ოქსიგენოთერაპია | მკურნალი.გე
  1. ოქსიგენოთერაპია
  2. რეაბილიტაცია ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებათა დროს
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ოქსიგენოთერაპია

სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს ზოგიერთი პაციენტი დაავადების გამწვავებისას ხანმოკლედ ოქსიგენოთერაპიას საჭიროებს. სხვა შემთხვევაში, პაციენტები, რომელთაც სისხლში ჟანგბადის დონე მუდმივად დაბალი აქვთ, შესაძლოა ყოველდღიურად საჭიროებდნენ ჟანგბადის განუწყვეტლად მიღებას. ამ ადამიანების შემთხვევაში ჟანგბადის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ დღის განმავლობაში რაც უფრო ხანგრძლივად უტარდებათ ოქსიგენოთერაპია, მით უკეთესია მკურნალობის შედეგი. ჟანგბადის 12-საათიანი გამოყენებისას პაციენტის სიცოცხლისუნარიანობა გაცილებით მაღალია იმ შემთხვევებთან შედარებით, როცა ოქსიგენოთერაპია არ ტარდება. მკურნალობის შედეგი გაცილებით უკეთესია, როცა ოქსიგენოთერაპია განუწყვეტელია (24 საათის განმავლობაში). ჟანგბადით ხანგრძლივი მკურნალობა ამცირებს ქოშინს და ფილტვების დაავადებით გამოწვეულ გულის გადატვირთვას. ძილის მოწესრიგება და ფიზიკური ვარჯიში ასევე აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას.

სასუნთქი სისტემის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულ ზოგ პაციენტს სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია მხოლოდ ფიზიკური გადაძაბვის დროს უმცირდება. ამ ადამიანებს ჟანგბადის მიღება შეუძლიათ ფიზიკური დატვირთვის დროს. სხვა შემთხვევებში, დაავადებულებს სისხლში ჟანგბადის დონე ძილის დროს უქვეითდებათ, ამიტომ ისინი ჟანგბადს მხოლოდ ღამის საათებში იღებენ (ან როდესაც სძინავთ).

თუ სისხლში ჟანგბადის კრიტიკული რაოდენობა ერთხელ დაფიქსირდა, საჭირო ხდება ოქსიმეტრის მუდმივი გამოყენება ჟანგბადის ნაკადის პარამეტრების შესაფასებლად. ოქსიმეტრია უმტკივნეულო მეთოდია, რომლის დროსაც სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის გასაზომად მარტივი აპარატი თითზე ან ყურის ბიბილოზე მაგრდება.

სახლის პირობებში ხანგრძლივი ოქსიგენოთერაპიისათვის შესაძლებელია სამი განსხვავებული მიწოდების სისტემის გამოყენება; ესენია, ელექტროდენით სამართავი ჟანგბადის ბალონი, სითხის სისტემა და შეკუმშული აირი. სახლის პირობებში სითხისა და შეკუმშული აირის სისტემებს სჭირდებათ ჟანგბადის შესანახი დიდი ავზები. შეკუმშული ჟანგბადის მცირე ზომის, პორტატული ავზების გამოყენება შეიძლება ხანმოკლე დროით (რამდენიმე საათით), როდესაც ავადმყოფი გადის სახლიდან. თითოეულ სისტემას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც.

ჟანგბადი, როგორც წესი, ინიშნება უწყვეტი ნაკადის სახით, რომელიც შედის ცხვირის ნესტოებში ორი მილის (კანულის) საშუალებით. ამ მეთოდით ჟანგბადი ძალიან არარაციონალურად იხარჯება. მკურნალობის ეფექტის გასაუმჯობესებლად და პიროვნების მობილობის გაზრდისმიზნით, შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის, ტრანსტრაქეული კათეტერები. ჩვეულებრივი, ფიზიოთერაპევტი ან სუნთქვის ვარჯიშების სპეციალისტი ასწავლის პაციენტს ჟანგბადის მიღების წესებს.

სანამ პაციენტი სახლში ჟანგბადის მიღებას დაიწყებდეს, აუცილებელია ჟანგბადის ავზის მყარად დაფიქსირება (შესაძლებელია, რაიმე საყრდენის, დგარის გამოყენება) და მისი ისეთ ადგილას მოთავსება, რომ შეუძლებელი იყოს ავზის ძირს დავარდნა. გამოყენების შემდეგ ჟანგბადის კონტეინერი მჭიდროდ უნდა დაიხუროს. ვინაიდან ჟანგბადმა შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟანგბადის ავზი შენახული იყოს აალებადი ნივთიერებებისა და ხელსაწყოებისაგან, მათ შორის ასანთისაგან, გამათბობლებისაგან, თმის საშრობისგან მოშორებით. როდესაც პაციენტი ოქსიგენოთერაპიას იტარებს, ოჯახის არც ერთმა წევრმა სახლში სიგარეტი არ უნდა მოწიოს.