გულმკერდის ღრუ | მკურნალი.გე
  1. გულმკერდის ღრუ
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების ბიოლოგია
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
გულმკერდის ღრუ

ფილტვები მოთავსებულია გულმკერდის ღრუში, სივრცეში, რომელიც ასევე მოიცავს შუასაყარსაც (მედიასტინუმს). შუასაყარი მდებარეობს გულმკერდის ღრუს ცენტრალურ ნაწილში და მასში მოთავსებულია გული, თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი), ლიმფური ჯირკვლები, ასევე აორტის, ღრუ ვენების ნაწილი, ტრაქეა, საყლაპავი მილი და სხვადასხვა ნერვი. შუასაყარი შემოისაზღვრება წინიდან მკერდის ძვლით, უკნიდან – ხერხემლის სვეტით, ზემოდან – გულმკერდის ღრუს შესასვლელით, ქვემოდან – დიაფრაგმით. ფუნქციურად შუასაყარი მარჯვენა და მარცხენა ფილტვს ერთმანეთისგან ყოფს. მაგალითად, თუ გულმკერდის კედელი ერთ რომელიმე მხარეს დაზიანდება, რაც გამოიწვევს იმ მხარეს ფილტვის დაზიანებასა და ჩაფუშვას (კოლაფსს), ამ შემთხვევაში მეორე ფილტვი რჩება ნორმალურ ფუნქციურ მდგომარეობაში, რადგან შუასაყარი, რომელიც ფილტვებს შორის არის მოთავსებული, გამოყოფს მათ ერთმანეთისგან.

გულმკერდის ღრუში მოთავსებული ფილტვები და სხვა ორგანოები დაცულია ძვლოვანი კოლოფით – გულმკერდის ყაფაზით, რომელიც იქმნება მკერდის ძვლით, ნეკნებითა და ხერხემლით. ნეკნების 12 წყვილი რკალი უკნიდან წინისაკენ მიემართება და შემოუვლის გულმკერდს. ნეკნების თითოეული წყვილი დაკავშირებულია ხერხემლის ძვლებთან (მალებთან). გულმკერდის წინა ზედაპირზე ზედა 7 წყვილი ნეკნი ხრტილების საშუალებით მკერდის ძვალს უერთდება. მერვე, მეცხრე და მეათე ნეკნთა წყვილები ხრტილებით უკავშირდებიან ერთმანეთს, ხოლო ბოლო ორი წყვილი (მცურავი ნეკნები) სიგრძით ძალიან მოკლეა და წინა ნაწილში ერთმანეთს არ უკავშირდება.