სუნთქვის მართვა | მკურნალი.გე
  1. სუნთქვის მართვა
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების ბიოლოგია
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
სუნთქვის მართვა

ჩვეულებრივ, სუნთქვა ავტომატური პროცესია, რომელსაც ქვეცნობიერად მართავს ტვინის ფუძეში არსებული სუნთქვის ცენტრი. სუნთქვა გრძელდება ძილის დროსაც და ხშირად მაშინაც კი, როდესაც ადამიანი უგონო მდგომარეობაშია. ადამიანებს შეუძლიათ მართონ თავიანთი სუნთქვა, როცა მათ ეს სურთ. მაგალითად, მოხსენების, სიმღერისა და ნებაყოფლობით სუნთქვის შეკავების დროს. თავის ტვინის, აორტისა და საძილე (კაროტიდული) არტერიების სენსორული აპარატები აკონტროლებენ სისხლის შემადგენლობას და რეაგირებენ სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დონის ცვლაზე. ჩვეულებრივ, სისხლში ნახშირორჟანგის რაოდენობის მატება ძლიერი სტიმულია იმისთვის, რომ სუნთქვა გაღრმავდეს და გახშირდეს. მეორე მხრივ, როდესაც სისხლში ნახშირორჟანგის რაოდენობა დაბალია, თავის ტვინი ამცირებს სუნთქვის სიღრმესა და სიხშირეს. მოსვენებულ მდგომარეობაში მოზრდილი ადამიანი წუთში საშუალოდ 15-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს.

ფილტვებს არ აქვთ საკუთარი ჩონჩხის კუნთები. სუნთქვის პროცესს ახორციელებს დიაფრაგმა, ნეკნებს შორის არსებული კუნთები (ნეკნთაშუა კუნთები), კისრისა და მუცლის კუნთები. დიაფრაგმა არის გუმბათის ფორმის კუნთოვანი შრე, რომელიც გულმკერდისა და მუცლის ღრუს ერთმანეთისგან გამოყოფს. ის წარმოადგენს სუნთქვის პროცესის (ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის) წარმმართველ უმნიშვნელოვანეს კუნთს. დიაფრაგმა მიმაგრებულია მკერდის ძვლის ბოლოზე, ქვედა ნეკნებსა და ხერხემალზე. როდესაც დიაფრაგმა იკუმშება, ამ დროს იზრდება გულმკერდის ღრუს სიგრძე და დიამეტრი, რაც აფართოებს ფილტვებს. ნეკნთაშუა კუნთები ნეკნებს მოძრაობაში ეხმარება, რაც თავის მხრივ, სუნთქვას უწყობს ხელს. სუნთქვაში მონაწილე კუნთების შეკუმშვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ტვინთან მათი დამაკავშირებელი ნერვები დაუზიანებელია. კისრისა და ზურგის ზოგიერთი სახის დაზიანებისას შესაძლოა ზურგის ტვინის მთლიანობა დაირღვეს. ამ შემთხვევაში წყდება ნერვული სისტემის კავშირი თავის ტვინსა და კუნთებს შორის და ადამიანი შესაძლოა მოკვდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გარეშე.

მოსვენებულ მდგომარეობაში, როცა ადამიანი ფიზიკურად დატვირთული არ არის, ამოსუნთქვა, ჩვეულებრივ, პასიური პროცესია. როდესაც სასუნთქი კუნთები მოდუნდება, რომლებიც ჩასუნთქვაში აქტიურად მონაწილეობენ, ფილტვებისა და გულმკერდის კედლის ელასტიკურობა ხელს უწყობს ფილტვებიდან ჰაერის განდევნას. ამიტომ, როდესაც ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაშია, ამოსუნთქვისათვის რაიმე ძალისხმევა აუცილებელი არ არის. თუმცა, ძლიერი დატვირთვისასამოსუნთქვის პროცესში ზოგიერთი კუნთი ჩაერთვება. ამ დროს მუცლის კუნთების როლი გაცილებით დიდია. მუცლის კუნთების შეკუმშვისას წნევა მუცლის ღრუში იმატებს, რაც მოდუნებული დიაფრაგმის ფილტვებზე ზეწოლას იწვევს და ფილტვებიდან ჰაერის გამოსვლას განაპირობებს.