ტრიკუსპიდური სტენოზი | მკურნალი.გე
  1. ტრიკუსპიდური სტენოზი
  2. გულის სარქვლების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ტრიკუსპიდური სტენოზი

ტრიკუსპიდური სტენოზი არის ტრიკუსპიდური სარქვლის ხვრელის შევიწროება, რის გამოც სარქვლის გახსნის დროს მარჯვენა წინაგულიდან მარჯვენა პარკუჭში სისხლის დინება შეფერხებულია.

წლების განმავლობაში არსებული ტრიკუსპიდური სტენოზის დროს მარჯვენა წინაგული ფართოვდება, ვინაიდან ტრიკუსპიდური სარქვლის ხვრელი შევიწროების გამო არ ატარებს სისხლის საჭირო რაოდენობას და წინაგულში სისხლის დამატებითი რაოდენობა გროვდება. ამის გამო იზრდება წნევა წინაგულში და მაგისტრალურ ვენებში (ზედა და ქვედა ღრუვენებში), რომლებშიც სისხლი მთელი სხეულიდან (გარდა ფილტვებისა) გროვდება. მარჯვენა პარკუჭი ზომაში მცირდება, რადგან მასში ჩადენილი სისხლის მოცულობა შემცირებულია. ტრიკუსპიდური რეგურგიტაცია იშვიათია.

ტრიკუსპიდური სტენოზის მიზეზი თითქმის ყოველთვის რევმატიული ცხელებაა, რომელიც ძალიან იშვიათია ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. იშვიათად მიზეზი შეიძლება იყოს მარჯვენა წინაგულის სიმსივნე, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. კიდევ უფრო იშვიათია გულის თანდაყოლილი დეფექტებით შეპირობებული სარქვლის შევიწროება.

სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია. აღინიშნება გულის ფრიალი (გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება), კისრის არეში თრთოლის შეგრძნება, მუდმივად ცივი კანი და დაღლილობა. მუცლის არეში დისკომფორტი დაკავშირებულია ღვიძლის ვენებში წნევის გაზრდასთან, რაც მოგვიანებით ღვიძლის ზომაში მატებას (ჰეპატომეგალია) იწვევს.

სტეთოსკოპით გასინჯვისას მოისმინება ტრიკუსპიდური სტენოზისთვის დამახასიათებელი შუილი. გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევით ვლინდება მარჯვენა წინაგულის გაფართოების ნიშნები. ექოკარდიოგრაფიით ვიზუალიზდება სტენოზირებული სარქველი, რომლის გახსნისას შეინიშნება სისხლის ტურბულენტური ნაკადი. შესაძლებელია სარქვლის შევიწროების ხარისხის განსაზღვრა. ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნებამარჯვენა წინაგულის გაფართოების ნიშნები.

ტრიკუსპიდური სტენოზი იშვიათად არის ისე მკვეთრად გამოხატული, რომ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდეს.