის მიდენა ნაწლავებისკენ უფრო ინტენსიური ხდება, მაგრამ გულისცემის სიხშირე ადეკვატურად არ იზრდება, სისხლძარღვები სათანადოდ არ ვიწროვდება და სისხლის წნევა ქვეითდება.
პოსტპრანდიულმა ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუხვევა, გაბრუება, გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა. თუ ხანდაზმულ ადამიანს ეს სიმპტომები საკვების მიღების შემდეგ აღენიშნება, საჭიროა წნევის გაზომვა საკვების მიღებამდე და მის შემდეგ, რათა განისაზღვროს, არის თუ არა პოსტპრანდიული ჰიპოტენზია ზემოთ მოხსენიებული სიმპტომების მიზეზი.
პოსტპრანდიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებმა საკვების მიღებამდე არ უნდა მიიღონ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, საკვების მიღების შემდეგ უნდა წამოწვნენ.
დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მცირე დოზით გამოყენება, აგრეთვე ნახშირწყლებით ღარიბი საკვების მცირე ულუფებად მიღება. საკვების მიღების შემდეგ ფეხით გასეირნება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, თუმცა წნევა შეიძლება სეირნობის შეწყვეტისთანავე დაეცეს. სამკურნალოდ რეკომენდებულია საკვების მიღებამდე ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა (აას), რომლებიც მარილს აკავებს და ზრდის სისხლის მოცულობას. კოფეინი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. მისი მიღება მხოლოდ საუზმემდეა რეკომენდებული, რომ პაციენტს ძილი არ დაერღვეს და პრეპარატისადმი ტოლერანტობა არ განუვითარდეს. თუ ზემოთ მოხსენებული სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, მკურნალობა უშედეგოა და პაციენტი საავადმყოფოშია მოთავსებული, გამოიყენება მედიკამენტ ოქტრეოტიდის ინექციები. პრეპარატი ამცირებს ნაწლავისკენ მიდენილი სისხლის მოცულობას.