1. პერიფერიული არტერიების ფუნქციური დაავადება
  2. პერიფერიული არტერიების დაავადება
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
პერიფერიული არტერიების ფუნქციური დაავადება

პერიფერიული არტერიების ფუნქციური დაავადება უფრო იშვიათია, ვიდრე პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება. ნორმაში ზედა და ქვედა კიდურების არტერიები გარემო პირობების, მაგალითად, ტემპერატურის, ცვლილებების საპასუხოდ ფართოვდება (დილატაცია) და ვიწროვდება (კონსტრიქცია). პერიფერიული არტერიების ფუნქციური დაავადება არტერიების დილატაციისა და კონსტრიქციის მარეგულირებელი მექანიზმების ზომაზე მეტად გააქტიურების შედეგია, დაზიანებული სისხლძარღვები უფრო მეტად და უფრო ხშირად ვიწროვდება. ეს ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს: ან სისხლძარღვების მემკვიდრულმა დეფექტმა, ან იმ ნერვების ფუნქციის დარღვევამ, რომლებიც აკონტროლებს არტერიების დილატაციასა და კონსტრიქციას (სიმპათიკური ნერვული სისტემა), ან ტრავმამ, ან მედიკამენტების გამოყენებამ.

რეინოს სინდრომი

რეინოს სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხისა და ხელის თითების წვრილი ყალიბის არტერიები (არტერიოლები) სიცივის საპასუხოდ ზომაზე მეტად ვიწროვდება.

  • წვრილი არტერიების კონსტრიქცია იწვევს ფეხის ან ხელის თითების გაფერმკრთალებას ან გალურჯებას, დაბუჟებას და მათში ჩხვლეტის შეგრძნებას;

  • დიაგნოზი ხშირად სიმპტომების შეფასებას ეფუძნება;

  • სიმპტომები შეიძლება შეამსუბუქოს სითბომ, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტამ, ზოგჯერ – მედიკამენტების მიღებამ.

ექიმები იყენებენ ტერმინებს: "პირველადი რეინოს სინდრომი", როდესაც გამომწვევი მიზეზი თვალსაჩინო არ არის; "მეორეული რეინოს სინდრომი", როდესაც მიზეზი ცნობილია. პირველადი რეინოს სინდრომი უფრო ხშირია, ვიდრე მეორეული. პირველადი რეინოს სინდრომით დაავადებულთა 60-90% 15-დან 40 წლამდე ასაკის ქალებია. ყველაფერმა, რაც კი სიმპათიკურ ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, განსაკუთრებით სიცივემ, ძლიერმა ემოციამ, შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შევიწროება და, ამდენად, პირველადი რეინოს სინდრომის გამშვები მექანიმიზმის როლი შეასრულოს.

მეორეული რეინოს სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს სკლეროდერმიამ, რევმატოიდულმა ართრიტმა, ათეროსკლეროზმა, კრიოგლობულინემიამ, ჰიპოთირეოზმა, ტრავმამ, მედიკამენტებმა (როგორიცაა ბეტა-ბლოკერები, კლონიდინი, შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები – ერგოტამინი და მეთისერგიდი). ჩამოთვლილი მედიკამენტები სისხლძარღვებს ავიწროებენ და მათი გამოყენებისას რეინოს სინდრომის მიმდინარეობა უარესდება. ზოგიერთ პაციენტს, რეინოს სინდრომის გარდა, სხვა დაავადებებიც შეიძლება ჰქონდეს, რომელთა დროსაც გამოხატულია არტერიების მიდრეკილება შევიწროებისკენ. ასეთი დაავადებებია შაკიკი, ვარიანტული ანგინა (სტენოკარდია), ფილტვის არტერიის სისტემაში მაღალი წნევა (პულმონური ჰიპერტენზია). ამ დარღვევების კავშირი რეინოს სინდრომთან ადასტურებს, რომ არტერიების კონსტრიქციის მიზეზი ყველა მათგანის დროს შეიძლება ერთი და იგივე იყოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

თითებში წვრილი არტერიების კონსტრიქცია სწრაფად იწყება, უხშირესად სიცივის ზემოქმედებით. გრძელდება რამდენიმე წუთს ან რამდენიმე საათს. თითები ფერმკრთალდება ან მოლურჯო ელფერს იძენს, ლაქებია გამოხატული. ტკივილი არ აღინიშნება, ხშირია დაბუჟება, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება. შეტევის დასრულების შემდეგ დაზიანებული ადგილები შესაძლოა ნორმაზე მეტად წითელი იყოს ან მოლურჯო ელფერის. მტევნებსა და ტერფებს, გათბობის შემდეგ, ჩვეული ფერი და მგრძნობელობა უბრუნდება. რეინოს სინდრომის განმეორებისას და გახანგრძლივებისას (განსაკუთრებით სკლეროდერმიით დაავადებულებში), ხელის და ფეხის თითების კანი გლუვი, პრიალა და დაჭიმული ხდება. თითების წვერებზე მცირე ზომის მტკივნეული წყლულები შეიძლება გაჩნდეს.

დიაგნოზისთვის, ხშირად, გამოკვლევები არ არის საჭირო. თუ ეჭვია არტერიის დახშობაზე, ფერადი დოპლეროგრაფია ტარდება პაციენტის სიცივეში მოთავსებამდე და მის შემდეგ. სისხლის საერთო ანალიზი რეინოს სინდრომის გამომწვევი დაავადების დასადგენად არის საჭირო.

მკურნალობა

რეინოს სინდრომის მსუბუქი ვარიანტის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს თავის, სხეულის, კიდურების გაცივებას. თუ რეინოს სინდრომი ემოციური დატვირთვის შემდეგ იწყება, ინიშნება მსუბუქი დამაწყნარებელი საშუალებები. პაციენტმა უნდა შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, ვინაიდან ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს.

პირველადი რეინოს სინდრომის დროს ინიშნება კალციუმის არხების ბლოკერები – ნიფედიპინი, ამლოდიპინი, დილთიაზემი ან ვერაპამილი. შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს პრაზოზინიც.

თუ მდგომარეობა უარესდება და პაციენტი შრომისუუნარო ხდება, მკურნალობა კი უეფექტოა, სიმტომების შესამსუბუქებლად შეიძლება ჩატარდეს სიმპათიკური ნერვების დროებითი ბლოკადა ან ნერვი გადაიჭრას (სიმპათექტომია). მიუხედავად ამ პროცედურების ეფექტურობისა, მდგომარეობის შემსუბუქება მხოლოდ 1-2 წელი გრძელდება. ზემოხსენებული ჩარევები უფრო ეფექტურია პირველადი რეინოს სინდრომის დროს, მეორეულთან შედარებით. ამ უკანასკნელის არსებობისას ძირითადი დაავადების მკურნალობაა საჭირო.

აკროციანოზი

აკროციანოზი არის ორივე მტევნის, იშვიათად – ორივე ტერფის კანის ფერის მუდმივად, ტკივილის გარეშე, გალურჯება წვრილი სისხლძარღვების სიცივის ზემოქმედებით გამოწვეული სპაზმის შედეგად.

დაავადება, ჩვეულებრივ, ქალების ხვედრია. მტევნები, ტერფები და თითები ცივდება და ლურჯდება, რასაც ზოგჯერ ძლიერი ოფლიანობა და შეშუპება ახლავს თან. სიცივეში სილურჯე უფრო მკვეთრად არის გამოხატული, სითბოში – მცირდება. ტკივილი და კანის დაზიანება არ არის დამახასიათებელი.

დიაგნოზი ეფუძნება მტევნებისა და ტერფების ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს ნორმალური პულსის ფონზე. მკურნალობა არ არის საჭირო. ექიმებმა შეიძლება დანიშნონ მედიკამენტები, რომლებიც აფართოებს არტერიებს (კალციუმის არხის ბლოკერები), თუმცა ეს წამლები, როგორც წესი, უეფექტოა. საკმარისია განმარტება და პაციენტის დარწმუნება, რომ კანის მოლურჯო ფერი არ არის სერიოზული დარღვევის მაჩვენებელი.

ერითრომელალგია

ერითრომელალგია იშვიათი სინდრომია, რომლის დროსაც, კანის არტერიოლები პერიოდულად ფართოვდება, რასაც თან ახლავს მწველი ხასიათის ტკივილი, კანის სიმხურვალე, ტერფების და, უფრო იშვიათად, მტევნების სიწითლე.

ერითრომელალგიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაავადება ვლინდება 20 წლის და მეტი ასაკის პირებში. თანდაყოლილი ერითრომელალგიის იშვიათი ფორმა დაბადებისთანავე ან ბავშვობისას ვლინდება. უფრო იშვიათად დაავადების აღმოცენება დაკავშირებულია ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან, როგორიცაა ნიფედიპინი (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი) ან ბრომოკრიპტინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება). გარდა ამისა, ის ზოგიერთი დაავადების თანამდევია; ეს დაავადებებია: სისხლის დაავადებები (მიელოპროლიფერაციული დაავადებები), მაღალი სისხლის წნევა, ვენური უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროზული ლიქენი ჩიყვი, ზურგის ტვინის არხის დაავადებები, პოდაგრა, გაფანტული სკლეროზი. ერითრომელალგია ძირითადი დაავადების დიაგნოსტირებამდე 2-3 წლით ადრე იჩენს თავს.

ერითრომელალგიის სიმპტომებია: მწველი ტკივილი ტერფებში ან მტევნებში, მათი სიმხურვალე და სიწითლე. შეტევების მაპროვოცირებელია გარემოს მაღალი ტემპერატურა – დაახლოებით 29ºC და მეტი. სიმპტომები შეიძლება წლების განმავლობაში მსუბუქად იყოს გამოხატული ან პროგრესირებდეს.

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომების შეფასებას და კანის ტემპერატურის მომატების ფაქტს. სისხლის საერთო ანალიზი ტარდება გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

მკურნალობა გულისხმობს მოსვენებას, კიდურების მაღლა აწევას, ცივის დადებას ფეხებზე, ხელებზე ან კიდურების ცივ წყალში მოთავსებას. ეს ღონისძიებები ზოგჯერ ამსუბუქებს სიმპტომებს, ზოგჯერ შეტევების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. თუ არ დადგინდა ძირითადი, გამომწვევი დაავადება, სიმპტომების შესამსუბუქებლად ასპირინი ან გაბაპენტინი შეიძლება დაინიშნოს. ასპირინი არ ამცირებს სიმპტომებს, თუ დაავადება დაბადებისთანავე ან ადრეულ ასაკში გამოვლინდა. თუ მოხერხდა ძირითადი დაავადების იდენტიფიცირება, მისი მკურნალობა სიმპტომებს ამცირებს.