ვენების ვარიკოზი | მკურნალი.გე
  1. ვენების ვარიკოზი
  2. ვენების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ვენების ვარიკოზი

ვენების ვარიკოზი არის ქვედა კიდურების ზედაპირული ვენების პათოლოგიური გაგანიერება.

  • ვენების ვარიკოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ქავილის და დაღლილობის შეგრძნება;

  • ვარიკოზის დიაგნოზი ეფუძნება კანის დათვალიერებას;

  • ვარიკოზული ვენების მოცილება შესაძლებელია ინექციური თერაპიით (სკლეროთერაპია) ან ოპერაციული ჩარევით; აღნიშნულის შემდეგ ხშირია ახალი ვარიკოზების წარმოქმნა.

ვარიკოზული ვენების განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. საფიქრებელია, რომ ძირითადი პრობლემა ზედაპირული ვენების კედლების სისუსტეა. რომელიც შეიძლება მემკვიდრული იყოს. დროთა განმავლობაში კედლების სისუსტე მათი ელასტიკურობის დაქვეითებას იწვევს. ვენები იწელება, გრძელდება და ფართოვდება. ნორმული ვენისთვის განკუთვნილ სივრცეში დაგრძელებული ვენა იკლაკნება – კანქვეშ ჩანს ქვეწარმავალივით დაკლაკნილი შესივებები. ვენების ვარიკოზი ხშირად ჩნდება ორსულობისას, მშობიარობის შემდეგ ქრება.

დაგრძელებაზე უფრო მნიშვნელოვანი ვენების გაფართოებაა, რაც სარქვლის კარედების ერთმანეთისგან დაშორებას იწვევს. პაციენტის ფეხზე დგომისას სისხლი გრავიტაციის გავლენით ქვემოთ ჩაედინება – დაცილებული სარქვლები ნაკადს ვერ აფერხებს. უკან ჩადენილი სისხლი სწრაფად ავსებს ვენებს და თხელკედლიანი, დაკლაკნილი ვენების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას იწვევს. ზოგიერთი დამაკავშირებელი ვენა, რომელსაც ნორმაში სისხლი ზედაპირული ვენებიდან ღრმა ვენებში გადააქვს, ფართოვდება. ამას კარედების ერთმანეთისგან დაცილება მოჰყვება, რის გამოც, ღრმა ვენებზე კუნთების ზეწოლისას, სისხლი უკან ბრუნდება ზედაპირულ ვენებში, რაც მათ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას იწვევს.

ბევრ ადამიანს ვარიკოზული ვენებით ან მის გარეშე აქვს ობობასებრი ვენები, რომლებიც გაფართოებული კაპილარებია. ობობასებრი ვენები შეიძლება განვითარდეს ვარიკოზული ვენების სისხლის ზეწოლით, მაგრამ მიზეზი ძირითადად ჰორმონული ფაქტორია, რომელიც ჯერ არ არის ზუსტად განსაზღვრული. სწორედ ფაქტორის არსებობით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ობობასებრი ვენები ხშირია ქალებში, განსაკუთრებით ორსულობისას.

სიმპტომები და გართულებები

გარდა იმისა, რომ ვარიკოზული ვენები კოსმეტიკური დეფექტია, ის ხშირად ტკივილს, ქვედა კიდურებში დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. თუმცა გამონაკლისებიც არის – ბევრ პაციენტს ტკივილი არ აქვს. წვივის ქვედა ნაწილსა და კოჭის არეში ქავილია შესაძლებელი, განსაკუთრებით, როცა ფეხი თბილია ჩვეულებრივი ან მაღალყელიანი წინდების ხმარების შემდეგ. ქავილი კანის დაზიანებას იწვევს, რასაც შესაძლოა სიწითლე, გამონაყარი მოჰყვეს და ეს ყველაფერი შეცდომით მშრალ კანად იქნეს მიჩნეული. ზოგჯერ ტკივილი, ვარიკოზების ჩამოყალიბების პროცესში უფრო ძლიერია, ვიდრე უკვე სრულად ფორმირებული ვარიკოზების არსებობისას.

ვარიკოზული ვენების მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება ისეთი გართულებები, როგორიცაა დერმატიტი, ვენების ანთება (ფლებიტი) ან სისხლდენა. დერმატიტის დროს კანზე კოჭის შიგნითა ზედა ზედაპირზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი, აღინიშნება ქავილის შეგრძნება ან მოყავისფრო ზონა. გაკაწვრამ ან მცირე ტრავმამ, განსაკუთრებით გაპარსვის დროს, შესაძლოა, გამოიწვიოს სისხლდენა ან მტკივნეული წყლულის გაჩენა, რომელიც არ ხორცდება. სისხლდენა წყლულებიდანაც შეიძლება განვითარდეს. ფლებიტი ზოგჯერ სპონტანურად იწყება, ზოგჯერ – დაზიანების შედეგად. მიუხედავად ტკივილისა, ვარიკოზული ვენების დროს განვითარებული ფლებიტი საშიში იშვიათად თუ არის.

დიაგნოზი

ჩვეულებრივ, ვარიკოზული ვენები კარგად ჩანს კანქვეშა გამობერილობის სახით, თუმცა სიმპტომები შესაძლოა ხილული ცვლილებების გამოჩენამდე აღმოცენდეს. ასეთ შემთხვევებში დახელოვნებული ექიმი ხელით გასინჯვისას ამოიცნობს დაავადებას.

რენტგენოგრაფია და ულტრასონოგრაფია გამოიყენება ღრმა ვენების ფუნქციონირების შესაფასებლად ქირურგიულ ჩარევამდე. როგორც წესი, ეს კვლევები აუცილებელია ღრმა ვენების ფუნქციის დაქვეითებაზე ეჭვის დროს, სახელდობრ, თუ კანზე ცვლილებებია გამოხატული და/ან კოჭებია შეშუპებული. ეს უკანასკნელი კანქვეშა ქსოვილებში სითხის დაგროვების შედეგია. მხოლოდ ვენების ვარიკოზი შეშუპებას არ იწვევს.

მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ვარიკოზული ვენების მოცილება ინექციური თერაპიით (სკლეროთერაპია) ან ქირურგიული ჩარევით, დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია. მკურნალობა მხოლოდ სიმპტომებს ამცირებს, კოსმეტიკური ეფექტი აქვს და გართულებების პრევენციას ხდის შესაძლებელს. ქვედა კიდურის ზემოთ აწევა – წოლა ან ჯდომისას ტერფის დასადები სკამის (საფეხურის) გამოყენება, ამსუბუქებს სიმპტომებს, მაგრამ თავიდან ვერ აცილებს პაციენტს ახალი ვარიკოზების წარმოქმნას. ორსულობის დროს გაჩენილი ვარიკოზული ვენები, როგორც წესი, ქრება მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ. მკურნალობა საჭირო არ არის.

ელასტიკური წინდები, ვენებზე ზეწოლის გზით, იცავს მათ დაჭიმვისგან, კანს – დაზიანებისგან. პაციენტებს, რომლებსაც არ სურთ ოპერაციული ჩარევა ან სკლეროთერაპია, ან ჩარევა მათთვის უკუნაჩვენებია, შეუძლიათ ელასტიკური წინდები ატარონ.

ქირურგიული ჩარევა: ქირურგიული ჩარევის მიზანია ვარიკოზული ვენების რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მოცილება. ქირურგები თავს არიდებენ საჩინო ვენაზე ჩარევას, ვინაიდან ის, საჭიროების შემთხვევაში, სისხლძარღვოვან შუნტად შეიძლება იქნეს გამოყენებული ქირურგიული ოპერაციის დროს კორონარული არტერიების სამკურნალოდ, აგრეთვე პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს. ეს ვენა ყველაზე გრძელი ზედაპირული ვენაა, ის კოჭიდან საზარდულამდე გრძელდება, სადაც ბარძაყის ვენას (ქვედა კიდურის ძირითადი ღრმა ვენა) უერთდება. ვენის ამოსაკვეთად ქირურგები აკეთებენ ორ განაკვეთს – ერთს საზარდულის არეში, მეორეს კოჭთან, ვენის ორივე ბოლოს აშიშვლებენ, ვენაში მთელ სიგრძეზე შეჰყავთ ელასტიკური მარყუჟი და მისი გამოქაჩვის მეშვეობით იღებენ ვენას.

სხვა ვარიკოზული ვენების ამოღების საჭიროებისას განაკვეთები კეთდება სხვა ადგილებში. ზედაპირული ვენები, ღრმა ვენებისაგან განსხვავებით, უმნიშვნელო როლს ასრულებს სისხლის გულისკენ გადატანაში, რის გამოც მათი მოშორება ცირკულაციის გაუარესებას არ იწვევს, თუ ღრმა ვენები ნორმალურად ფუნქციონირებს.

ვარიკოზული ვენების მოშორება ხანგრძლივი პროცედურაა, ამიტომ პაციენტს ზოგადი ნარკოზი ეძლევა. ოპერაციის შემდეგ სიმპტომები მცირდება, გართულებები აღარ ვითარდება, მაგრამ ნაწიბურები რჩება. რაც უფრო ფართომასშტაბიანია ჩარევა, მით უფრო დიდი ხნის შემდეგ ყალიბდება ახალი ვარიკოზები. ვარიკოზული ვენების ამოკვეთა არ ამცირებს ახალი ვარიკოზების განვითარების შესაძლებლობას.

ინექციური თერაპია (სკლეროთერაპია): ქირურგიული ჩარევის ალტერნატივაა სკლეროთერაპია, რომლის დროსაც, ვენის კედლებს ერთმანეთთან აწებებენ, ისე, რომ სანათური იხშობა და მასში სისხლი ვეღარ გადის. ვენაში ნემსით შეჰყავთ სპეციალური ხსნარი, რომლის ზემოქმედებით თრომბი (კოლტი) წარმოიქმნება. აღნიშნულის მიზანია უსაფრთხო ზედაპირული თრომბოფლებიტის ჩამოყალიბება. თრომბი მკურნალობის პროცესში ნაწიბუროვან ქსოვილად გარდაიქმნება, რომელიც დაეცობა ვენას; თუმცაღა, ზოგჯერ თრომბი, ნაწიბურად გარდაქმნის ნაცვლად, იშლება და ვარიკოზული ვენა ხელახლა იხსნება.

ინექციური მკურნალობა აშშ-ში ხშირად ტარდებოდა 1930-1950 წლებში, ამჟამად აღარ გამოიყენება გართულებებისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. თანამედროვე მიდგომები უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებისას ვენაში ზემოხსენებული სპეციალური ხსნარის შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილს ნახვევი ედება, რომელიც ვენაზე ზეწოლის შედეგად ამცირებს თრომბის ზომას. მცირე ზომის თრომბი უხშირესად მცირე ზომის ნაწიბურს წარმოქმნის. ამ მეთოდით მკურნალობისას სათანადო ინტენსივობის ზეწოლა აყუჩებს ფლებიტთან დაკავშირებულ ტკივილს.

მიუხედავად იმისა, რომ ინექციური მკურნალობა უფრო შრომატევადია, ვიდრე ქირურგიული ჩარევა, მას აქვს უპირატესობებიც, სახელდობრ: არ არის საჭირო ანესთეზია, ახლად წარმოქმნილი ვარიკოზული ვენების მკურნალობა შეიძლება მათი ჩამოყალიბებისთანავე, სამკურნალო პროცედურებს შორის პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. მიუხედავად მოხსენიებული უპირატესობებისა, ზოგიერთი ექიმი ინექციურ თერაპიას საჭიროდ მიიჩნევს მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ განვითარებული ვარიკოზების სამკურნალოდ ან როდესაც პაციენტს კოსმეტიკური პრობლემების მოგვარება სურს.

იმ შემთხვევაში, თუ ობობას ქსელისმაგვარი ვენები იწვევს ტკივილს, წვის შეგრძნებას ან კოსმეტიკურად მიუღებელია პაციენტისთვის, მათი მკურნალობაც შეიძლება ინექციური თერაპიით.

ლაზეროთერაპია: ზოგიერთი ქირურგი ლაზერულ მკურნალობას ექსპერიმენტულად იყენებს ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ. ლაზერული გამოსხივების უწყვეტი ნაკადით შესაძლებელია ქსოვილის ამოკვეთა ან დაშლა. ამ მეთოდის გამოყენების მართლზომიერება ჯერ არ არის დადგენილი. ობობას ქსელისმაგვარი ვენური კაპილარების სამკურნალოდ ეფექტურია ინტენსიური პულსური სხივების გამოყენება. ეს მეთოდი ლაზეროთერაპიის მსგავსია.