აორტული რეგურგიტაცია | მკურნალი.გე
  1. აორტული რეგურგიტაცია
  2. გულის სარქვლების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
აორტული რეგურგიტაცია

აორტული რეგურგიტაცია (აორტული უკმარისობა, აორტული ნაკლოვანება) პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც მარცხენა პარკუჭის მოსვენების ფაზაში, როცა აორტის სარქველი დახურულია, სისხლის ნაკადის გარკვეული ნაწილი აორტიდან პარკუჭში ბრუნდება.

  • რევმატიული ცხელება და ათაშანგი აორტული ნაკლოვანების ყველაზე ხშირი მიზეზებია;

  • აორტული რეგურგიტაცია გულის უკმარისობის განვითარებამდე ასიმპტომურად მიმდინარეობს;

  • აორტული რეგურგიტაციის არსებობის ვარაუდი ეფუძნება ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს. ეჭვის დასადასტურებლად ექოკარდიოგრაფია ტარდება;

  • დაზიანებული გულის სარქველი უნდა შეიცვალოს ქირურგიული ჩარევის გზით.

აორტული რეგურგიტაციის დროს, მარცხენა პარკუჭის მოდუნების ფაზაში (დიასტოლა), როდესაც პარკუჭი წინაგულიდან ჩამოდენილი სისხლით ივსება, აორტის სარქვლის გავლით მარცხენა პარკუჭში უკან ბრუნდება აორტაში გადატუმბული სისხლის გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, მარცხენა პარკუჭში იზრდება სისხლის მოცულობა და წნევა. მუდმივად გაზრდილი წნევა პარკუჭის კუნთოვანი შრის გასქელებას (ჰიპერტროფია), მოგვიანებით კი საკნის ზომაში გაზრდას, გაფართოებას (დილატაცია) იწვევს. დროთა განმავლობაში, მიუხედავად არსებული საკომპენსაციო მექანიზმებისა, გული სხეულის სისხლის საკმარისი რაოდენობით მომარაგების უნარს კარგავს, ანუ ირღვევა გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია, ვითარდება გულის უკმარისობა ფილტვებში სითხის დაგროვებით (შეგუბებით).

მიზეზები

ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში აორტის მძიმე უკმარისობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია რევმატიული ცხელება და ათაშანგი. სადღეისოდ, ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენების გამო, ორივე დაავადება იშვიათია. რეგიონებში, სადაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეზღუდულია, კვლავ ხშირია რევმატიული ცხელებით და ათაშანგით გამოწვეული აორტული რეგურგიტაცია. აღნიშნული ინფექციების გარდა, მძიმე აორტული ნაკლოვანების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგია – მიქსომატოზური დეგენერაცია (თანდაყოლილი სისტემური, შემაერთებელი ქსოვილების დაავადება, რომლის დროსაც სარქველი დროთა განმავლობაში დუნდება). გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალში მოიხსენიება აორტის ანევრიზმა და აორტის განშრევება. ამ დაავადებების წარმოშობის მიზეზი გაურკვეველია.

აორტის მსუბუქი რეგურგიტაციის ხშირი მიზეზი წნევის ციფრების მკვეთრი მატება და თანდაყოლილი აორტული დეფექტია, სახელდობრ – აორტის სარქველი სამკარედიანი კი არ არის, ორკარედიანია (როგორც მიტრალური სარქველი). დაახლოებით ბიჭების 2% და გოგონების 1% აღნიშნული დეფექტით იბადება.

აორტული რეგურგიტაციისა სხვა მიზეზებისგან აღსანიშნავია სარქვლის ბაქტერიული ინფექცია (ინფექციური ენდოკარდიტის დროს) და ტრავმა.

სიმპტომები და დიაგნოზი

მსუბუქი აორტული რეგურგიტაციის დროს სიმპტომები არ ვლინდება, გარდა დამახასიათებელი შუილისა, რომელიც სტეთოსკოპით მოისმინება გულის მოდუნების (დიასტოლის) ფაზაში. მძიმედ გამოხატული ნაკლოვანებისას პაციენტები უჩივიან გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს. მწოლიარე მდგომარეობაში დაბალი სასთუმალი (სწორ ზედაპირზე წოლა) ღამით ხშირად იწვევს სუნთქვის გაძნელებას. წამოჯდომისას ფილტვებში შეგუბებული სითხე ქვედა წილებისკენ გადაინაცვლებს, რაც პაციენტს ნორმალური სუნთქვის საშუალებას აძლევს. პაციენტების დაახლოებით 5%-ს აორტული რეგურგიტაციის დროს აქვს ტკივილი გულმკერდის არეში. აღნიშნული გამოწვეულია გულის კუნთოვანი ქსოვოლის სისხლით არაადეკვატური მომარაგებით (გულის ანგინა/სტენოკარდია). ტკივილი ღამით უფრო ხშირია. პერიფერიული (საძილე არტერიის, სხივის არტერიის) პულსი არასტაბილურია, აღინიშნება ე.წ. კოლაფსური პულსი, რომლის დროსაც, რამდენიმე ძლიერი ბიძგის შემდეგ, პულსი ქრება. ეს ფაქტი აიხსენება აორტაში წნევის უეცარი დაქვეითებით. ეს უკანასკნელი შეპირობებულია აორტის სარქვლის არასრული დახურვით და სისხლის ნაკადის გარკვეული ნაწილის უკუდინებით მარცხენა პარკუჭში. დაავადების არსებობაზე ეჭვი იბადება ფიზიკური გასინჯვის მონაცემების საფუძველზე (კოლაფსური პულსი და შუილი). გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევით შესაძლოა გამოვლინდეს გადიდებული მარცხენა პარკუჭი. ელექტროკარდიოგრაფიულად (ეკგ) ასევე ნახულობენ მარცხენა პარკუჭის გაფართოების ნიშნებს. ექოკარდიოგრაფიით ფასდება სარქვლის დაზიანების სახე და ხარისხი, რაც ეხმარება ექიმს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისა და მეთოდის განსაზღვრაში. ქირურგიულ ჩარევამდე, ხანში შესული პირებისთვის ნაჩვენებია კორონარული ანგიოგრაფიის ჩატარება, რადგან დაახლოებით შემთხვევების 20%-ში აორტული რეგურგიტაცია კორონარული არტერიების დაზიანებასთან არის ასოცირებული.

მკურნალობა

თუ აორტული რეგურგიტაცია საშუალოზე მაღალი ხარისხისაა, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია. მედიკამენტური მკურნალობა გულის უკმარისობის პროგრესირების შეჩერების ან ქირურგიული ჩარევის (სარქვლის შეცვლის) თავიდან აცილების მიზნით არაეფექტურია, თუმცა, სიმპტომების შესამსუბუქებლად, ოპერაციულ ჩარევამდე წამლების გამოყენება მაინც არის ნაჩვენები. ქირურგიული მკურნალობის მიზანია დაზიანებული სარქვლის დროულად შეცვლა ხელოვნური სარქვლით მანამ, სანამ მარცხენა პარკუჭის დაზიანება შეუქცევადი გახდება და გულის უკმარისობის შორსწასული სტადია განვითარდება. მოწოდებულია ექოკარდიოგრაფიულად დაკვირვება მარცხენა პარკუჭის გაფართოების დინამიკაზე, რათა ოპერაციული მკურნალობის საკითხი დროულად გადაწყდეს.

პაციენტებს დადგენილი, თუნდაც მსუბუქად გამოხატული, აორტული რეგურგიტაციის დროს უტარდებათ საპროფილაქტიკო ანტიბაქტერიული თერაპია ქირურგიული, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურებამდე. აღნიშნული ამცირებს სარქვლების ბაქტერიული ინფექციის (ინფექციური ენდოკარდიტი) ალბათობას.