ფიზიკური ვარჯიში სასუნთქი სისტემის რეაბილიტაციის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ამცირებს ავადმყოფობის გამო ჰიპოდინამიისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგებს. ფიზიკური აქტიურობა თანდათან ამცირებს ქოშინს და პაციენტებს ეზრდებათ ვარჯიშის უნარი. თუმცა, ფიზიკური მდგომარეობის შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ვარჯიშის იმ ელემენტების ამოღება, რომელთა გამოყენებაც სასურველი იქნებოდა. ფიზიკური ვარჯიში შეიძლება დაეხმაროს ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ადამიანებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებელი სუნთქვა აპარატის გარეშე.
ფეხების ვარჯიში არის ფიზიკური ვარჯიშის ქვაკუთხედი. ვინაიდან ფეხით სიარული აუცილებელია აქტიური ყოველდღიური ცხოვრებისას, ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამა სეირნობას (ზოგ შემთხვევაში, ტრედმილზე) იყენებს, როგორც ფიზიკური აქტიურობის საუკეთესო საშუალებას. ზოგ პაციენტს ურჩევნია სტაციონარულ ველოსიპედზე ვარჯიში. კომფორტული და სასიამოვნო ვარჯიშის შერჩევა პაციენტებს უძლიერებს გრძელვადიანი მონაწილეობის სურვილს.
ხელების ფიზიკური ვარჯიში ასევე სასარგებლოა სასუნთქი სისტემის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულთათვის, რომელთაც ყოველდღიური აქტიურობისას, მაგალითად, თავის დაბანის ან წვერის გაპარსვის დროს, აღენიშნებათ ქოშინი ან სხვა სიმპტომები. ხელების ვარჯიში აუცილებელია, რადგან მხრის სარტყლის ზოგიერთი კუნთი მონაწილეობს როგორც ხელების მოძრაობაში, ისე სუნთქვის პროცესში და გაუვარჯიშებელი მხრების და ხელების მოძრაობამ შეიძლება ამ კუნთების სწრაფი გადატვირთვა გამოიწვიოს.