1. ტრიკუსპიდური რეგურგიტაცია
  2. გულის სარქვლების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ტრიკუსპიდური რეგურგიტაცია

ტრიკუსპიდური რეგურგიტაციის (ტრიკუსპიდური ნაკლოვანება, ტრიკუსპიდალური უკმარისობა) დროს მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლის გარკვეული ნაწილი მარჯვენა წინაგულში ბრუნდება.

  • ტრიკუსპიდური სარქვლის უკმარისობის გამომწვევია მარჯვენა პარკუჭის გაფართოებით მიმდინარე დაავადებები;

  • აღინიშნება ზოგადი ხასიათის სიმპტომები – დაღლილობა, სისუსტე;

  • ტრიკუსპიდური რეგურგიტაციის არსებობაზე ეჭვი იბადება ფიზიკური გასინჯვის შედეგების საფუძველზე; ეჭვის დასადასტურებლად გამოიყენება ექოკარდიოგრაფია.

ტრიკუსპიდური რეგურგიტაციის დროს მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლის ნაწილი ბრუნდება მარჯვენა წინაგულში, ამ უკანასკნელში იზრდება სისხლის მოცულობა, რაც ამცირებს გულში გავლილი და სხეულში გადატუმბული სისხლის რაოდენობას. მარჯვენა წინაგული ფართოვდება, იზრდება წნევა მასში და იმ ვენებში, რომლებსაც სისხლი მოაქვს მისკენ მთელი სხეულიდან. წნევის მომატების გამო შესაძლებელია ღვიძლის შეშუპება. მარჯვენა წინაგულის გაფართოებამ შეიძლება წინაგულების ფიბრილაციაც გამოიწვიოს – ხშირი, არარეგულარული შეკუმშვები. საბოლოო ჯამში გულის უკმარისობა ვითარდება.

მიზეზები

ტრიკუსპიდური რეგურგიტაცია ვითარდება მარჯვენა პარკუჭის ზომაში გადიდებისას და მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიაში სისხლის დინების შეფერხების გამო წინააღმდეგობის გაზრდისას. ეს უკანასკნელი გვხვდება დიდი ხნის განმავლობაში მძიმედ მიმდინარე ფილტვების დაავადების დროს, როგორიცაა, მაგალითად, ფილტვების ემფიზემა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, გულის მარცხენა ნაწილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებებისას, იშვიათად – ფილტვის არტერიის სარქვლის შევიწროებისას (პულმონური სტენოზი). მოხსენიებულის საკომპენსაციოდ მარჯვენა პარკუჭი დიდდება, ტრიკუსპიდური სარქველი ფართოვდება, რაც რეგურგიტაციის მიზეზი ხდება.

რეგურგიტაციის სხვა, ნაკლებად ხშირი მიზეზებია სარქვლის ინფექცია (ინფექციური ენდოკარდიტი უხშირესად აკრძალული პრეპარატების ინტრავენურად შეყვანის შედეგია), ფენფლურამინის (აღარ არის ხელმისაწვდომი) გამოყენება, სამკარედი სარქვლის თანდაყოლილი დეფექტი ან ტრავმის შედეგად დაზიანება, ან მიქსომატოზური დეგენერაცია (თანდაყოლილი ავადმყოფობა, რომელიც დროთა განმავლობაში სარქვლის მოდუნებას იწვევს).

სიმპტომები და დიაგნოზი

ტრიკუსპიდური რეგურგიტაციის დროს სისუსტე და დაღლილობა აღინიშნება, რაც გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის დაქვეითების, ანუ მაგისტრალურ სისხლძარღვებში გადატუმბული სისხლის მოცულობის შემცირების შედეგია. სხვა სიმპტომებია კისრის არეში გაძლიერებული პულსაციის შეგრძნება, რაც მარჯვენა წინაგულში წნევის მაღალი ციფრებით არის შეპირობებული, დისკომფორტი და სიმძიმე მუცლის მარჯვენა ნახევარში, რაც ღვიძლის გადიდებაზე მიუთითებს.

გულის უკმარისობის შედეგად ორგანიზმში ზედმეტი რაოდენობით სითხე გროვდება. აღინიშნება სხეულის შეშუპება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებისა.

დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზურ და ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს, ელექტროკარდიოგრაფიისა და გულმკერდის რენტგენოგრაფიის შედეგებს.

სტეთოსკოპით მოისმინება დამახასიათებელი შუილი, რომელიც წარმოიქმნება მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვისას ტრიკუსპიდურ სარქველში სისხლის ნაკადის უკუდინების შედეგად. სარქვლის დაზიანებისა და ნაკლოვანების პროგრესირების პარალელურად შუილი ქრება. ექოკარდიოგრაფია სარქვლის ნაკლოვანების ზუსტი ვიზუალიზაციის და, ამავე დროს, რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

მკურნალობა

მსუბუქი ხარისხის რეგურგიტაცია განსაკუთრებულ მკურნალობას არ მოითხოვს. თუ ტრიკუსპიდური უკმარისობის მიზეზია ემფიზემა, პულმონური ჰიპერტენზია, ფილტვის არტერიის სტენოზი ან გულის მარცხენა ნაწილის დაავადება, საჭიროა ძირითადი ავადმყოფობის მკურნალობა. გულის უკმარისობის ან მოციმციმე არითმიის მკურნალობაც აუცილებელია. ქირურგიული ჩარევა სარქვლის აღსადგენად იშვიათად გამოიყენება, თუ რომელიმე სხვა, მაგალითად, მიტრალური, სარქვლის პროთეზირება არ არის აუცილებელი.