პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია | მკურნალი.გე
  1. პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია

სუპრავენტრიკულური (პარკუჭზედა, წინაგულოვანი) პაროქსიზმული ტაქიკარდია გულის რეგულარული, ხშირი შეკუმშვებია (160-დან 220-მდე წუთში). ის მოულოდნელად იწყება და სრულდება; პათოლოგიური პროცესი დასაბამს იღებს გულის პარკუჭებს გარეთ მდებარე ქსოვილებში.

  • პაციენტების უმრავლესობას აქვს გულის ფრიალი, სუნთქვის აჩქარება და ტკივილი გულმკერდის არეში;

  • ტაქიკარდიის ეპიზოდი შესაძლოა შეწყდეს ცდომილი ნერვის მასტიმულირებელი მანევრების შესრულებით – გულისცემის სიხშირე მცირდება;

  • პაროქსიზმის აღკვეთისთვის ზოგჯერ მედიკამენტებია საჭირო.

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია ახალგაზრდებში უფრო ხშირია, ამასთან, ის უფრო არასასიამოვნოა, ვიდრე საშიში. ტაქიკარდია შეიძლება დაიწყოს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს.

პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის შესაძლო მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს გულის ნაადრევი შეკუმშვები, რომლებიც ხშირად არის გულისცემის გახშირების მიზეზი. ეს განმეორებითი სწრაფი შეკუმშვები სხვადასხვა ანომალიით შეიძლება იყოს გამოწვეული, სახელდობრ: ატრიოვენტრიკულურ კვანძში ელექტრული იმპულსის გამტარი ორი გზის არსებობით (არითმია, რომელიც იწოდება ატრიოვენტრიკულურ რეენტრი სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიად); შესაძლებელია ანომალიური ელექტული გამტარი გზა წინაგულსა და პარკუჭებს შორის (არითმია, რომელიც იწოდება ატრიოვენტრიკულურ, რეციპოკულ სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიად); ბევრად უფრო იშვიათია, როცა წინაგულს შეუძლია არანორმალურად სწრაფი ან წრიულად მოცირკულირე იმპულსების გენერირება (არითმია იწოდება ჭეშმარიტ პაროქსიზმულ წინაგულოვან ტაქიკარდიად).

გულისცემის აჩქარება უეცრად იწყება და სწრაფად სრულდება. ის შეიძლება რამდენიმე წუთი ან რამდენიმე საათი გაგრძელდეს, ყოველთვის იწვევს გულის ფრიალის შეგრძნებას, თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა სისუსტე, თავბრუხვევა და ცნობიერების დაბინდვა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდში. დიაგნოზი ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) გამოკვლევის შედეგებს.

მკურნალობა

სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის ეპიზოდი შეიძლება შეწყდეს ვაგუსის სტიმულაციის მანევრებით, რომლებიც ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. მანევრებს ექიმი ატარებს ან ასწავლის მათ ჩატარებას პაციენტებს, რომლებსაც ტაქიკარდიის განმეორებითი ეპიზოდები აქვთ. ვაგუსის სტიმულაცია შესაძლებელია შემდეგი ქმედებით: გაჭინთვა, მსგავსად გაძნელებული ნაწლავების მოქმედებისა, კისრის მიდამოს დაზელა ქვედა ყბის კუთხესთან (კაროტიდული სინუსის არე), ყინულივით ცივი წყლის შესხმა სახეში. აღნიშნული მანევრები უფრო ეფექტურია, თუ არითმიის დაწყებიდან მოკლე ხანში ტარდება.

თუ მანევრები უშედეგო აღმოჩნდა, არითმიას ახლავს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და ის 20 წუთზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება. არითმიის შეწყვეტა სწრაფად არის შესაძლებელი ადენოზინის ან ვერაპამილის ინტრავენურად შეყვანით. ეს მკურნალობა ზოგჯერ არაეფექტურია; ასეთ შემთხვევებში მიმართავენ კარდიოვერსიას (ელექტრული შოკი).

სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის პრევენცია გაცილებით რთულია, ვიდრე მკურნალობა, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომელთა გამოყენება შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს. ესენია: ბეტა-ბლოკერები, დიგოქსინი, დილთიაზემი, ვერაპამილი, პროპაფენონი და ფლეკაინიდი.

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ ბოლო ხანებში პათოლოგიური კერის დესტრუქციისთვის სულ უფრო ხშირად გამოიყენება მაღალსიხშიროვანი აბლაცია (ელექტროდიანი კათეტერი მსხვილი კალიბრის ვენის გზით შეჰყავთ გულის იმ უბანთან, სადაც პაროქსიზმული ტაქიკარდია იღებს სათავეს).