პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები | მკურნალი.გე
  1. პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები

პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები (ექტოპიური ვენტრიკულური შეკუმშვები, ნაადრევი ვენტრიკულური შეკუმშვები) გულის რიგგარეშე შეკუმშვებია, რისი მიზეზიც ნორმულ შეკუმშვამდე პარკუჭებში აღმოცენებული ელექტრული აქტივობაა.

  • ძირითადი სიმპტომია გულის გაჩერების შეგრძნება;

  • დიაგნოზი ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის შედეგებს;

  • ნაადრევი ვენტრიკულური შეკუმშვების გამომწვევი ფაქტორებისთვის (კოფეინი, სტრესი, ალკოჰოლი) თავის არიდება, ჩვეულებრივ, შედეგიანია.

ნაადრევი ვენტრიკულური შეკუმშვები განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში. არითმიის გამომწვევია ან ემოციური, ან ფიზიკური სტრესი, კოფეინის გამოყენება (სასმლის ან საკვების სახით), ალკოჰოლი, გაციებისა და ცხელების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ რიტმის სტიმულატორს – ფსევდოეფედრინს. სხვა მიზეზებია: კორონარული არტერიების დაავადება (განსაკუთრებით გულის შეტევის დროს ან შეტევიდან მცირე დროის შემდეგ), დაავადებები, რომლებიც იწვევს პარკუჭების გაფართოებას, როგორიცაა გულის უკმარისობა და სარქვლების დაზიანებები.

სიმპტომები და დიაგნოზი

იზოლირებული (ერთეული) ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვების გავლენა გულის ფუნქციაზე უმნიშვნელოა და, შესაბამისად, ის უსიმპტომოა, თუ ძალიან არ გახშირდა. ძირითადი სიმპტომია გულის გაჩერების (დარტყმის გამოტოვების) შეგრძნება, რომლის ხანგრძლივობა წამები ან უფრო ნაკლებია. პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები არ არის საშიში იმ პირებისთვის, რომელთაც გულის დაავადება არ აქვთ. გულის სტრუქტურული დაზიანებისას არითმიის ამ სახის ფონზე შესაძლოა განვითარდეს მეტად სახიფათო ვენტრიკულური ტაქიკარდია ან ფიბრილაცია, უეცარი სიკვდილი. სადიაგნოზოდ ელექტროკარდიოგრაფია გამოიყენება.

მკურნალობა

სხვა მხრივ ჯანმრთელი პირებისთვის მხოლოდ არამედიკამენტური ღონისძიებებია საკმარისი (სტრესისთვის თავის არიდება, კოფეინისა და ალკოჰოლის, ურეცეპტოდ გასაცემი რიტმის მასტიმულირებელი ნივთიერებების და ფსევდოეფედრინის შემცველი გაციების და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენების შეწყვეტა).

მედიკამენტურ მკურნალობას მიმართავენ, თუ არითმია და სიმპტომები მუდმივი და ძნელად ასატანია ან არსებობს ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვების ვენტრიკულურ ტაქიკარდიად, ან ფიბრილაციად ტრანსფორმირების რისკი. მაგალითად, გულის სტრუქტურული დაზიანების არსებობა ან ერთმანეთს მიყოლებული პარკუჭოვანი შეკუმშვები ამ რისკის შესაძლებლობის მაჩვენებელია. პირველი რიგის სამკურნალო საშუალებად, მათი უსაფრთხოების გამო, ბეტა-ბლოკერები გამოიყენება. პაციენტების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს ამ პრეპარატების მიღებაზე, ვინაიდან ისინი მოდუნებას იწვევს. იმ პირებისთვის, რომელთაც მიოკარდის ინფარქტი ჰქონდათ, აუცილებელია ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვების პრევენცია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ფიბრილაციის ან უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. პრევენციისთვის გამოიყენება ბეტა-ბლოკერები ხანგრძლივად, ანგიოპლასტიკა ან აორტოკორონარული შუნტირება. ანტიარითმიული მედიკამენტები აბრკოლებს ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვების განვითარებას, მაგრამ მათი მიღების ფონზე შესაძლოა იმატოს ფატალური არითმიის განვითარების რისკმა. ამის გამო ექიმი ამ მედიკამენტებს დიდი სიფრთხილით ნიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გულდასმით არის შეფასებული სერიოზული არითმიის აღმოცენების ალბათობის დონე.