1. აორტის სტენოზი
  2. გულის სარქვლების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
აორტის სტენოზი

აორტის სტენოზი არის აორტის სარქვლის ხვრელის შევიწროება, რის გამოც გაძნელებულია მარცხენა პარკუჭიდან აორტაში სისხლის გადატუმბვა.

  • აორტის სტენოზის ყველაზე ხშირი მიზეზი 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სარქვლის თანდაყოლილი ანომალიაა, 70 წელს გადაცილებულ პირებს შორის კი – აორტის სარქვლის სკლეროზი;

  • პაციენტების გარკვეული ნაწილი უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში, აჩქარებულ სუნთქვას ან გონების კარგვის (სინკოპეს) ეპიზოდებს;

  • დიაგნოზი ეფუძნება სტეთოსკოპით სპეციფიკური შუილის მოსმენას, პულსის ცვლილებებს და ექოკარდიოგრაფიულ მონაცემებს;

  • დიაგნოზის დადგენის შემდეგ საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტები დაავადების მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით, სათანადო სიმპტომების აღმოცენებისას ქირურგიული გზით სარქვლის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

აორტის სტენოზის დროს მარცხენა პარკუჭის კედლები, ჩვეულებრივ, გასქელებულია, რისი მიზეზიც პარკუჭის შეკუმშვისას აორტის სარქვლის შევიწროების გამო გაზრდილი წინააღმდეგობის გადალახვის აუცილებლობაა. დროთა განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირების გამო პარკუჭის კედელი სქელდება (ჰიპერტროფია).

მარცხენა პარკუჭის გასქელებულ კედლებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სისხლის დამატებითი რაოდენობა ესაჭიროება, რასაც კორონარული არტერიები ვერ უზრუნველყოფენ. ამის გამო პერიოდულად, განსაკუთრებით პაციენტის ფიზიკური დატვირთვისას, კორონარული არტერიების მეშვეობით გულის კუნთისთვის მიწოდებული სისხლის რაოდენობა აღარ არის საკმარისი – აღმოცენდება ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, რაც ზოგჯერ უეცარი სიკვდილით სრულდება.

აორტის სტენოზის დროს განვითარებული გულის უკმარისობის შედეგად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გულის კუნთი, სახელდობრ მარცხენა პარკუჭი სუსტდება, დუნდება, რის გამოც ქვეითდება სისხლის აორტაში გადატუმბვის უნარი.

დაზიანებული აორტის სარქვლის ბაქტერიებით ინფიცირება (ინფექციური ენდოკარდიტი) იშვიათია.

მიზეზები

ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში აორტის სტენოზი ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება. მიზეზი სარქვლის კაფსულის ფიბროზული გადაგვარებითა და კალციუმის დაგროვებით (კალციფიკაცია) შეპირობებული ცვლილებები მიიჩნევა. ასეთი შემთხვევები 60 წელზე მეტ ასაკში იწყება, კლინიკურად მანიფესტირდება 70-დან 80 წლამდე ასაკში.

აორტის სტენოზის მიზეზი შესაძლოა იყოს ბავშვობაში გადატანილი რევმატიული ცხელება. ასეთ შემთხვევებში აორტის სტენოზი ხშირად მიტრალური სარქვლის სტენოზთან, ნაკლოვანებასთან (რეგურგიტაციასთან) ან ორივესთან არის ასოცირებული და ახალგაზრდობის ასაკში ვლინდება.

ახალგაზრდობაში გამოვლენილი აორტის სტენოზის ხშირი მიზეზია თანდაყოლილი დეფექტი, სახელდობრ აორტის ორკარედიანი სარქველი, ნაცვლად სამკარედიანისა ან მცირე დიამეტრის აორტის რგოლი. აორტის სარქვლის შევიწროება ჩვილობის ასაკში რაიმე პრობლემას არ ქმნის, თუმცა მოხსენიებული თავს იჩენს მოგვიანებით, ბავშვის ზრდის პერიოდში, როდესაც გული ზომაში იმატებს, პარკუჭიდან აორტაში მეტი სისხლის გადატუმბვაა საჭირო, ხოლო დავიწროებული სარქვლის ზომა არ იცვლება. დროთა განმავლობაში ვიწრო სარქველზე კალციუმის დაგროვების გამო სარქველი კიდევ უფრო ვიწროვდება, მისი ელასტიკურობა უფრო მეტად მცირდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში ფიზიკური დატვირთვის დროს. დატვირთვის შეწყვეტიდან რამდენიმე წუთში ტკივილი ყუჩდება. თუ პაციენტს გულის უკმარისობა აქვს, ფიზიკური დატვირთვისას აღენიშნება სისუსტე, ქოშინი. მძიმე სტენოზის შემთხვევაში ფიზიკური დატვირთვისას პაციენტმა შეიძლება დაკარგოს გონება, რისი მიზეზიც სისხლის წნევის უეცარი დაქვეითებაა. გულის წასვლას, ჩვეულებრივ, წინ არ უძღვის რაიმე შეგრძნებები (მაგალითად, თავბრუხვევა, ცნობიერების დაბინდვა). გონზე მოსვლის შემდეგ პაციენტს არაფერი აწუხებს.

აორტის სტენოზის არსებობაზე ეჭვის საფუძველი ხდება დიაგნოზზე სტეთოსკოპით გასინჯვისას დამახასიათებელი შუილის, პულსის ცვლილები და ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემები (ვლინდება გულის კედლების გასქელების ნიშნები). იმ პირებში რომელთაც აქვთ ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან ძლიერი სისუსტე მცირე ფიზიკურ დატვირთვისას, ექოკარდიოგრაფია საუკეთესო გამოკვლევის მეთოდია აორტის სტენოზის სიმძიმის (შესაძლებელია ზუსტად გაიზომოს სარქვლის დავიწროების ხარისხი) და მარცხენა პარკუჭის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად. ხშირად საჭირო ხდება გულის კათეტერიზაცია კორონარული დაზიანების გამოსავლენად.

მკურნალობა

მოზრდილი პაციენტები დადასტურებული აორტული სტენოზით, რომელთაც არ აქვთ ჩივილები, მუდმივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას და ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდებას. აუცილებელია პერიოდულად ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა გულის და სარქვლების ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად.

თუ გამოხატულია სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი დატვირთვისას, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის წასვლა, საჭიროა აორტის სარქვლის ქირურგიულად შეცვლა. ოპერაციული ჩარევა დროულად უნდა ჩატარდეს, სანამ მარცხენა პარკუჭის კედლებში შეუქცევადი ცვლილებები განვითარდება.

პერიოდული ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევის შედეგების შესაბამისად ექიმი განსაზღვრავს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას და დროს. ქირურგიული გზით სარქვლის შეცვლა საუკეთესო სამკურნალო ღონისძიებაა ნებისმიერი ასაკის მოზრდილი პაციენტებისთვის. ოპერაციული მკურნალობის შემდგომ პროგნოზი ძალიან კარგია.

ოპერაციულ ჩარევამდე გულის უკმარისობას მკურნალობენ შარდმდენი საშუალებებით. აორტის სტენოზის მედიკამენტური მკურნალობა რთულია. მაგალითად, ნიტროგლიცერინი გულმკერდის არეში ტკივილის დროს ხშირად იხმარება, მაგრამ აორტის სტენოზით დაავადებულ პირებში ის სისხლის წნევის მკვეთრ დაქვეითებას და გულის სისხლით მომარაგების გაუარესებას იწვევს, რის გამოც აორტის სტენოზის დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ხელოვნური სარქვლის არსებობისას მიზანშეწონილია საპროფილაქტიკო ანტიბაქტერიული თერაპია ქირურგიული, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურების წინ. მოხსენიებული ამცირებს სარქვლების ინფექციის (ინფექციური ენდოკარდიტი) ალბათობას.

ბავშვებს, რომელთაც აქვთ დადასტურებული მკვეთრად გამოხატული აორტის სტენოზი, ქირურგიული ჩარევა დროულად უნდა ჩაუტარდეთ, მანამ, სანამ სიმპტომები განვითარდება. ამ ასაკობრივ ჯგუფში სიმპტომების გამოვლინებამდე მაღალია უეცარი სიკვდილის ალბათობა.

სარქვლის შეცვლის ოპერაციის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივებია სარქვლის აღდგენა და ბალონური ვალვულოპლასტიკა. ამ უკანასკნელის გამოყენებისას სტენოზირებული სარქვლის გასაფართოებლად ბალონიანი კათეტერი მაგისტრალური სისხლძარღვების გზით შეჰყავთ გულში, დაზიანებულ სარქველში, რის შემდეგ ბალონი იბერება და აფართოებს სარქვლის კაფსულას. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებში, ასაკის მატებასთან ერთად, საბოლოოდ მაინც სარქვლის შეცვლა ხდება საჭირო. ასევეა მოზრდილებშიც; ბალონური ვალვულოპლასტიკის ჩატარებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სარქველი კვლავ ვიწროვდება. ამიტომაც მოზრდილებისთვის ამ მეთოდს იყენებენ მხოლოდ მოხუცებულობის ასაკში ან სხვა თანმხლები, მძიმედ მიმდინარე დაავადების არსებობისას, როცა ქირურგიული ჩარევის კეთილსაიმედო პროგნოზის ალბათობა დაბალია.