1. მიტრალური რეგურგიტაცია
  2. გულის სარქვლების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
მიტრალური რეგურგიტაცია

მიტრალური რეგურგიტაცია (მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია, მიტრალური უკმარისობა, მიტრალური ნაკლოვანება) პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც მარცხენა პარკუჭის ყოველი შეკუმშვისას სისხლის ნაკადი, მიტრალური სარქვლის გავლით, უკან ბრუნდება მარცხენა წინაგულში.

  • გულის ინფარქტი მიტრალური რეგურგიტაციის ყველაზე ხშირი მიზეზია, იმ რეგიონების გარდა, სადაც სტრეპტოკოკული ინფექციის მკურნალობა ნაკლებად ხელმისაწვდომია;

  • თუ რეგურგიტაცია მძიმე ხარისხისაა, პაციენტი უჩივის ქოშინს;

  • მსუბუქი ხარისხის რეგურგიტაცია არ საჭიროებს მკურნალობას; მძიმე ხარისხის რეგურგიტაციის დროს ნაჩვენებია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ან დაზიანებული სარქვლის შეცვლა ქირურგიული ჩარევის გზით.

მიტრალური რეგურგიტაციის დროს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლის ნაწილი აორტაში გადაიტუმბება, ნაწილი კი მარცხენა წინაგულში ბრუნდება, რის გამოც ამ უკანასკნელში სისხლის მოცულობა და წნევა იზრდება, მარცხენა წინაგული ფართოვდება. მარცხენა წინაგულში წნევის მომატებას თან ახლავს ფილტვებიდან გულში შემომავალ ვენებში (ფილტვის ვენები) წნევის მატება. მკვეთრად გაფართოებისას წინაგულების შეკუმშვები არარეგულარულია და ხშირია (წინაგულების ციმციმი), რაც არღვევს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციას. წინაგულების ციმციმის დროს წინაგულის კედელი არ იკუმშება, ის ქაოსურად მოძრაობს, თრთის. წინაგულის შეკუმშვის გარეშე სისხლი წინაგულიდან პარკუჭში სრულად არ გადაიტუმბება, მისი გარკვეული ნაწილი მარცხენა წინაგულში ყოვნდება და იქმნება შენადედის ფორმირების ხელშემწყობი პირობები. თუ კოლტი გულიდან სისხლის მიმოქცევაში მოხვდა, ინსულტის ან სხვა სახის დაზიანების საშიშროება იქმნება. მძიმე ხარისხის მიტრალური რეგურგიტაციის შემთხვევებში მოსალოდნელია გულის უკმარისობის განვითარება. წინაგულში გაზრდილი წნევა იწვევს სითხის დაგროვებას (შეგუბებას) ფილტვებში და იმ ორგანოების სისხლით მომარაგების დარღვევას, რომლებსაც არასაკმარისად მიეწოდება სისხლი პარკუჭიდან გადატუმბული მოცულობის შემცირების გამო. ასეთ შემთხვევებში მარცხენა პარკუჭი თანდათან ფართოვდება, სუსტდება, რაც ამძიმებს გულის უკმარისობას.

მიზეზები

მიტრალური რეგურგიტაციის ყველაზე ხშირ მიზეზად მიჩნეულია რევმატიული ცხელება, რომელიც ზოგჯერ არანამკურნალები ბავშვთა ინფექციების, სახელდობრ, არანამკურნალები სტრეპტოკოკური ინფექციის შედეგია. სადღეისოდ რევმატიული ცხელება იშვიათია ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, დასავლეთ ევროპაში, სადაც ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება. ამ რეგიონებში ის ძირითადად ხანდაზმულებში გვხვდება, რომლებსაც ბავშვობის ან ახალგაზრდა ასაკში ანტიბაქტერიული მკურნალობა არაადეკვატურად ჩაუტარდათ, ან იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ჩამოსული არიან რეგიონებიდან, სადაც ანტიბიოტიკები სათანადოდ არ გამოიყენება და, შესაბამისად, ხშირია რევმატიული ცხელება და მის შედეგად განვითარებული მიტრალური სტენოზის ან რეგურგიტაციის შემთხვევები. მოხსენიებული ზოგჯერ ინფიცირებიდან 10 ან მეტი წლის შემდეგ ვითარდება. რევმატიული ცხელების განმეორებითი გამწვავებები აუარესებს სარქვლების დაზიანების ხარისხს.

ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში მიტრალური რეგურგიტაციის ხშირი მიზეზია სარქვლების გულის ინფარქტით გამოწვეული დაზიანება. სხვა მიზეზებია მიქსომატოზური დეგენერაცია – მემკვიდრული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება, რომელიც სარქვლის ქსოვილების დასუსტებას იწვევს. დროთა განმავლობაში მიტრალური სარქველი ნაკლებად ელასტიკური ხდება და კარგად აღარ იხურება.

სიმპტომები

მსუბუქი მიტრალური რეგურგიტაცია არ იწვევს ჩივილებს. თუ მიტრალური რეგურგიტაცია მძიმე ხარისხის არის ან თან ახლავს წინაგულების ციმციმი, პაციენტები უჩივიან გულის ფრიალს (აღნიშნავენ, რომ გულისცემის სიხშირე ცვალებადია) ან უმიზეზო ქოშინს.

გულის უკმარისობის თანაარსებობისას ვლინდება ხველა, ქოშინი ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში, ქვედა კიდურების შეშუპება.

დიაგნოზი

მიტრალური რეგურგიტაციის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, აუსკულტაციის დროს დამახასიათებელი შუილის მოსმენას ეფუძნება. შუილის ხმიანობა წარმოიქმნება სისტოლის ფაზაში (პარკუჭების შეკუმშვა), როდესაც მიტრალური სარქვლის გავლით სისხლის ნაწილი მარცხენა წინაგულში გადადინდება. აღნიშნული პათოლოგია ზოგჯერ შემთხვევითი, რუტინული გასინჯვის დროს დიაგნოსტირდება. ელექტროკარდიოგრაფიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება მარცხენა პარკუჭის გაფართოება. თუ მიტრალური რეგურგიტაცია მძიმე ხარისხისაა, რენტგენოლოგიურად ფილტვებში სითხის შეგუბების ნიშნები აღინიშნება. ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა, რომლის დროსაც ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით შესაძლებელია გულის სტრუქტურული გამოსახულების და სისხლის დინების შესწავლა, ადასტურებს დიაგნოზს. ულტრაბგერით შესაძლებელია პარკუჭის და წინაგულის ზომის განსაზღვრა და მარცხენა პარკუჭიდან წინაგულში დაბრუნებული მოცულობის განსაზღვრა, ანუ რეგურგიტაციის ხარისხის შეფასება.

მკურნალობა

თუ რეგურგიტაცია მსუბუქი ხარისხისაა, სპეციფიკური მკურნალობა არ არის საჭირო, თუმცა ამ კატეგორიის ადამიანებისთვის რეკომენდებულია პერიოდული სამედიცინო გასინჯვა, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება. უფრო სერიოზული რეგურგიტაციის შემთხვევებში მოწოდებულია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების გამოყენება, სახელდობრ, ენალაპრილისა და ლიზინოპრილის, დიგოქსინთან ერთად ან მის გარეშე. ზოგჯერ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. ოპერაციული მკურნალობა ტარდება მარცხენა პარკუჭის შეუქცევადად დაზიანებამდე. ასეთ სიტუაციაში ჩვეულებრივ ექოკარდიოგრაფიულად შეისწავლება მარცხენა პარკუჭის ფუნქცია, რამდენად სწრაფად ფართოვდება პარკუჭი. ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს დაზიანებული სარქვლის აღდგენას ან ხელოვნური სარქვლით (პროთეზით) შეცვლას. სარქვლის აღდგენა გამიზნულია რეგურგიტაციის სალიკვიდაციოდ ან გულის შემდგომი დაზიანების პრევენციისთვის, ჩივილების შესამსუბუქებლად. თუ აღდგენა შესაძლებელია, პროთეზირებასთან შედარებით, სწორედ მას ენიჭება უპირატესობა. აღდგენილი საკუთარი სარქველი უკეთ ფუნქციონირებს, ვიდრე მექანიკური ან ბიოლოგიური პროთეზი. გარდა ამისა პაციენტს არ სჭირდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ანტიკოაგულაციური მედიკამენტების მიღება. სარქვლის პროთეზირების შემთხვევაში რეგურგიტაცია სრულად აღიკვეთება. გულის დაზიანებული სარქვლების არსებობისას მოსალოდნელია სერიოზული ბაქტერიული ინფექციის განვითარება (ინფექციური ენდოკარდიტი). პირებს, რომელთაც აქვთ პროთეზები ან დაზიანებული სარქვლები, ქირურგიული ჩარევის, სტომატოლოგიური ან სამედიცინო პროცედურების ჩატარების წინ ანტიბიოტიკები ეძლევათ. მოხსენიებულის მიზანია ბაქტერიული ენდოკარდიტის პრევენცია. მიტრალურ ნაკლოვანებასთან ერთად თუ მოციმციმე არითმიაც არის დადგენილი, სისხლის კოლტის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად მკურნალობაში ირთვება ანტიკოაგულანტები.