ანევრიზმები | მკურნალი.გე
  1. ანევრიზმები
  2. ანევრიზმა და აორტის განშრევება
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ანევრიზმები

ანევრიზმა არტერიის, როგორც წესი, აორტის, კედლის გამობერილობაა.

გამობერილობა ჩნდება არტერიის კედლის სუსტ (თხელ) ადგილას. არტერიის შიგნით არსებული წნევა აიძულებს სუსტ ადგილს, გამოიბეროს გარეთ. მკურნალობის გარეშე ანევრიზმა შეიძლება გასკდეს (რუპტურა) და გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა. შედეგი დამოკიდებულია გახეთქის ხარისხზე. დიდი ზომის რუპტურამ შეიძლება გამოიწვიოს დაუყოვნებელი სიკვდილი, ხოლო პატარა ზომისამ მოგვცეს გამაფრთხილებელი ნიშნები, რათა პაციენტმა დროულად მიმართოს სამედიცინო დახმარებას.

ანევრიზმები შეიძლება განვითარდეს აორტის გასწვრივ ნებისმიერ ადგილას. აორტის ანევრიზმები ვითარდება მუცლის ნაწილში (მუცლის აორტის ანევრიზმა), ხოლო დანარჩენი – აორტის გულმკერდის ნაწილის მონაკვეთში (გულმკერდის აორტის ანევრიზმა). ანევრიზმა შეიძლება აგრეთვე განვითარდეს მუხლის უკან (მუხლქვეშა ანევრიზმა), ბარძაყის არტერიებში, საძილე არტერიებში (სისხლით ამარაგებს თავს), ცერებრულ არტერიებში (ამარაგებს თავის ტვინს), გვირგვინოვან (კორონარულ) არტერიებში (ამარაგებს გულის კუნთს). ასაკოვან ხალხში ანევრიზმები ვითარდება არტერიების განტოტების ადგილას (მაგ., მუცლის აორტიდან თეძოს არტერიების გამოსვლის ადგილას) ან სტრესის (დატვირთვის) ადგილას (მაგ., მუხლქვეშა არტერია). ანევრიზმა შეიძლება იყოს მრგვალი (ტომრისებრი) ან მოგრძო (თითისტარისებრი). უმრავლესობა თითისტარისებრია.

აორტის ანევრიზმების განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი ათეროსკლეროზია, რომელიც ასუსტებს აორტის კედელს. ნაკლებად ხშირ მიზეზებს მიეკუთვნება დაზიანება, აორტის ანთებითი დაავადება (აორტიტი), თანდაყოლილი შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი და ზოგიერთი ინფექციური დაავადება, როგორიცაა სიფილისი (ათაშანგი). მარფანის სინდრომის მქონე პაციენტებში ანევრიზმა ვითარდება აორტის გულიდან გამოსვლის შემდეგ (ასწვრივი აორტა). ასაკოვნებში თითქმის ყველა ანევრიზმის განვითარება დაკავშირებულია ათეროსკლეროზთან. მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ხშირია ასაკოვნებში, თამბაქოს მოხმარება ზრდის ანევრიზმის განვითარების რისკს.

ანევრიზმაში ხშირად ვითარდება სისხლის კოლტი (თრომბი), ვინაიდან სისხლის ნაკადი ამ ადგილას ნელია. თრომბი შეიძლება გავრცელდეს ანევრიზმის მთელი კედლის გასწვრივ. თრომბი შეიძლება მოწყდეს (ემბოლი), გადავიდეს სისხლის მიმოქცევაში და დაბლოკოს არტერიები. მუხლქვეშა არტერიის ანევრიზმას ემბოლის წარმოქმნა უფრო მეტად ახასიათებს, ვიდრე სხვა არტერიის ანევრიზმებს. ზოგჯერ ანევრიზმის კედელში თანდათანობით გროვდება კალციუმი.

მუცლის აორტის ანევრიზმები

მუცლის აორტის ანევრიზმები ვითარდება აორტის იმ ნაწილში, რომელიც გადის მუცელში.

  • ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს პულსაციის შეგრძნება მუცელში, ხოლო გახეთქისას ძლიერი, აუტანელი ტკივილი;

  • ექიმები ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ ანევრიზმას გასინჯვისას ან სხვა პრობლემის გამო ჩატარებული გამოსახულებითი კვლევებისას;

  • ინიშნება სისხლის წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები, ხოლო მზარდი ან დიდი ზომის ანევრიზმების დროს ხდება კედლის აღდგენა ღია ან ენდოვასკულური ქირურგიული მეთოდით (სტენტი-შუნტის გამოყენება);

მუცლის აორტის ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა, უფრო ხშირია მისი განვითარება მამაკაცებში 50-დან 80 წლამდე ასაკში. მუცლის ანევრიზმის შემთხვევები შეიძლება იყოს ოჯახური, ვლინდება მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში და განსაკუთრებით მწეველებში. ანევრიზმების დაახლოებით 20% სკდება.

სიმპტომები

ადამიანებს, რომელთაც აქვთ მუცლის აორტის ანევრიზმა, სიმპტომები ხშირად არ აქვთ გამოხატული; თუმცა, ზოგიერთი მუცლის არეში პულსაციას შეიგრძნობს. ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, როგორც წესი, ღრმა, ზურგში გადაცემით. ტკივილი ძლიერი და აუტანელია, თუ ანევრიზმამ გაჟონვა დაიწყო.

ანევრიზმის რუპტურისას პირველი სიმპტომია აუტანელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და ზურგში, მგრძნობელობის მატება ანევრიზმის ირგვლივ. თუ შინაგანი სისხლდენა ძლიერია, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს შოკი. გახეთქილი მუცლის აორტის ანევრიზმა ხშირად ფატალურ შედეგს იძლევა.

დიაგნოზი

ტკივილი ინფორმაციული, მაგრამ გვიანი სადიაგნოზო ნიშანია. ანევრიზმის მქონე ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს სიმპტომები და დიაგნოზის დასმა შემთხვევით ხდება ფიზიკური გასინჯვის ან გამოსახულებითი კვლევის საფუძველზე (როგორიცაა ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია), როდესაც პაციენტი სხვა მიზეზის გამო მიმართავს ექიმს. ექიმები შეიგრძნობენ მოპულსირე მასას მუცლის შუა ნაწილში. სტეთოსკოპის მოთავსებით შუა ნაწილში ისმის შუილი, რომელიც გამოწვეულია ანევრიზმაში სისხლის გავლისას, რომელსაც ამ ადგილას ტურბულენტური მოძრაობა ახასიათებს. მსუქან ადამიანებში დიდი ზომის ანევრიზმაც კი რთული სანახავია. სწრაფად მზარდი ანევრიზმები, რომლებიც გასკდომის პირას არის, იძლევიან ტკივილს ან ხელით მუცლის გასინჯვის დროს მომატებულ მგრძნობელობას.

ზოგჯერ მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიით ჩანს ანევრიზმა კალციუმის გროვებით სისხლძარღვის კედელში, მაგრამ ეს პროცედურა არ იძლევა სხვა ინფორმაციას. კვლევის სხვა მეთოდები უფრო ინფორმაციულია ანევრიზმის აღმოსაჩენად და ზომის დასადგენად. ჩვეულებრივ, ანევრიზმის ზომების განსაზღვრის კარგ საშუალებას ულტრასონოგრაფია იძლევა. ანევრიზმის აღმოჩენის შემდეგ კეთდება საკონტროლო ულტრასონოგრაფიული კვლევა რამდენიმე თვეში ერთხელ, რათა ინახოს, იზრდება თუ არა ანევრიზმა და თუ იზრდება, რამდენად სწრაფად. მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია, განსაკუთრებით ინტრავენურად შეყვანილი რადიოკონტრასტული ნივთიერების შემდეგ, უფრო დეტალურად განსაზღვრავს ანევრიზმის ზომას და ფორმას, ვიდრე ულტრასონოგრაფია; თუმცა, ეს მეთოდი ინვაზიურია გამოსხივების გამო. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც ინფორმაციულია, თუმცა შეიძლება არ იყოს ისე ადვილად ხელმისაწვდომი, როგორც ულტრასონოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა

5 სმ-მდე ზომის ანევრიზმები იშვიათად სკდება. ამ დროს მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს – არტერიული წნევის დასაქვეითებლად და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას. გამოსახულებითი კვლევები ტარდება გავრცელების ზომის დასადგენად და აღდგენის საჭიროების განსასაზღვრავად. თავდაპირველად პროცედურები ტარდება ყოველ 3-6 თვეში ერთხელ, შემდეგ სხვადასხვა ინტერვალით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად იზრდება ანევრიზმა.

ანევრიზმები, რომელთა დიამეტრიც 5-5,5სმ-ზე მეტია შეიძლება გასკდეს, ამიტომ ექიმები რეკომენდაციას უწევენ ქირურგიულ ჩარევას, სანამ ოპერაციული ჩარევა კონკრეტული პაციენტისთვის სარისკო გახდება. ქირურგიული ჩარევა მოიცავს სინთეზური იმპლანტის ჩადგმას ანევრიზმის კედლის აღსადგენად. არსებობს ორი სახის მიდგომა. ტრადიციული მიდგომით პაციენტს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ უტარდება განაკვეთი მკერდის ძვლის ქვემოდან ჭიპის ქვედა ნაწილამდე. იმპლანტი თავსდება აორტაში, ანევრიზმის კედლები გარს ეკვრის იმპლანტს და ნაკერი იკერება. პროცედურა გრძელდება 3-6 საათი, საავადმყოფოში დაყოვნება არის 5-8 დღე. ახალი, ნაკლებად ინვაზიური მეთოდია ენდოვასკულურად სტენტის იმპლანტირება. გამოიყენება რეგიონული (ეპიდურული) ანესთეზია, რომლის დროსაც, მგრძნობელობა დაკარგულია მხოლოდ წელს ქვემოთ. ბარძაყის არეში მცირე განაკვეთის გაკეთების შემდგომ თხელი კათეტერი ტარდება ბარძაყის არტერიის გავლით აორტის ანევრიზმაში. მილი (კათეტერი), რომელიც შეიცავს სტენტ-იმპლანტს (ჰგავს გასაშლელ ბუშტს) ტარდება მანდრენში და თავსდება ანევრიზმაში. სტენტ-იმპლანტი იხსნება, სისხლის ნაკადისთვის მდგრადი არხის ჩამოყალიბებით. ამ პროცედურის ხანგრძლივობა 2-5 საათია, საავადმყოფოში დაყოვნების დრო – 2-5 დღე. სიკვდილიანობის რისკი იმპლანტის ჩადგმისას 2-5%-ია.

მუცლის აორტის რუპტურა ან მოსალოდნელი რუპტურა მოითხოვს გადაუდებელ ღია ქირურგიულ ჩარევას ან ენდოვასკულურად სტენტის ჩადგმას. სიკვდილიანობის რისკი გახეთქილი ანევრიზმის გადაუდებელი აღდგენისას შეადგენს 50%-ს. სიკვდილიანობის რისკი შეიძლება ნაკლები იყოს და შეადგენდეს 20-30%-ს ენდოვასკულური სტენტის ჩადგმისას. ანევრიზმის გასკდომის შემდეგ შეიძლება თირკმლები დაზიანდეს, ვინაიდან მათი სისხლმომარაგება წყდება ან სისხლის დანაკარგი იწვევს შოკს. თუ ოპერაციის შემდეგ განვითარდა თირკმლის უკმარისობა, გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. მუცლის აორტის გახეთქილი, არანამკურნალები ანევრიზმები ყოველთვის სიკვდილს იწვევს.

გულმკერდის აორტის ანევრიზმები

გულმკერდის აორტის ანევრიზმები ვითარდება აორტის გულმკერდის ნაწილში.

  • გულმკერდის აორტის ნაწილის ანევრიზმამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები ან გამოვლინდეს ტკივილით, ხველით ან მსტვინავი სუნთქვით;

  • ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში პაციენტებს აქვთ ძალიან ძლიერი, აუტანელი ტკივილი, რომელიც იწყება ბეჭებიდან და გადადის დაბლა წელში და მუცელში;

  • ანევრიზმები ხშირად შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე; მათი აღმოჩენის შემდეგ ექიმები

  • ატარებენ რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან სხვა გამოსახულებით კვლევას, რათა განსაზღვრონ ზუსტი ზომა და ლოკალიზაცია.

  • ექიმები ცდილობენ, უმკურნალონ ანევრიზმას, სანამ ის გასკდება.

გულმკერდის აორტის ანევრიზმების აღმოჩენა ამჟამად გახშირდა, რაც გამოწვეულია გულმკერდის არეში კომპიუტერული ტომოგრაფიის ფართო გამოყენებით სხვა დაავადებების სადიაგნოზოდ. გულმკერდის აორტის ხშირი ფორმებისას აორტის კედლები განიცდის დეგენერაციას (მდგომარეობას ეწოდება მედიალური ცისტური ნეკროზი) და აორტის ის ნაწილი, რომელიც ახლოა გულთან, განიერდება. ამ გაფართოების შედეგად გულსა და აორტას შორის არსებული სარქველი (აორტის სარქველი) შეიძლება სრულად აღარ დაიკეტოს, მოხდეს სისხლის უკან, გულში ჩადენა სარქვლის დახურვის შემდეგაც. ამ დარღვევას ეწოდება აორტის სარქვლის რეგურგიტაცია. ამ სახის ანევრიზმის მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს აქვს მარფანის სინდრომიც. პაციენტთა მეორე ნახევარში, გამომწვევი მიზეზი არ არის ნათელი, თუმცა, მათ დიდ ნაწილს აქვს მაღალი არტერიული წნევა. იშვიათად სიფილისი (ათაშანგი) იწვევს გულთან ახლოს გულმკერდის აორტის ანევრიზმას. გულისგან მოშორებული გულმკერდის ნაწილის ანევრიზმები შესაძლოა განვითარებული იყოს გულმკერდის ტრავმის შედეგად.

სიმპტომები

გულმკერდის ნაწილის აორტის ანევრიზმები შეიძლება ძალიან დიდი ზომის იყოს და სიმპტომებს არ იძლეოდეს. სიმპტომების გაჩენა გამოწვეულია აორტის მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის შედეგად წნევის მატებით და დამოკიდებულია ანევრიზმის მდებარეობაზე. ტიპური სიმპტომებია ტკივილი (როგორც წესი, ზურგის ზედა ნაწილში), ხველა, მსტვინავი სუნთქვა. იშვიათად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სისხლიანი ნახველი ანევრიზმის ტრაქეაზე ან მიმდებარე სასუნთქ გზებზე ზეწოლის ან ეროზიის გამო. ყლაპვა შეიძლება გაძნელებული იყოს საყლაპავზე (ატარებს საკვებს კუჭისკენ) ანევრიზმის ზეწოლის გამო. ხმის ჩახლეჩა შეიძლება გამოწვეული იყოს ნერვზე ზეწოლის გამო (ხორხის არე). სიმპტომების ჯგუფი, წოდებული ჰორნერის სინდრომად, შეიძლება განვითარდეს გულმკერდის არეში ნერვზე ზეწოლის შედეგად. სიმპტომები მოიცავს გუგების შევიწროებას, ქუთუთოს დაშვებას, სახის ერთ ნაწილში ოფლიანობას. გულმკერდში პათოლოგიური პულსაციის შეგრძნება შეიძლება მიუთითებდეს ანევრიზმის არსებობაზე. რენტგენოგრაფიით შესაძლოა ინახოს გადანაცვლებული საყლაპავი.

გულმკერდის აორტის ანევრიზმის გახეთქისას აუტანელი ტკივილი იწყება ზურგის ზედა ნაწილში, რუპტურის პროგრესირებასთან ერთად ტკივილი შესაძლოა გადაეცეს დაბლა წელისკენ და მუცლისკენ. ტკივილი შეიგრძნობა აგრეთვე გულმკერდში, ზედა კიდურებში, ისევე როგორც გულის შეტევისას. ადამიანი მალე ვარდება შოკში და კვდება შინაგანი სისხლდენით.

დიაგნოზი

გულმკერდის აორტის ანევრიზმის დიაგნოზი შესაძლოა სიმპტომების საფუძველზე ან რუტინული სამედიცინო გასინჯვისას შემთხვევით დაისვას. სხვა პრობლემის გამო ჩატარებული გულმკერდის არის რენტგენოგრაფია ასევე ავლენს ანევრიზმას. კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ან ტრანსეზოფაგური ულტრასონოგრაფია (ულტრასონოგრაფის გადამცემი თავსდება საყლაპავში ყელიდან) გამოიყენება ანევრიზმის ზუსტი ზომის დასადგენად. აორტოგრაფია ან კტ ანგიოგრაფია (რენტგენოგრაფიული პროცედურა ან კომპიუტერურული ტომოგრაფია რადიოკონტრასტული ნივთიერების ინტრავენურად შეყვანის შემდგომ, რომელიც გამოსახავს ანევრიზმას) ტარდება ოპერაციული ჩარევის საჭიროების და ჩარევის ტიპის განსასაზღვრავად. ალტერნატიული მეთოდის სახით შეიძლება გამოყენებული იქნეს მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.

მკურნალობა

გულმკერდის აორტის ანევრიზმის მკურნალობა უმჯობესია, მის გახეთქამდე ჩატარდეს. ამიტომ, როდესაც მისი ზომა მიაღწევს 5,5 სმ-ს ან მეტს, ტარდება ღია ქირურგიული ან ენდოვასკულური სტენტირება და სინთეტიკური იმპლანტი გამოიყენება ისევე, როგორც მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში. ოპერაციულ ჩარევამდე გულის რიტმის და არტერიული წნევის შესამცირებლად ინიშნება ბეტა-ბლოკერები, კალციუმის არხის ბლოკერები ან სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები. აღნიშნულის შედეგად ანევრიზმის რუპტურის განვითარების რისკი მცირდება. პაციენტი საავადმყოფოში რჩება 5-8 დღე ტრადიციული ქირურგიული ჩარევის შემდეგ (გულმკერდი იხსნება) და 2-5 დღე სტენტის იმპლანტირებისას (ბარძაყის არტერიიდან შეყვანილი დრეკადი კათეტერის საშუალებით). პაციენტებში, რომელთაც აქვს მარფანის სინდრომი, რუპტურის რისკი უფრო მაღალია, ამიტომ ექიმმა ქირურგიული აღდგენა შეიძლება მოითხოვოს უფრო მცირე ზომის ანევრიზმების დროსაც.

გულმკერდის აორტის ანევრიზმის აღდგენისას სიკვდილიანობის რისკი 5-15%-ს შეადგენს, მაგრამ გახეთქილ ანევრიზმაზე ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში ეს რიცხვი იზრდება 50%-მდე. გულმკერდის აორტის გახეთქილი ანევრიზმა მკურნალობის გარეშე ყოველთვის სიკვდილს იწვევს.

სხვა არტერიების ანევრიზმები

ანევრიზმები აორტის გარდა შეიძლება განვითარდეს სხვა არტერიებშიც, როგორიცაა მუხლქვეშა არტერიები (მუხლის უკან), ბარძაყის არტერიები (ბარძაყებში), კორონარული (გვირგვინოვანი არტერიები გულის გარშემო) და იშვიათად საძილე არტერიებში (კისერზე). ასაკოვან ხალხს ზემოხსენებულ ადგილებში ანევრიზმა უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.

ანევრიზმების უმეტესობა თანდაყოლილია ან გამოწვეულია ათეროსკლეროზით. სხვა მიზეზებია ნაჩხვლეტი ან ტყვიით მიყენებული ჭრილობა, არტერიის კედლის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. ეს ინფექციები, როგორც წესი, იწყება ორგანიზმში სხვა ადგილას, ტიპურად გულის სარქვლებში.

მუხლქვეშა და ბარძაყის არტერიების ანევრიზმების უმრავლესობა არ იძლევა სიმპტომებს. თუმცაღა ანევრიზმაში შეიძლება ჩამოყალიბდეს სისხლის კოლტი (თრომბი), შემდეგ მოწყდეს და ემბოლის სახით დაბლოკოს არტერიები წვივებსა და ტერფში. საძილე არტერიების ანევრიზმებიდან წამოსულმა ემბოლებმა შეიძლება დაბლოკონ თავის ტვინის სისხლძარღვები და გამოიწვიონ ინსულტი. მუხლქვეშა, ბარძაყის ანევრიზმა, აგრეთვე, კორონარული და საძილე არტერიების ანევრიზმები იშვიათად სკდება.

ექიმებმა დაზიანებულ არტერიაში შეიძლება შეიგრძნონ მფეთქავი (მოპულსირე) მასა. დიაგნოზი დასტურდება ულტრასონოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. მუხლქვეშა არტერიების ანევრიზმებისთვის, რომელთა დიამეტრი 2.5 სმ-ზე მეტია, მოწოდებულია ღია ოპერაციული ჩარევა ან ენდოვასკულური სტენტირება. ბარძაყის და საძილე არტერიების ანევრიზმები, როგორც წესი, ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს.

ანევრიზმები ასევე შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის არტერიებში (ცერებრული არტერიები). ცერებრული არტერიების ანევრიზმების გახეთქამ შესაძლოა გამოიწვიოს ტვინის ქსოვილში სისხლდენა (ინტრაცერებრული ჰემორაგია) და ინსულტი. ვინაიდან ცერებრული ანევრიზმები ახლოსაა თავის ტვინთან და, როგორც წესი, ზომაში პატარები არიან, მათი დიაგნოსტირება და მკურნალობა განსხვავდება სხვა არტერიების ანევრიზმებისგან. ცერებრული არტერიების ინფიცირებული ანევრიზმები განსაკუთრებით საშიშია და მოითხოვს ადრეულ ეტაპზე მკურნალობას. მკურნალობა ხშირად ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს.