1. პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება
  2. პერიფერიული არტერიების დაავადება
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება

  • პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება ხშირად ათეროსკლეროზით არის გამოწვეული;

  • სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რომელი არტერია და რა ხარისხით არის შევიწროებული;

  • დიაგნოზისთვის ექიმები დაზიანებულ არეში სისხლის ნაკადის მახასიათებლებს შეისწავლიან;

  • მედიკამენტები, ანგიოპლასტიკა და ოპერაციული ჩარევა შეფერხების შესამცირებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება.

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება ხშირია ასაკოვან პირებს შორის, ის ხანდაზმული ასაკის თანმხლები ათეროსკლეროზით არის შეპირობებული. დაავადება აღენიშნება 70 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 15-20%-ს, განსაკუთრებით ხშირია იმათ შორის, ვინც თამბაქოს მოიხმარს და/ან დიაბეტით (როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2) არის დაავადებული.

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება აგრეთვე ხშირია მამაკაცებსა და იმ პირებს შორის:

  • რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში ათეროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლისა და ჰომოცისტეინის მაღალი მაჩვენებლები აღენიშნებათ;

  • რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ;

  • რომლებიც ფიზიკურად არ იტვირთებიან.

ჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებს არა მხოლოდ დაავადების აღმოცენებას, არამედ მის მძიმედ მიმდინარეობასაც.

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადებისას სისხლძარღვის სანათური შეიძლება თანდათან შევიწროვდეს ან უეცრად დაიხშოს. სისხლძარღვის შევიწროებასთან ერთად სხეულის ის ნაწილები რომლებიც ამ სისხლძარღვით მარაგდება სისხლით, აღარ იღებს სისხლის სათანადო რაოდენობას. სისხლის არაადეკვატურ მიწოდებას იშემია ეწოდება. იშემია შესაძლოა განვითარდეს თანდათან ან უეცრად. თუ არტერიის სანათური უეცრად ან მთლიანად დაიხშო, ქსოვილი, რომელსაც ეს არტერია კვებავს, შესაძლოა, მოკვდეს.

არტერიის თანდათან შევიწროება, როგორც წესი, ათეროსკლეროზით არის შეპირობებული. ამ დროს სისხლძარღვის კედელში ლაგდება ქოლესტეროლის და სხვა ცხიმოვანი ნივთიერებების გროვები (ათერომა, ათეროსკლეროზული ფოლაქი). მოხსენიებული არტერიის სანათურის შევიწროებას და სისხლის დინების შეფერხებას იწვევს. ათერომაში შესაძლოა კალციუმი დაგროვდეს, რის შედეგადაც სისხლძარღვი მყიფე ხდება.

უფრო იშვიათად არტერიები თანდათან ვიწროვდება არტერიის კედლის კუნთოვანი შრის პათოლოგიური ზრდის (ფიბრომუსკულური დისპლაზია), ანთების (ვასკულიტი) გამო ან სიმსივნის, ან სითხით სავსე ცისტის გარედან ზეწოლის შედეგად.

უეცარი, სრული დახშობა უკვე დავიწროებულ სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნამ ან გულიდან და აორტიდან თრომბის უეცარმა მოწყვეტამ და სისხლის ნაკადით გადაადგილებისას (ემბოლიის ჩამოყალიბება) არტერიის სანათურის დაცობამ შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთი დაავადება ზრდის სისხლის მიმოქცევის სისტემაში თრომბის წარმოქმნის რისკს, ესენია: მოციმციმე არითმია (წინაგულების ფიბრილაცია), გულის სხვა დაავადებები, სისხლის შედედების დარღვევით მიმდინარე დაავადებები, აუტოიმუნური პროცესებით შეპირობებული სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი).

ზოგჯერ ათერომას ცხიმოვანი ნაწილი დააცობს სისხლძარღვს. სანათურის უეცარი დახშობა აორტის განშრევებამაც შეიძლება გამოიწვიოს; ამ დროს აორტის კედლის შიგა გარსის მთლიანობა ირღვევა, სისხლი გადადის კედლის შუა შრეში. განშრევების გავრცელებასთან ერთად იხშობა აორტასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი არტერია.

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზის გამოსავალის სინდრომმა, რომლის დროსაცსისხლძარღვები(აგრეთვე ნერვები) კისრიდან ზედა კიდურამდე მონაკვეთში კომპრესიას განიცდიან.

პერიფერიული არტერიების ობსტრუქციული დაავადებისას სხეულის სხვადასხვა ნაწილის სისხლძარღვები შეიძლება დაზიანდეს. უხშირესად ზიანდება ქვედა კიდურების არტერიები, მათ შორის ბარძაყის არტერია, მუხლქვეშა არტერია, წვივის არტერიები. ძალიან იშვიათია მხრის ან ზედა კიდურების არტერიების დაზიანება. დაავადება შეიძლება შეეხოს მუცლის აორტას ან მის განშტოებებს, რომლებიც ქვედა კიდურებს ამარაგებს სისხლით, სახელდობრ – თეძოს საერთო არტერიებს. ტოტები, რომლებიც თირკმლებს ამარაგებენ სისხლით (თირკმლის არტერიები) ხშირად თანდათან ვიწროვდება ათეროსკლეროზული დაზიანების გამო. თირკმლის ერთი არტერიის უეცარი, სრული დახშობა შედარებით იშვიათია. ტოტი, რომელიც ნაწლავებს ამარაგებს (ზედა მეზენტერიული არტერია) ასევე იშვიათად იხშობა. ღვიძლის და ელენთის მკვებავი ტოტების (ღვიძლის და ელენთის არტერიები) დახშობა ძალიან იშვიათია.

სიმპტომები

სიმპტომები მრავალფეროვანია და იმაზეა დამოკიდებული, რომელი არტერიაა დაზიანებული, რა ხარისხით არის დავიწროებული, ეს უკანასკნელი თანდათან განვითარდა თუ უეცრად. როგორც წესი, სიმპტომების გამოჩენისას არტერიის სანათური 70%-ით არის დახშული. თანდათან დავიწროებისას სიმპტომები ნაკლებად მძიმედ არის გამოხატული, ვიდრე პროცესის უეცარი განვითარებისას, მაშინაც კი, თუ საბოლოო ჯამში არტერია თანდათან სრულად დაიხშობა. ნელა დავიწროებისას სათანადო ქსოვილების სისხლით მომარაგება, გარკვეულწილად, მეზობლად მდებარე არტერიების ჩართვით ან ახალი არტერიების (ე.წ. კოლატერალური სისხლძარღვები) წარმოქნით ხდება. მოხსენიებულის გამო სხეულის შესაბამის უბანს სისხლი მაინც მიეწოდება და სიმპტომები გაცილებით მსუბუქად არის გამოხატული. არტერიის უეცარი დახშობისას კოლატერალების განვითარებისთვის დრო არ რჩება და სიმპტომები, როგორც წესი, უფრო მეტად შემაწუხებელია.

ქვედა და ზედა კიდურების არტერიები: ქვედა ან ზედა კიდურში არტერიის უეცარი, სრული დახშობისას ძლიერი ტკივილი, გაცივება ან დაბუჟება აღინიშნება. კიდური ფერმკრთალდება ან მოლურჯო (ციანოზური) ფერის ხდება. დახშობის ადგილის ქვემოთ პულსაცია არ შეიგრძნობა. სისხლის მიმოქცევის უეცარი, მკვეთრი დაქვეითება გადაუდებლად მოითხოვს სამედიცინო ჩარევას. სისხლის ნაკადის შეწყვეტა კიდურის მგრძნობელობის სწრაფ დაკარგვას ან დამბლას იწვევს.

ხანგამოშვებითი კოჭლობა: ხანგამოშვებითი კოჭლობა პერიფერიული არტერიების დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომია, ვითარდება ქვედა კიდურის არტერიის თანდათან შევიწროების შედეგად, ახასიათებს ფეხის კუნთების მტკივნეული სპაზმი (კრუნჩხვა) ან დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურების კუნთებში (და არა სახსრებში). ხანგამოშვებითი კოჭლობა რეგულარულია, დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან და მალევე იხსნება დასვენების შემდეგ. კუნთების ტკივილი სიარულისას იწყება. დისკომფორტი უფრო ძლიერია და სწრაფად აღმოცენდება ჩქარი ნაბიჯით სიარულისას და სიმაღლეზე ასვლის დროს. როგორც წესი, 1-5 წუთის განმავლობაში დასვენების (დაჯდომა არ არის სავალდებულო) შემდეგ, ადამიანს ისევ შეუძლია გაიაროს უკვე გავლილი მანძილის ტოლი მონაკვეთი, მაგრამ ამის შემდეგ ტკივილი კვლავ იწყება. ყველაზე ხშირად ტკივილი აღმოცენდება წვივებში, თუმცა, შესაძლოა, აღინიშნოს ბარძაყებში, მენჯში, დუნდულებში, იმის მიხედვით, თუ რომელი არტერიაა შევიწროებული. ძალიან იშვიათია ტერფების ტკივილი.

რაც უფრო მეტად ვიწროვდება არტერია, მით უფრო მოკლდება ავადმყოფის მიერ ტკივილის გარეშე გავლილი მანძილი. საბოლოოდ, დაავადების პროგრესირების პარალელურად, ტკივილი თავს იჩენს მოსვენების დროსაც, განსაკუთრებით წოლისას. ტკივილი ფეხის ქვედა ნაწილში ვითარდება, ტერფის წინა ნაწილში, მძიმეა, აუტანელი, ძლიერდება კიდურის ზემოთ აწევისას. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ავადმყოფები საწოლზე ფეხდაშვებული სხედან.

მხრის არტერიების შევიწროება იშვიათია; შესაძლოა მხრებში სისუსტე, სპაზმი, დატვირთვისას – ტკივილი.

როდესაც სისხლის მიწოდება მსუბუქად ან ზომიერად არის შემცირებული, კიდურები შესახედავად შეცვლილი არ არის. თუ ქვედა კიდურის სისხლით მომარაგება მკვეთრად გაუარესებულია, ტერფები გაცივებულია, კანი, შესაძლოა, მშრალი, გლუვი, დახეთქილი ან ქერცლიანი იყოს, ფრჩხილების ნორმული ზრდა შეფერხებულია, თმიანობა კიდურზე შეთხელებულია. არტერიის შემდგომ შევიწროებასთან ერთად ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს წყლული, როგორც წესი, ქუსლზე ან ცერზე, ზოგჯერ წვივის ქვედა ნაწილშიც, განსაკუთრებით მცირე ტრავმის შემდეგ. წყლული ძნელად ხორცდება, ინფექცია ხშირია. მკვეთრად გამოხატული ოკლუზიის შემთხვევაში კანზე არსებული წყლულის შეხორცებას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება, შეიძლება არც შეხორცდეს. წვივის კუნთები განლეულია (ატროფია). სისხლის ნაკადის მკვეთრმა შეფერხებამ შეიძლება განგრენა გამოიწვიოს.

ზოგჯერ სტაბილური გარდამავალი კოჭლობა შეიძლება უეცრად გაუარესდეს. მაგალითად, თუ წვივის ტკივილი 10 საცხოვრებელი კვარტალის გავლის შემდეგ იწყებოდა, ის 1 კვარტალის გავლის შემდეგ იჩენს თავს. ეს ცვლილება ახალი კოლტის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს. ასეთი პაციენტები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეფასდნენ სპეციალისტის მიერ.

თირკმლის არტერიები: თირკმლის არტერიის (სისხლით ამარაგებს თირკმელს) უეცარი, სრული დახშობა გვერდში ტკივილს იწვევს, შარდი შეიძლება სისხლიანი გახდეს. ეს მდგომარეობა გადაუდებლად მოითხოვს სამედიცინო დახმარებას.

თირკმლის ერთი ან ორივე არტერიის თანდათანობითმა, ზომიერმა შევიწროებამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. იშვიათად, თირკმლის ერთი ან ორივე თირკმლის არტერიის უფრო მეტად გამოხატული დავიწროება თირკმლის უკმარისობას ან მაღალ არტერიულ წნევას იწვევს (ამ მდგომარეობას რენოვასკულური ჰიპერტენზია ეწოდება). არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების 5%-ზე ნაკლებს რენოვასკულური ჰიპერტენზია აქვს.

ზედა მეზენტერიული არტერია: ზედა მეზენტერიული არტერიის უეცარი, სრული ბლოკადა გადაუდებელად მოითხოვს სამედიცინო ჩარევას. საწყის ეტაპზე პაციენტებს აღენიშნებათ ღებინება, ნაწლავის დაცლის იმპერატიული მოთხოვნა, მათი მდგომარეობა შეიძლება მძიმე იყოს, ხოლო მუცლის ტკივილი – ძლიერი, ვინაიდან ზედა მეზენტერიული არტერია ნაწლავის დიდ ნაწილს ამარაგებს. ხელით გასინჯვით მუცელი მტკივნეულია და დაჭიმული, თუმცა ტკივილი უფრო მეტად არის გამოხატული. სტეთოსკოპით გასინჯვისას აღინიშნება, ნორმასთან შედარებით, ნაწლავთა ხმიანობის შესუსტება, მოგვიანებით ხმიანობა საერთოდ ქრება. დასაწყისში განავალში შეინიშნება მცირე რაოდენობით სისხლი, შემდეგ სისხლის არსებობა უფრო მკვეთრად, რელიეფურად არის გამოხატული. სისხლის არტერიული წნევა ქვეითდება და ნაწლავის განგრენის შედეგად შესაძლოა შოკი განვითარდეს.

ზედა მეზენტერიული არტერიის თანდათანობით შევიწროება იწვევს ტკივილს ყოველი კვებიდან 30-60 წუთის შემდეგ, ვინაიდან მონელების დროს ნაწლავი მეტ სისხლს მოითხოვს. ტკივილი მუდმივია, მკვეთრი და ძირითადად ჭიპის არეშია ლოკალიზებული. ტკივილის გამო პაციენტები ერიდებიან საკვების მიღებას, ამიტომ შესამჩნევად იკლებენ წონაში. ნაწლავის სისხლით მომარაგების გაუარესების გამო საკვები ნივთიერებების ადეკვატური შეწოვა არ ხდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სხეულის წონის შემცირებას.

ღვიძლის და ელენთის არტერიები: ღვიძლის და ელენთის არტერიების (შესაბამისად, ღვიძლს და ელენთას ამარაგებენ სისხლით) დახშობა არ არის ისე საშიში, როგორც ნაწლავების მომმარაგებელი დიდი სისხლძარღვების ბლოკადა; თუმცა ღვიძლის და ელენთის ქსოვილის ნაწილი შეიძლება დაზიანდეს.

დიაგნოზი

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და ფიზიკური გასინჯვის შედეგებს. გარდა ამისა, პაციენტს უტარდება გამოკვლევები სისხლის წნევის მაჩვენებლებისა და სისხლის ნაკადის ინტენსიურობის განსაზღვრისათვის.

ექიმი ან ექთანი ამოწმებს პულსაციას იღლიაში, იდაყვის არეში, მაჯაზე, საზარდულში, კოჭთან და მუხლს უკან. პულსაცია არტერიის დახშობის ადგილის ქვემოთ შესუსტებულია ან არ ისინჯება. მაგალითად, თუ სავარაუდოა ქვედა კიდურის არტერიის დახშობა, პულსაცია მოწმდება გარკვეული წერტილის ქვემოთ (თუ პულსის გასინჯვა შეუძლებელია, მაგალითად, თირკმლის არტერიების დაზიანებისას, სისხლის მიმოქცევის შესასწავლად გამოსახულებითი კვლევის მეთოდები გამოიყენება). სტეთოსკოპით გასინჯვისას მოისმინება შუილი, რომელიც გამოწვეულია შევიწროებულ არტერიებში სისხლის ნაკადის ტურბულენტური დინებით. ექიმები ამოწმებენ კიდურების კანის ფერს, ტემპერატურას, კიდურს თითებით მსუბუქად აწვებიან, რომ შეამოწმონ, ზეწოლის შემდეგ რამდენად სწრაფად დაუბრუნდება კანს ფერი. ამ კვლევებით განსაზღვრავენ, არის თუ არა ცირკულაცია ადეკვატური.

პერიფერიული არტერიების დაავადების სადიაგნოზო კვლევების უმრავლესობა არაინვაზიურია, ტარდება ამბულატორიულად. სტანდარტულად ორივე ზედა და ქვედა კიდურებზე იზომება წნევა მანჟეტიანი მანომეტრით ან სპეციალური ელექტრონული სტეთოსკოპით. თუ წნევა კოჭის არეში უფრო დაბალია მხარზე გაზომვისას დაფიქსირებულ სიდიდესთან შედარებით, სისხლის მიწოდება ქვედა კიდურებში არაადეკვატურია და დიაგნოსტირდება პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება. თუ ექიმები ვარაუდობენ დახშობას მხრის არტერიაში, ზომავენ სისტოლურ წნევას ორივე მხარზე; ერთ მხარზე მუდმივად უფრო მაღალი წნევა მიუთითებს ბლოკადაზე იმ მხარეს, სადაც წნევა უფრო დაბალია.

დოპლერულტრასონოგრაფია გამოიყენება სისხლის ნაკადის შესაფასებლად და ადასტურებს ოკლუზიური დაავადების დიაგნოზს. ამ მეთოდით ზუსტად განისაზღვრება სისხლძარღვების შევიწროების ხარისხი ან დახშობა. ფერადი დოპლეროგრაფიით სხვადასხვა ფერში ჩანს სისხლის ნაკადის განსხვავებული კომპონენტები. დოპლერულტრასონოგრაფია შეიძლება ჩატარდეს ფიზიკური დატვირთვის ტესტის დროს, ვინაიდან ზოგიერთი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის და ვარჯიშის დროს იჩენს თავს. შესაძლოა რენტგენოგრაფიის, სხვა არაინვაზიური კვლევების გამოყენებაც (პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავენ სისხლის მიმოქცევას ან ჟანგბადის შემცველობას სისხლში).

ინვაზიური პროცედურა – ანგიოგრაფია, ჩვეულებრივ, იმ შემთხვევაში ტარდება, როდესაც ქირურგიული ჩარევა ან ანგიოპლასტიკა იგეგმება. კვლევა ექიმს ეხმარება დაზიანებული არტერიების ზუსტი გამოსახულების მიღებაში ქირურგიულ ჩარევამდე. იშვიათად ანგიოგრაფია საჭიროა ანგიოპლასტიკის ან ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობის დასადგენად. ანგიოგრაფიის დროს რადიოკონტრასტული ნივთიერება არტერიაში შეჰყავთ, ის თვალსაჩინოს ხდის არტერიის კონტურებს. დახშული არტერიის დიამეტრის უფრო ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე დოპლერულტრასონოგრაფია. ზოგიერთ სამედიცინო ცენტრში ნაკლებად ინვაზიური ანგიოგრაფიული მეთოდი გამოიყენება, სახელდობრ სპირალური კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.

ათეროსკლეროზით დაავადებისას ექიმები განსაზღვრავენ რისკფაქტორებს, სისხლში – ლიპიდურ პროფილს, გლუკოზას, ზოგჯერ ჰომოცისტეინს. სისხლის წნევა იზომება რამდენიმე ვიზიტის დროს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის გამუდმებით მომატებული.

სისხლძარღვების შევიწროების ან დახშობის სხვა მიზეზების, მაგალითად, აუტოიმუნური დაავადებების სადიაგნოზოდ, სხვა ლაბორატორიული კვლევები გამოიყენება, სახელდობრ, ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს) და C-რეაქტიული ცილა, რომელიც მხოლოდ ანთების დროს იმატებს. მხრის არტერიის დახშობის შემთხვევაში, ექიმები ცდილობენ დაადგინონ, მიზეზი ათეროსკლეროზია, არტერიიტი თუ გულმკერდს გასავლის სინდრომი.

უნდა გამოირიცხოს სპინალური სტენოზი (ზურგის ტვინის არხის შევიწროება), რომელიც ასევე იწვევს ტკივილს ფიზიკური დატვირთვისას, თუმცაღა ეს ტკივილი, გარდამავალი კოჭლობისგან განსხვავებით, მოსვენებულ მდგომარეობაში არ ყუჩდება.

პრევენცია

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების პრევენციის საუკეთესო გზაა ათეროსკლეროზის რისკფაქტორების გამოვლენა, შემცირება ან სრული მოშორება. პრევენცია მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა;

  • დიაბეტის კონტროლი;

  • სისხლის მომატებული წნევის, სისხლში ქოლესტეროლის და ჰომოცისტეინის შემცველობის დაქვეითება;

  • წონის დაკლება;

  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

დიაბეტის ადეკვატური კონტროლი აფერხებს პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების პროგრესირებას, შესაძლებელს ხდის მის პრევენციას, ამცირებს სხვა გართულებების რისკს.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია:

  • დაავადების პროგრესირების თავიდან აცილება;

  • ათეროსკლეროზით გამოწვეული სიკვდილიანობის, ინსულტისა და გულის ინფარქტის რისკის შემცირება;

  • კიდურის ამპუტაციის თავიდან აცილება;

  • სიმპტომების (როგორიცაა ხანგამოშვებითი კოჭლობა) შემსუბუქების გზით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

სამკურნალოდ ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც ამსუბუქებს ხანგამოშვებით კოჭლობას, შლის თრომბს (თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები). გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, მიმართავენ ანგიოპლასტიკას, ქირურგიულ ჩარევას, სხვა ღონისძიებებს, როგორიცაა ვარჯიში და ტერფის სათანადოდ მოვლა. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია სიმპტომების სიმკვეთრეზე, სისხლძარღვის დახშობის ადგილსა და ხარისხზე, მკურნალობასთან დაკავშირებულ რისკებზე (როგორც წესი, ქირურგიული ჩარევისას), ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. სპეციფიკური მკურნალობის გარდა, პროგნოზის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია ათეროსკლეროზის რისკფაქტორების მოდიფიცირება. ანგიოპლასტიკა და ქირურგიული ჩარევა პრობლემის მყისიერი, მხოლოდ მექანიკურად მოგვარების საშუალებაა გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისას. ამ მეთოდებით დაავადება არ იკურნება.

ანგიოპლასტიკა ხშირად ანგიოგრაფიის ჩატარებისთანავე ხორციელდება. მისი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება და, შესაბამისად, ოპერაციული ჩარევის თავიდან არიდება ან გადავადება. ზოგჯერ გამოიყენება ქირურგიულ ჩარევასთან კომბინაციაში. ანგიოპლასტიკა არის ბალონიანი კათეტერის (ბალონი კათეტერის წვერზეა მოთავსებული) ჩადგმა შევიწროებულ სისხლძარღვში და ბალონის გაბერვით მისი გაგანიერება. გაგანიერების შესანარჩუნებლად არტერიაში შეიძლება მუდმივად ჩაიდგას სპეციალური ბადე. ანგიოპლასტიკა ტარდება სტაციონარში ამბულატორიულად. ის იშვიათადაა მტკივნეული, შესაძლებელია გარკვეული დისკომფორტი, ვინაიდან პაციენტის გაუნძრევლად წოლაა საჭირო მაგარ მაგიდაზე. გამოიყენება მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალება და არა ზოგადი ანესთეზია.

ანგიოპლასტიკის ეფექტურობა დამოკიდებულია დახშობის ადგილზე და პერიფერული არტერიების დაავადების სიმძიმეზე. პაციენტს ეძლევა ანტითრომბოციტული მედიკამენტები (მაგალითად, ასპირინი, კლოპიდოგრელი), კიდურების არტერიებში თრომბის წარმოქმნის, ინსულტისა და გულის ინფარქტის თავიდან ასაცილებლად. რეგულარულად ტარდება დოპლერულსტრასონოგრაფია სისხლის ნაკადის შესაფასებლად და შესაძლო განმეორებითი შევიწროების აღმოსაჩენად.

ანგიოპლასტიკა არაეფექტურია არტერიის რამდენიმე მონაკვეთის ან დიდი ზომის მონაკვეთის შევიწროებისას, არტერიის მძიმედ და ხანგრძლივი დაზიანებისას. ანგიოპლასტიკის შემდგომ შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, თუ შევიწროებულ სისხლძარღვში თრომბი ჩამოყალიბდა ან თუ თრომბის ნაწილი (ემბოლი) მოწყდა, გადავიდა ცირკულაციაში და დაახშო სისხლძარღვი, ან სისხლმა თუ გაჟონა სისხლძარღვის კედელში და წარმოქმნა სანათურის მხარეს გამოდრეკილი ნაწილი, რომელმაც დაახშო სისხლძარღვის სანათური (განშრევება), ან თუ პაციენტს მძიმე სისხლდენა აქვს.

ანგიოპლასტიკის დროს ბალონური კათეტერის ნაცვლად სხვა მოწყობილობებიც გამოიყენება, სახელდობრ: ლაზერი, მექანიკური საჭრისი,ულტრაბგერითი კათეტერი, მბრუნავი სახეხი. ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ არის ბალონურ კათეტერზე ეფექტური.

ქირურგიული ჩარევა: თრომბის ქირურგიული ჩარევის გზით მოცილება (თრომბენდარტერექტომია) მაშინ ტარდება, როდესაც თრომბოლიზური მედიკამენტები არაეფექტურია ან მათი გამოყენება ძალიან საშიშია. შესაძლოა, აგრეთვე, ათერომების ქირურგიული მოცილება (ენდარტერექტომია). კიდევ ერთი ალტერნატივაა შემომვლელი სისხლძარღვის (შუნტი) ჩაყენება. შუნტირების დროს სინთეზური მასალისგან დამზადებული მილისებრი იმპლანტი ან სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ვენა უერთდება დაზიანებულ სისხლძარღვს დახშობის ადგილის ზემოთ და ქვემოთ ისე, რომ სისხლი მიედინება დაზიანებული მონაკვეთის გვერდის ავლით. სხვა მიდგომის გამოყენებისას დაზიანებული სისხლძარღვის შევიწროებულ ან დახშულ მონაკვეთს ამოკვეთენ და მას იმპლანტით ჩაანაცვლებენ. როგორც წესი, ქირურგიული ჩარევის რისკების შესაფასებლად შეისწავლება გულის ფუნქციური მდგომარეობა, ვინაიდან პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე პაციენტთა უმრავლესობას კორონარული არტერიების დაზიანებაც აღენიშნება.

წვივისა და მხრის არტერიები: ამ არტერიების უეცარი, სრული დახშობისას ქირურგიული ჩარევა გადაუდებლად არის საჭირო, რათა თავიდან იქნეს აცილებული კიდურის ფუნქციის შეუქცევადი დაკარგვა ან ამპუტაცია.

ხანგამოშვებითი კოჭლობის მქონე პაციენტებს ვარჯიში და მედიკამენტები უმცირებს ტკივილს. ვარჯიში მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია და შეიძლება გამოყენებული იქნეს, თუ პაციენტი მოტივირებულია და გულდასმით ასრულებს ყოველდღიური ვარჯიშის პროგრამას. ზუსტად არ არის ცნობილი, რა მექანიზმით ამცირებს ვარჯიში კოჭლობას, თუმცა სავარაუდოა, რომ ამ დროს კუნთების ფუნქცია უმჯობესდება. არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის ნაკადის დინებას ან კოლატერალების (ახალი სისხლძარღვების) განვითარებას უწყობს ხელს. პაციენტებმა ხანგამოშვებითი კოჭლობით უნდა იარონ დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში კვირაში 3 დღე. პაციენტთა უმრავლესობისთვის ეს დატვირთვა ზრდის ტკივილის გარეშე გავლილ მანძილს. დისკომფორტი, რომელიც ჩნდება სიარულის დროს, არ არის საშიში. მისი აღმოცენებისას პაციენტი უნდა გაჩერდეს, დაელოდოს მის გაყუჩებას და განაგრძოს სიარული. იმისათვის, რომ მანძილი გაიზარდოს, დატვირთვის საერთო დრო (დასვენების დროის გამოკლებით) უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 წუთს.

ვარჯიში უფრო ეფექტურია, თუ ის რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისად და კვალიფიციური მეთოდისტის მეთვალყურეობით ტარდება. პაციენტებმა ხანგამოშვებითი კოჭლობით რეაბილიტაციის პროგრამის დაწყებამდე უნდა ჩაიტარონ ფიზიკური დატვირთვის სტრეს-ტესტი იმაში დასარწმუნებლად, რომ გულის კუნთი სისხლით ადეკვატურად მარაგდება.

პაციენტები უნდა მოერიდონ სიცივეს, რათა თავიდან აიცილონ სისხლძარღვების შევიწროება (კონსტრიქცია), არ უნდა მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც ავიწროებს სისხლძარღვებს, მაგალითად ეფედრინის ან ფსევდოეფედრინის შემცველი წამლები, ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას და გაციებისას რომ გამოიყენება.

ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ ენტოქსიფილინი ან ცილოსტაზოლია მოწოდებული. ეს მედიკამენტები ზრდის სისხლის ნაკადს და, შესაბამისად, ჟანგბადის მიწოდებას კუნთებისთვის. ორივე მედიკამენტი ინიშნება 2-3 თვით, რათა განისაზღვროს მათი ეფექტურობა. თუმცაღა, პენტოქსიფილინით სარგებლობა ამჟამად საეჭვოა და ექსპერტების ნაწილი მის გამოყენებაზე უარს ამბობს. ცილოსტაზოლი 50-100%-ით ზრდის ტკივილის გარეშე გავლილ მანძილს; არ ენიშნება პაციენტებს გულის უკმარისობით.

ასპირინი და კლოპიდოგრელი რეკომენდებულია თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის, აგრეთვე გულის ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად. ეს პრეპარატები თრომბოციტებზე მოქმედებს და ხელს უშლის სისხლძარღვის კედელზე მათ მიწებებას. ნორმაში სისხლში მოცირკულირე თრომბოციტები ხელს უწყობს კოლტის წარმოქმნას სისხლძარღვის დაზიანების გამო დაწყებული სისხლდენის შესაჩერებლად.

ქირურგიული ჩარევა დახშობის ლიკვიდაციისა და შუნტირების მიზნით იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ხანგამოშვებით კოჭლობაზე მკურნალობის სხვა მეთოდებით ზემოქმედება შეუძლებელია. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია სისხლის მიწოდების მკვეთრად შემცირების შემთხვევაში (პაციენტს აქვს ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში ან შრომისუუნაროა, ან გაძნელებული აქვს ჭრილობის შეხორცება, ან განგრენა ვითარდება), კიდურის ამპუტაციის თავიდან ასაცილებლად.

მნიშვნელოვანია ტერფის მოვლა, რაც თავიდან აცილებს პაციენტს ტერფის ჭრილობის და წყლულის დაინფიცირებას, ტკივილს ან განგრენის განვითარებას. ტერფის მოვლა ამპუტაციის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა. ტერფის წყლულები გულდასმით მეთვალყურეობას საჭიროებს. მოვლის მიზანია ინფექციის მკურნალობა, კანის დაცვა ღრმა დაზიანებისგან, პაციენტისთვის სიარულის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

ტერფის წყლული სუფთა უნდა იყოს; საჭიროა ყოველდღიურად ფრთხილად დაბანა საპნით ან ანტიბაქტერიული ხსნარით, სუფთა, მშრალი სახვევის გამოყენება. წვივები გულის დონის დაბლა უნდა იყოს მოთავსებული, რათა მათკენ სისხლის მიდენა გაუმჯობესდეს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გააკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე. როგორც წესი, პაციენტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ სისხლის ცირკულაცია ტერფში, ტერფზე წყლული აქვთ ან ავად არიან დიაბეტით და წყლული არ უხორცდებათ, ექიმის სისტემატურ მეთვალყურეობას საჭიროებენ – ექიმთან ვიზიტს ყოველ 7 დღეში. ექიმები ხშირად ნიშნავენ ანტიბაქტერიულ მალამოს. თუ წყლული არ ხორცდება, წოლითი რეჟიმია საჭირო. ქუსლზე ნაწოლების განვითარების თავიდან ასაცილებლად და ტერფზე ჭრილობის შესახორცებლად რბილი საქუსლის მქონე ნახვევების ან სპეციალური ფეხსაცმლის გამოყენება. პაციენტს სასთუმალი 15-20 სმ-ით უნდა ჰქონდეს ამაღლებული, ფეხები გულის დონეზე ან უფრო დაბლა უნდა იყოს მოთავსებული, რათა გრავიტაცია დაეხმაროს არტერიებში სისხლის გადაადგილებას. თუ წყლული დაინფიცირებულია, ექიმები ანტიბიოტიკებს ნიშნავენ დასალევად, შესაძლოა, საჭირო გახდეს საავადმყოფოში მოთავსება.

იშვიათია კიდურის ამპუტაციის აუცილებლობა ინფიცირებული ქსოვილის მოსაშორებლად, ტკივილის შესამცირებლად ან განგრენის გამო. ქირურგები ცდილობენ კიდურის რაც შეიძლება მცირე ნაწილის მოკვეთას. მნიშვნელოვანია მუხლის სახსრის შენარჩუნება, თუ პაციენტი პროთეზის გამოყენებას გეგმავს. ამპუტაციის შემდგომ რეაბილიტაცია ტარდება.

აორტის ქვედა ნაწილი და თეძოს საერთო არტერიები: ამ სისხლძარღვებისუეცარი, სრული დახშობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ არის საჭირო ქირურგიული ჩარევა.

თირკმლის არტერიები: თირკმლის არტერიის უეცარი, სრული დახშობის შემთხვევაში სასწრაფოდ ჩატარებულმა ანგიოპლასტიკამ ან ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება უზრუნველყოს სისხლის მიმოქცევის აღდგენა და თირკმლის ფუნქციის შენარჩუნება.

თირკმლის არტერიის თანდათანობითი, ზომიერი ხარისხის დახშობისას არ არის საჭირო რაიმე სპეციფიკური ჩარევა, არტერიული წნევის კონტროლისა და სისხლის ანალიზით თირკმლის ფუნქციის შეფასების გარდა. რენოვასკულური ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევაში ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები გამოიყენება. ხშირად საჭირო ხდება სამი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტის დანიშვნა. განსაკუთრებით არის რეკომენდებული ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორით (აგფ ინჰიბიტორი) მკურნალობა. მისი მიღებისას თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული მეთვალყურეობაა საჭირო. თუ ჰიპერტენზია მკვეთრად არის გამოხატული, არ ემორჩილება მკურნალობას ან თირკმლის ფუნქცია ძლიერ დაქვეითებულია, თირკმლის სისხლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით შეიძლება ანგიოპლასტიკა ან შუნტირება ჩატარდეს.

ზედა მეზენტერიული არტერია: ზედა მეზენტერიული არტერიის უეცარი და სრული დახშობის შემთხვევაში მხოლოდ დაუყოვნებელ მკურნალობას შეუძლია სისხლის მიმოქცევა აღადგინოს (ნაკადის მიდინება) და სიცოცხლე გადაარჩინოს. ხშირად, იმისათვის, რომ დრო არ დაიკარგოს, ექიმებს პირდაპირ საოპერაციოში შეჰყავთ პაციენტი რაიმე გამოკვლევების ჩატარების გარეშე. დახშული მონაკვეთი ამოიკვეთება ან შუნტი დაედება. ზოგჯერ საჭირო ხდება ნაწლავის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა. თუ დახშობა ანგიოგრაფიით დადგინდა, შეიძლება მისი მკურნალობა ანგიოგრაფიის პროცესშივე თრომბის დამშლელი მედიკამენტის ან არტერიის გამაფართოებელი მედიკამენტის შეყვანით უშუალოდ არტერიაში. ეს ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა და ნაწლავის შენარჩუნება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხერხდება სისხლის მიწოდების აღდგენა.

ზედა მეზენტერიული არტერიის თანდათანობით შევიწროების დროს ნიტროგლიცერინი ამსუბუქებს მუცლის ტკივილს; შევიწროებული არტერიის გასაფართოებლად საჭირო ხდება ანგიოპლასტიკა ან ქირურგიული ჩარევა. არტერიის შევიწროების ხარისხი და ოპერაციის აუცილებლობა დოპლერულტრასონოგრაფიით და ანგიოგრაფიით განისაზღვრება.

ღვიძლისა და ელენთის არტერიები: ღვიძლისა და ელენთის არტერიების დახშობის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევაა საჭირო.

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (ბიურგერის დაავადება) არის წვივებისა და მხრების წვრილი და საშუალო ზომის სისხლძარღვების ანთებითი დაავადება, რომელიც სისხლძარღვის შევიწროებას იწვევს.

  • მაობლიტირებელი თრომბანგიიტით, როგორც წესი, მწეველები ავადდებიან;

  • სიმპტომები – სიცივე, დაბუჟება, წვის შეგრძნება, გამოწვეულია კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუარესებით;

  • დაზიანებულ კიდურში სისხლის ნაკადის დაქვეითების დასადგენად ხშირად გამოიყენება ულტრასონოგრაფია;

  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია;

  • პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ მედიკამენტური მკურნალობა.

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი იშვიათი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, მწეველებს ემართებათ, უფრო ხშირად 20-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს. თავდაპირველად მამაკაცების დაავადებად ითვლებოდა, თუმცა მისი რიცხვი იზრდება, ქალებს შორის მწეველთა რიცხვის გაზრდასთან ერთად იმატა დაავადებული ქალების რაოდენობამ. ამჟამად დაავადებულთა 5% მწეველი ქალია.

დაავადების მიზეზი უცნობია, არ არის ნათელი თამბაქოს მოხმარებასა და დაავადების განვითარების სიხშირეს შორის კავშირის მიზეზიც. ერთ-ერთი მოსაზრების თამბაქოს მოხმარება ანთებისა და არტერიების კონსტრიქციის გამშვები მექანიზმია. ამავე დროს, მწეველების მცირე ნაწილს აქვს მაობლიტირებელი თრომბანგიიტი. შესაძლოა, ადამიანების ნაწილი, გაურკვეველი მიზეზის გამო, უფრო მგრძნობიარეა თამბაქოს ზემოქმედებისადმი. მაობლიტირებელი თრომბანგიიტის მიმდინარეობა უარესდება, თუ პაციენტი მოწევას აგრძელებს, ხშირად კიდურის ამპუტაცია ხდება საჭირო. ამავე დროს, პაციენტები მაობლიტირებელი თრომბანგიიტით, რომლებიც უარს ამბობენ თამბაქოს მოხმარებაზე, იშვიათად საჭიროებენ ამპუტაციას.

სიმპტომები

მაობლიტირებელ თრომბანგიიტის დამახასიათებელია, კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუარესებით შეპირობებული სიმპტომები, სახელდობრ გაცივების, წვის, დაბუჟების შეგრძნება, ტკივილი – თანდათან ვითარდება. ეს შეგრძნებები იწყება თითის წვერებიდან და გადაინაცვლებს მაღლა, კიდურის დანარჩენ ნაწილში. ფეხები უფრო ხშირად ზიანდება, ვიდრე ხელები. ზემოხსენებული შეგრძნებები პაციენტებს უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე, ექიმი შეამჩნევს კანის ფერის ცვლილებას, რომელიც სისხლით არაადეკვატურ მომარაგებაზე (იშემიაზე) ან განგრენის დასაწყისზე მიუთითებს. შესაძლოა განვითარდეს რეინოს სინდრომი და ფიზიკური დატვირთვისას კუნთების ტკივილი (ხანგამოშვებითი კოჭლობა). ფეხების დაზიანების შემთხვევაში ვითარდება წვივის კუნთების ან ტერფის სპაზმი (კუნთების მტკივნეული შეკუმშვა), ხელების დაზიანების შემთხვევაში, მტევნებისა და წინამხრის სპაზმი.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად სპაზმი უფრო მტკივნეული ხდება, ხანგრძლივდება, მოგვიანებით კანი წყლულდება, იწყება განგრენა ერთ ან რამდენიმე თითზე. ტერფი და მტევანი ცივია, მოლურჯო ფერისაა სისხლის ნაკადის ძლიერი შემცირების გამო.

ზოგიერთ პაციენტს მაობლიტირებელი თრომბანგიიტით აღენიშნება ზედაპირული ვენების ანთების ეპიზოდებიც (მიგრაციული ფლებიტი).

დიაგნოზი

დიაგნოზი, როგორც წესი, ეფუძნება სიმპტომებისა და ფიზიკური კვლევის მონაცემების შეფასებას. პაციენტების უმრავლესობას ტერფის ან მაჯის ერთ ან მეტ არტერიაში სუსტი პულსი აქვს ან პულსი საერთოდ არ შეიგრძნობა. ხშირად დაზიანებული ტერფი, მტევანი და თითები ფერმკრთალდება გულს ზემოთ დონეზე აწევისას, ხოლო დაწევისას წითლდება.

ულტრასონოგრაფიით აღინიშნება სისხლის წნევისა და ნაკადის მკაფიოდ გამოხატული დაქვეითება დაზიანებულ ტერფში, მტევნებსა და თითებში. ანგიოგრაფიით ვლინდება შევიწროების გარკვეული ფორმები, რაც დიაგნოზს ადასტურებს. ზოგჯერ საჭირო ხდება დაზიანებული არტერიის ბიოფსია (ქსოვილის ნაწილის ამოკვეთა მიკროსკოპით შესასწავლად) ან სპეციალისტთან გაგზავნა დიაგნოზის დასაზუსტებლად.

მკურნალობა

მაობლიტირებელი თრომბანგიიტის მქონე პაციენტმა გადაუდებლად უნდა შეწყვიტოს მოწევა; წინააღმდეგ შემთხვევაში სიმპტომები გაუარესდება, შემდეგ კი უკვე ამპუტაცია ხდება საჭირო. პაციენტი უნდა მოერიდოს სიცივეს, სისხლძარღვების შემავიწროებელი მედიკამენტების მიღებას. ეს განსაკუთრებით ეხება ცხვირით სუნთქვის გაძნელებისა და გაციების დროს ხშირად გამოყენებულ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს სისხლძარღვების შევიწროების გამომწვევ ნივთიერებებს (ეფედრინი და ფსევდოეფედრინი), აგრეთვე წამლებს, რომლებიც ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას (ესტროგენი). აუცილებელია დაზიანებული კიდურის ტრავმისთვის თავის არიდება, მათ შორის დამწვრობისთვის, სიცივისთვის, მცირე ქირურგიული ჩარევებისთვის (მაგალითად კოჟრის მოფხეკა/მოცილება). ტერფზე ნახეთქები და კოჟრები უნდა დამუშავდეს პოდიატრისტის მიერ. ტერფის დაზიანების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კარგად მორგებული, ფართოცხვირიანი ფეხსაცმლის ხმარება.

თუ არტერიის შევიწროების მქონე პაციენტმა შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება, რეკომენდებულია წამლების, მაგალითად ილოპროსტის მიღება, რომელმაც შესაძლოა თავიდან ააცილოს პაციენტს ამპუტაცია. სხვა მედიკამენტები, როგორიცაა პენტოქსიფილინი და კალციუმის არხის ბლოკერები, გამოიყენება სისხლძარღვების გასახსნელად, მაგრამ დადებითი ეფექტის ალბათობა დაბალია. ზოგჯერ მიმართავენ მეზობლად მდებარე ნერვების ამოკვეთას (პროცედურას სიმპათექტომია ეწოდება) სისხლძარღვების შევიწროების შესამცირებლად. ეს პროცედურა იშვიათად ტარდება, ვინაიდან სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება დროებითია.