გულის ბლოკადა | მკურნალი.გე
  1. გულის ბლოკადა
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
გულის ბლოკადა

გულის ბლოკადა არის ელექტრული იმპულსის გავრცელების შეფერხება გულშიგა გამტარი გზების ან წინაგულებსა და პარკუჭებს შორის განთავსებულ მონაკვეთში – ატრიოვენტრიკულურ კვანძში, ან ჰისის კონაში და მის ტოტებში.

  • ბლოკადის ზოგიერთი ფორმა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, დაღლილობა, თავბრუხვევა;

  • ბლოკადის დიაგნოზი ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის შედეგებს;

  • ზოგჯერ საჭირო ხდება ხელოვნური რიტმის წამყვანის იმპლანტაცია.

გულშიგა ბლოკადები ხარისხებად არის კლასიფიცირებული. პირველი ხარისხის ბლოკადის დროს ელექტრული იმპულსის გავრცელება გამტარ გზებში გახანგრძლივებულია, მეორე ხარისხის ბლოკადის დროს იმპულსის გავრცელების გახანგრძლივებას პერიოდულად თან ახლავს ზოგიერთი იმპულსის ბლოკირება, ხოლო მესამე ხარისხის ბლოკადის დროს (სრული ბლოკადა) წინაგულებიდან პარკუჭებისკენ არც ერთი იმპულსი არ ვრცელდება. გულშიგა ბლოკადა ხშირია ხანდაზმულებს შორის.

პირველი ხარისხის გულშიგა ბლოკადის დროს იმპულსი ფერხდება ატრიოვენტრიკულური კვანძის დონეზე და დაგვიანებით აღწევს პარკუჭებს. ბლოკადის ეს ფორმა ძირითადად კარგად ნავარჯიშებ პირებს, მოზარდებსა და ცდომილი ნერვის მაღალი აქტივობის მქონე ახალგაზრდებს შორის გვხვდება. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ პირველი ხარისხის ბლოკადა გულის რევმატიული დაავადებების, გულის სარკოიდოზით გამოწვეული დაზიანების ან სხვა მიზეზით განვითარებული სტრუქტურული ცვლილებების დროს აღინიშნება. ზოგიერთი მედიკამენტი (ბეტა-ბლოკერები, დილთიაზემი, ვერაპამილი, დიგოქსინი, ამიოდარონი), აგრეთვე აფერხებს იმპულსების გატარებას ატრიოვენტრიკულურ კვანძში. პირველი ხარისხის ბლოკადის დროს პაციენტს ჩივილები არა აქვს. ბლოკადის დიაგნოზს ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის შედეგებს – ეკგ-ზე აღინიშნება იმპულსის გავრცელების შეფერხება.

მეორე ხარისხის ბლოკადის დროს იმპულსების მხოლოდ ნაწილი აღწევს წინაგულებიდან პარკუჭებამდე. გულისცემა შესაძლოა იყოს ან შენელებული, ან არარეგულარული, ან ერთიც და მეორეც. II ხარისხის ბლოკადის ზოგიერთი ფორმა ტრანსფორმირდება მესამე ხარისხის (სრული) ბლოკადად.

მესამე ხარისხის გულის ბლოკადის დროს წინაგულებიდან პარკუჭებისკენ არც ერთი იმპულსი არ ტარდება. ამ დროს რიტმის წამყვანია ატრიოვენტრიკულური კვანძი ან ჰისის კონა, ან თავად პარკუჭების კედლებში არსებული ელექტრულად აქტიური უბნები. აღნიშნული "სათადარიგო" რიტმის წამყვანები გაცილებით ნელია, ვიდრე ნორმული რიტმის წამყვანი (სინუსის, ანუ სინოატრიული კვანძი), გულისცემა ხშირად არარეგულარულია, პარკუჭების შეკუმშვების სიხშირე დაბალია – წუთში 50-ზე ნაკლები, ზოგჯერ 30-ის ფარგლებში. მესამე ხარისხის სრული ბლოკადა სერიოზული დარღვევაა, რომელიც გულის ფუნქციას აქვეითებს. ხშირია სისუსტე, დაღლილობა და თავბრუხვევა. თუ გულისცემის სიხშირე წუთში 40-ს აღემატება, სიმპტომები ნაკლებად მკვეთრად არის გამოხატული.

მკურნალობა

პირველი ხარისხის ბლოკადა მკურნალობას არ საჭიროებს. მეორე ხარისხის ბლოკადის დროს პაციენტების გარკვეულ ნაწილს ხელოვნური რიტმის წამყვანის იმპლანტაცია უტარდება, სრული ბლოკადის დროს კი ეს უკანასკნელი ყველა პაციენტს სჭირდება. დროებითი რიტმის წამყვანი შესაძლოა გამოყენებული იქნეს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში, მანამ, სანამ მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია მოხერხდება. პაციენტთა უმრავლესობას ხელოვნური რიტმის წამყვანი მთელი ცხოვრების მანძილზე ესაჭიროება, თუმცა არსებობს ნორმული რიტმის აღდგენის იშვიათი შემთხვევებიც, მაგალითად, ბლოკადის მოხსნა გულის ინფარქტის შემდეგ აღდგენით პერიოდში.