ზედაპირული თრომბოფლებიტი | მკურნალი.გე
  1. ზედაპირული თრომბოფლებიტი
  2. ვენების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ზედაპირული თრომბოფლებიტი

ზედაპირული თრომბოფლებიტი (ზედაპირული ფლებიტი) ზედაპირული ვენის ანთება და მასში თრომბის წარმოქმნაა.

  • ვენის გარშემო კანი წითლდება, შუპდება, მტკივნეული ხდება;

  • დიაგნოზი დაზიანებული მიდამოს შემოწმებას ეფუძნება; ლაბორატორიული კვლევების ჩატარება არ არის საჭირო;

  • პაციენტებს, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ტკივილის შესამსუბუქებლად ტკივილდამაყუჩებელი წამლები ეძლევათ.

ზედაპირული თრომბოფლებიტი ყველაზე ხშირად ქვედა კიდურების ზედაპირულ ვენებს აზიანებს, თუმცა, შესაძლოა, დააზიანოს ზედა კიდურებისა და საზარდულის ვენებიც. ზედა კიდურების ზედაპირული თრომბოფლებიტი, როგორც წესი, ინტრავენური კათეტერის ჩადგმის შედეგად ვითარდება. ხშირად, თრომბოფლებიტი ემართება პაციენტებს, რომელთაც ვარიკოზული ვენები აქვთ. ამავე დროს, ვარიკოზული ვენების მქონე პაციენტების უმრავლესობას თრომბოფლებიტი არ აღენიშნება.

ვარიკოზული ვენის ანთებას მსუბუქი დაზინებაც კი იწვევს. ღრმა ვენების თრომბოზისგან განსხვავებით, რომელიც სუსტი ინტენსივობის ანთების მიზეზი ხდება, ზედაპირული თრომბოფლებიტის დროს ანთებითი რეაქცია მწვავე და მკვეთრია, რის შედეგადაც თრომბი მჭიდროდ ეკვრის ვენის კედელს. მოხსენიებული ამცირებს თრომბის ემბოლად გარდაქმნის შანსს. ღრმა ვენებისგან განსხვავებით, ზედაპირული ვენების გარშემო არ არის განლაგებული კუნთები რომელთა შეკუმშვაც ვენაზე ზეწოლას და, შესაბამისად, თრომბის გადააადგილებას გამოიწვევს. ამის გამო ზედაპირული თრომბოფლებიტები იშვიათად იწვევს ემბოლიას.

ნორმულ ვენაში განვითარებულ განმეორებით თრომბოფლებიტს მიგრაციული ფლებიტი ან მიგრაციული თრომბოფლებიტი ეწოდება. ის შეიძლება სერიოზული ძირითადი დაავადებით იყოს გამოწვეული, მაგალითად, შინაგანი ორგანოს სიმსივნით. მიგრაციული ფლებიტის და შინაგანი ორგანოს სიმსივნის თანხვედრას ტრუსოს სინდრომს უწოდებენ.

სიმპტომები და დიაგნოზი

ადგილობრივი ტკივილი და შეშუპება სწრაფად ვითარდება, კანი ვენის ირგვლივ გაწითლებული და გახურებულია, ძალიან მგრძნობიარეა. ვენის დათრომბვის გამო ვენა შეიგრძნობა როგორც კანქვეშ მოთავსებული მკვრივი ბაგირაკი და არა როგორც ნორმული ან ვარიკოზული ვენა. ვენის კონტურები შეიძლება მთელ სიგრძეზე ცუდად შეიგრძნობოდეს. დიაგნოზი, როგორც წესი, ნათელია მტკივნეული ადგილის დათვალიერების შემდეგ, თუმცაღა, საჭიროა ზედაპირული თრომბოფლებიტის და ცელულიტის ერთმანეთისგან გამიჯვნა; მათი მკურნალობა განსხვავებულია.

მკურნალობა

ზედაპირული თრომბოფლებიტი ხშირად თავისით იკურნება. ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად ასპირინი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, როგორც წესი, ამცირებს ტკივილს. მიუხედავად იმისა, რომ ანთება, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ჩაცხრება ხოლმე, რამდენიმე კვირა შეიძლება გავიდეს, სანამ ადგილობრივი სიმკვრივე და მომეტებული მგრძნობელობა სრულად ალაგდება. პროცესის დასაჩქარებლად ზოგჯერ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებით ექიმები თრომბს იღებენ და ჭრილობას რამდენიმე დღით ელასტიკურ სახვევს დაადებენ ხოლმე.