ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა | მკურნალი.გე
  1. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების ბიოლოგია
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა

სასუნთქი სისტემის უპირველესი ფუნქცია არის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა. ჩასუნთქვისას ჟანგბადი შედის ფილტვებში და ავსებს ალვეოლებს. ალვეოლების ამომფენი უჯრედების შრე და მათ გარშემო არსებული კაპილარები მხოლოდ ერთი უჯრედების რიგს მოიცავს და ძალიან მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. აირსა და სისხლს შორის არსებული ბარიერი დაახლოებით 1 მიკრონის (სანტიმეტრის 1/10000) სისქისაა. ჟანგბადი სწრაფად გადის აღნიშნულ აირ-სისხლძარღვოვან ბარიერს და ხვდება კაპილარების სისხლში. თავის მხრივ, ნახშირორჟანგი გადადის სისხლიდან ალვეოლებში და ამოსუნთქვისას გამოდის გარეთ.

ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ფილტვიდან ფილტვის ვენების საშუალებით მიედინება გულის მარცხენა ნაწილში, საიდანაც სისხლი გადადის მთელ სხეულში. ჟანგბადით ღარიბი და ნახშირორჟანგით გამდიდრებული სისხლი ბრუნდება გულის მარჯვენა ნაწილში ორი დიდი ვენით – ზედა და ქვედა ღრუ ვენით. შემდეგ სისხლი გადაიტუმბება ფილტვებში ფილტვის არტერიით, სადაც ის კვლავ გამდიდრდება ჟანგბადით და თავისუფლდება ნახშირორჟანგისგან. ნორმალურ გაზთა ცვლის უზრუნველსაყოფად ფილტვები წუთში დაახლოებით 6-10 ლიტრამდე ჰაერს ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. ყოველ წუთში დაახლოებით სამი მეათედი ლიტრი ჟანგბადი გადადის ალვეოლებიდან სისხლში, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაშია. ამავდროულად, ასეთივე მოცულობით ნახშირორჟანგი გადაადგილდება სისხლიდან ალვეოლებში და ამოისუნთქება. ვარჯიშის დროს შესაძლებელია, ადამიანმა ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს წუთში 100 ლიტრზე მეტი ჰაერი და ამ მოცულობის ჰაერიდან წუთში მოიხმაროს 3 ლიტრი ჟანგბადი. ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობა დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ დახარჯული ენერგიის რაოდენობაზე. ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის პროცესი ხორციელდება სასუნთქი კუნთების საშუალებით.

გარემოს ჰაერიდან ფილტვების მეშვეობით სისხლში ჟანგბადის მოსახვედრად აუცილებელია შემდეგი სამი პროცესის შესრულება: ვენტილაცია, დიფუზია და პერფუზია. ვენტილაციის დროს ჰაერი შედის ფილტვებში და გამოდის იქიდან. დიფუზია არის აირების სპონტანური გადაადგილება ალვეოლის ჰაერსა და ფილტვების კაპილარის სისხლს შორის, რომელიც არ საჭიროებს ორგანიზმის მხრიდან რაიმე ძალისხმევას ან ენერგიის დახარჯვას. პერფუზია არის პროცესი, რომლის დროსაც, გულსისხლძარღვთა სისტემა სისხლს ფილტვებში გადატუმბავს. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა აუცილებელი შუალედური რგოლია ჟანგბადის შემცველ ატმოსფეროს ჰაერსა და სხეულის უჯრედებს შორის, რომლებიც მოიხმარენ ჟანგბადს. მაგალითად, კუნთის უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდება დამოკიდებულია არა მხოლოდ ფილტვების მუშაობაზე, არამედ სისხლის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარზე და ასევე, სისხლის მიმოქცევის ორგანოების მიერ კუნთებამდე სისხლის მიტანის შესაძლებლობაზე.