სუნთქვითი ვარჯიშის სპეციალისტი სასუნთქი სისტემის პათოლოგიით დაავადებული პაციენტის დახმარების მიზნით სხვადასხვა პროცედურას იყენებს, მათ შორის პოსტურულ დრენაჟს, ასპირაცია-ამოტუმბვასა და სუნთქვით ვარჯიშებს. საჭირო პროცედურის შერჩევა დამოკიდებულია ძირითად დაავადებასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
პოსტურული დრენაჟი: პროცედურის ჩატარებისასპაციენტი გადახრილი უნდა იყოს იმ კუთხით, რომელიც წინასწარ არის შერჩეული დაგროვილი სეკრეტის ფილტვებიდან იოლად გამოდევნისათვის. შესაძლოა გულმკერდსა და ზურგზე მუშტით შემორტყმა, რათა გაიოლდეს სეკრეტის გადაადგილება ბრონქებში – ამ მეთოდს ჰქვია გულმკერდის პერკუსია (ვიბრაციული დრენაჟი). ამასთან, ექიმს შეუძლია გულმკერდის მექანიკური ვიბრატორის გამოყენება და მისი მოხმარების სწავლება ოჯახის წევრთათვის. ეს პროცედურა პერიოდულად უკეთდებათ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ კისტური ფიბროზი, ბრონქოექტაზია ან ფილტვის აბსცესი, რომელთა დროსაც დიდი რაოდენობით ნახველი გროვდება. პოსტურული დრენაჟის გამოყენება შესაძლებელია მაშინაც, როცა ადამიანს არ შეუძლია ნახველის ეფექტურად ამოხველება, ან როდესაც პაციენტი ხანდაზმულია, ან აქვს კუნთების სისუსტე, ანდა არის სუსტად ქირურგიული ოპერაციის, ან სხვა რაიმე დაზიანების და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.
პოსტურული დრენაჟის გამოყენება შეუძლებელია იმ პირებში, რომელთაც არ შეუძლიათ დრენაჟისათვის საჭირო პოზიციის დაკავება, ან თუ მკურნალობენ ანტიკოაგულაციური საშუალებებით, რომელთაც სულ ახლახან ჰქონდათ სისხლიანი ღებინება, ნეკნებისა და ხერხემლის მოტეხილობა, ანდა თუ პაციენტს აწუხებს გართულებული ოსტეოპოროზი. პოსტურული დრენაჟის გამოყენება ასევე არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ სეკრეტის გამოყოფა.
ასპირაცია: სუნთქვის ვარჯიშების სპეციალისტებს, ექთანებს, ავადმყოფის ოჯახის წევრებს, რომელთაც შეუძლიათ ასპირაციის პროცედურის მართვა, შეუძლიათ მისი გამოყენება პაციენტის სასუნთქი გზებიდან სეკრეტის გამოდევნის გასაიოლებლად. მცირე ზომის პლასტიკური მილი შეჰყავთ ცხვირში და შემდეგ, რამდენიმე სანტიმეტრით, ტრაქეაში. დაგროვილი სეკრეტის ამოწოვა ხდება ფრთხილად, ვაკუუმის საშუალებით. სასუნთქი გზების დაგროვილი სეკრეტისაგან გასათავისუფლებლად ასპირაციის გამოყენება შეიძლება აგრეთვე იმ პირებში, რომელთაც გაკეთებული აქვთ ტრაქეოსტომა (ქირურგიული მეთოდით ტრაქეის გახსნა სუნთქვის გასაიოლებლად), ან ვისაც სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ამის გამო პირიდან ან ცხვირიდან ტრაქეაში ჩადგმული აქვთ სასუნთქი მილი (ენდოტრაქეული მილი).
სუნთქვითი ვარჯიშები: სუნთქვითი ვარჯიშები საშუალებას იძლევა, გაძლიერდეს ის კუნთები, რომლებიც ჩართულია სუნთქვით მოძრაობაში (ფილტვების გაბერვა და ჩაფუშვა), მაგრამ ამ ვარჯიშებს არ შეუძლია ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება. კერძოდ, სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით მცირდება ფილტვების დაავადებების გართულებების ალბათობა, მაგალითად, ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მწეველებსა და სასუნთქი სისტემის პრობლემების მქონე სხვა პირებში. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა ნაკლებად მოძრავი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც სულ ახლახან ჩაუტარდათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
ხშირად, ვარჯიშების დროს საჭირო ხდება ე.წ. მასტიმულირებელი სპირომეტრის გამოყენება. პაციენტმა რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩაბეროს მილში, რომელიც მიერთებულია პორტატულ პლასტიკურ კამერასთან. კამერაში მოთავსებულია ბურთი, რომელიც ყოველი ჩასუნთქვისას ზემოთ იწევა. საუკეთესო შემთხვევაში ეს მანევრი კეთდება პაციენტის სიფხიზლის პერიოდში ყოველ საათში 5-10-ჯერ. კლინიკებში ეს ხელსაწყო ყოველთვის გამოიყენება ქირურგიულ ოპერაციებამდე და მათი ჩატარების შემდეგ. თუმცა, ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები, რომელიც კეთდება ექთანისა და სუნთქვითი ვარჯიშების სპეციალისტების დახმარებით, გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს პაციენტის მიერ მასტიმულირებელი სპირომეტრის დახმარებით ჩატარებულ სუნთქვით ვარჯიშებთან შედარებით.
მოკუმული ტუჩებით სუნთქვა არის სუნთქვის მეთოდი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტს, თავიდან აიცილოს ფილტვების გადაძაბვა სასუნთქი გზების შევიწროების შეტევისას ან ვარჯიშის დროს. ასეთი სუნთქვა შეიძლება ეფექტური იყოს, როგორც დამატებითი სუნთქვითი ვარჯიში, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში. ავადმყოფები სწავლობენ (ხშირად თვითონაც აღმოაჩენენ ხოლმე) ნაწილობრივ დახურული (მოკუმული) ტუჩებით ამოსუნთქვას ისე, თითქოს სტვენისათვის ემზადებიან. ასეთი ტიპის სუნთქვისას იზრდება სასუნთქ გზებზე ზეწოლა და ეხმარება მათ თავიდან აიცილონ ფილტვის კოლაფსი. ვარჯიში არ იწვევს არასასურველ შედეგს და ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჩვევადაც კი ექცეს. შესაძლოა, პაციენტისთვის უფრო შედეგიანი იყოს მოკუმული ტუჩებით სუნთქვის დაწყებამდე წინ გადახრა. ამ პოზიციის დასაკავებლად ადამიანი დგება გაჭიმული ხელებით და სხეულით ეყრდნობა მაგიდას ან სხვა საგანს. ეს პოზიცია აუმჯობესებს დიაფრაგმის, უმნიშვნელოვანესი სასუნთქი კუნთის, ფუნქციას და ამცირებს ქოშინს.