პარკუჭოვანი ტაქიკარდია გულის პათოლოგიური რიტმია, რომელიც ფორმირდება პარკუჭებში და რომლის დროსაც შეკუმშვათა სიხშირე წუთში 120 და მეტია.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია შესაძლოა ნაადრევი, ჯგუფური პარკუჭოვანი შეკუმშვების შემდგომ მდგომარეობად ჩაითვალოს. ზოგჯერ, რამდენიმე ჯგუფური შეკუმშვის შემდეგ, ნორმული რიტმი აღდგება ხოლმე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ტაქიკარდია ვითარდება. პარკუჭოვან ტაქიკარდიას, რომელიც 30 წუთზე მეტხანს გრძელდება გახანგრძლივებულს უწოდებენ. გახანგრძლივებული ვენტრიკულური ტაქიკარდია ძირითადად იმ პაციენტებს აღენიშნებათ, რომელთაც გულის სტრუქტურული დაავადება აქვთ, სახელდობრ, პარკუჭების დაზიანება. ტაქიკარდია მეტად ხშირია გულის ინფარქტიდან რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში, აგრეთვე ხანდაზმულებში. იშვიათად პარკუჭოვანი ტაქიკარდია გულის სტრუქტურული დაზიანების არმქონე ახალგაზრდასაც შესაძლოა განუვითარდეს.
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს პაციენტები თითქმის ყოველთვის გრძნობენ გულის ფრიალს. გახანგრძლივებული ტაქიკარდიის შემთხვევები სახიფათოა, რადგან შემცირებულია პარკუჭების სისხლით ავსება და, შესაბამისად, დარღვეულია გულის ფუნქცია. სისხლის წნევა დაქვეითებულია, მოსალოდნელია გულის უკმარისობა. გახანგრძლივებული ტაქიკარდია კიდევ იმიტომ არის სახიფათო, რომ ის პარკუჭების ფიბრილაციაში შეიძლება გადაიზარდოს, რაც გულის გაჩერების ერთ-ერთი ფორმაა. ზოგჯერ პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს გულისცემის სიხშირე წუთში 200-ს აღემატება. ეს უაღრესად საშიში მდგომარეობაა. სადიაგნოზოდ და სამკურნალო ღონისძიებების შესარჩევად ელექტროკარდიოგრაფია, ხოლო დღე-ღამის განმავლობაში რიტმზე მეთვალყურეობისთვის 24-საათიანი პორტატიული ელექროკარდიოგრაფიული მონიტორირება (ჰოლტერი) გამოიყენება.
ვენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობის დაწყება სიმპტომების გამოვლენისთანავეა საჭირო ან თუნდაც სიმპტომების არარსებობისას, თუ ეპიზოდი 30 წამზე მეტხანს გახანგრძლივდა. სისხლის წნევის მკვეთრად დაქვეითების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს კარდიოვერსია. მედიკამენტები არითმიის შეწყვეტის მიზნით ინტრავენურად შეჰყავთ. ყველაზე ხშირად გამოიყენება ამიოდარონი, ლიდოკაინი და პროკაინამიდი.
ხანგრძლივი ეფექტისათვის შესაძლებელია პარკუჭში არსებული ელექტრულად აქტიური პათოლოგიური უბნის მაღალსიხშიროვანი აბლაცია (სპეციალური კათეტერი მსხვილი კალიბრის ვენის საშუალებით შეჰყავთ გულის იმ უბანთან, სადაც უნდა მოიწვას ქსოვილი) ან ღია გულზე ქირურგიული ჩარევის გზით ამ უბნის მოცილება. უბნის იდენტიფიცირება შესაძლებელია ეკგ გამოკვლევით.
იმ პირებისთვის, რომელთაც, გულის სტრუქტურული დაზიანების გარდა, არითმიის გამო, გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია დაქვეითებული აქვთ, რეკომენდებულია ავტომატური დეფიბრილატორის (მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ამოიცნობს არითმიას და, საჭიროებისამებრ, განახორციელებს ელექტულ შოკს) იმპლანტაცია. პროცედურა ხელოვნური რიტმის წამყვანის იმპლანტაციის მსგავსია.