1. მიქსომა
  2. გულის სიმსივნეები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
მიქსომა

მიქსომა კეთილთვისებიანი პირველადი სიმსივნეა არასწორი კიდეებითა და ჟელესმაგვარი კონსისტენციით.

  • პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ქოშინი ან გონების კარგვა, ცხელება ან წონის კლება;

  • ექიმი დიაგნოზს ექოკარდიოგრაფიით ადასტურებს;

  • მიქსომის მოცილებისათვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

გულის პირველადი სიმსივნეების ნახევარი მიქსომაზე მოდის. მიქსომების სამი მეოთხედი მარცხენა წინაგულშია ლოკალიზებული. ესაა გულის საკანი, რომელიც ჟანგბადით მდიდარ სისხლს ფილტვებიდან იღებს. მიქსომის ზოგიერთი ტიპი ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა. ასეთი მემკვიდრეობითი დაავადება ახალგაზრდა მამაკაცებს 20 წლის ასაკისათვის უვითარდებათ. არამემკვიდრეობითი მიქსომა ძირითადად ქალებს შორის ვითარდება, როგორც წესი, 40-დან 60 წლამდე ასაკში. ასეთი წარმონაქმნები უფრო ხშირად მარცხენა წინაგულში აღმოცენდება, ვიდრე მემკვიდრეობითი მიქსომები. ყველა სახის მიქსომა ქალებს შორის უფრო ხშირია.

მარცხენა წინაგულში ლოკალიზებული მიქსომები ხშირად ფეხზე იზრდება და თავისუფლად ირხევა სისხლის ნაკადის ზემოქმედებით. რხევის დროს იგი დროდადრო უახლოვდება და შორდება მიტრალურ სარქველს (იხსნება მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში). ასეთი რხევითი მოძრაობის გამო შეიძლება მოხდეს მიტრალური სარქვლის პერიოდული დაცობა და სისხლის ნაკადის ხანგამოშვებითი შეწყვეტა.

სიმპტომები

ფეხზე წამოდგომისას მარცხენა წინაგულის მიქსომის მქონე პირმა შეიძლება ჰაერის უკმარისობა იგრძნოს ან გონება დაკარგოს. წამოდგომისას, მიქსომა სიმძიმის ძალით ჩადის მიტრალურ სარქველში, აფერხებს სისხლის ნაკადის გადაადგილებას გულში. ამგვარი ბლოკირება იწვევს გარდამავალ გულის უკმარისობას. მწოლიარე მდგომარეობაში გადასვლისას, მიქსომა სარქველს მოსცილდება, რაც სიმპტომების შემსუბუქებას განაპირობებს.

ზოგჯერ მიქსომის ნაწილაკები ან მასზე ფორმირებული თრომბები წარმოქმნიან პატარა ემბოლებს, სისხლის ნაკადთან ერთად სხვა ორგანოებში გადაადგილდებიან და იწვევენ არტერიების დაცობას. განვითარებული სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი არტერიები დაიხშობა. მაგალითად, თავის ტვინში არსებული სისხლძარღვის დახშობა იწვევს ინსულტს; ფილტვის არტერიული სისხლძარღვისა – გულმკერდში ტკივილს და სისხლიან ხველას.

მიქსომის სხვა სიმპტომებია ცხელება, წონის კლება, რეინოს სინდრომი (სიცივის ზემოქმედებისას მტევნისა და ტერფის თითების გაცივება და მტკივნეულობა), სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მატება და თრომბოციტების კლება.

დიაგნოზი და მკურნალობა

მიქსომაზე ეჭვი ჩნდება სიმპტომებიდან გამომდინარე. სტეთოსკოპით შესაძლებელია შეცვლილი სისხლის ნაკადით გამოწვეული ხმიანობის (შუილი) მოსმენა. წარმონაქმნმა შეიძლება დაახშოს გულთან სისხლის მიდინება ან მისგან გამოსვლა.

სისხლის ანალიზებით ანთების, ანემიის და თრომბოციტების დაქვეითების სურათი ვლინდება. თუმცა, ამ ტესტებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ერთს არა აქვს. დიაგნოზი დასტურდება ექოკარდიოგრაფიით. ზოგჯერ საჭირო ხდება სხვა პროცედურების ჩატარებაც, როგორიცაა ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ), ბიოფსია.

განკურნება ხდება მიქსომის ქირურგიულად მოცილების გზით. ოპერაციის შემდეგ 5 წლის განმავლობაში რეგულარულად ტარდება ექოკარდიოგრაფია მიქსომის განმეორებით განვითარების შესაფასებლად.