საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ვითარდება ადამიანებში, რომელთაც არ აქვთ კონტაქტი სამედიცინო დაწესებულებებთან ან აქვთ მხოლოდ შეზღუდულად.
მრავალი ორგანიზმი იწვევს საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიას, მათ შორის ბაქტერია, ვირუსი, სოკო და პარაზიტები. გამომწვევი ორგანიზმები ცვალებადობენ და დამოკიდებული არიან ადამიანის ასაკსა და დამატებით ფაქტორებზე, როგორიცაა სხვა თანმხლები დარღვევების არსებობა. ტერმინი – საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც პნევმონია განუვითარდათ ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიით ან ვირუსით.
ბაქტერია: ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია: Streptococcus pneumonia, Haemophylus influenza, Clamidia pneumoniae და Mycobacterium pneumoniae.
C. pneumoniae ითვლის მცირე პროცენტს საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიის განვითარებაში და არის ფილტვების ინფექციის მეორე ყველაზე ხშირი გამომწვევი ჯანმრთელ ახალგაზრდებში ასაკით 5-დან 35 წლამდე. იგი იწვევს რესპირატორულ ინფექციებს აფეთქებების სახით ოჯახებში, სკოლებსა და სამხედრო ბანაკებში. მის მიერ გამოწვეული პნევმონია იშვიათადაა მძიმე მიმდინარეობის და ასევე ძალზე იშვიათად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. Clamidia psittaci-ით გამოწვეული პნევმონია (პსიტაკოზი) იშვიათია და აღინიშნება ადამიანებში, რომელთაც აქვთ ფრინველებთან (ჩიტებთან) შეხება.
ვირუსები: ყველაზე ხშირი გამომწვევი ვირუსებია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსები, მეტაპნეუმოვირუსი და პარაგრიპის ვირუსი. ჩუტყვავილას გამოწვევ ვირუსს ასევე შეუძლია ფილტვის ინფექციის გამოწვევა. ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია ადამიანში, რომელიც თავდაპირველად დაინფიცირებული იყო ვირუსით.
სოკო: ყველაზე ხშირი სოკოვანი გამომწვევებია Histoplasma capsulatum (ჰისტოლაზმოზი) და Coccidioides immitis (კოკციდიომიკოზი). ნაკლებად ხშირი გამომწვევია Blasomyces dermatitidis (ბლასტომიკოზი) და Paracoccidioides braziliensis (პარაკოკციდიომიკოზი). Pneumocystis jiroveci, როგორც წესი, იწვევს პნევმონიას შიდსით დაავადებულ და იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანებში.
პარაზიტები: პარაზიტები, რომლებიც იწვევენ ფილტვების ინფექციას განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებში არის Toxocara canis და T. catis (ვისცერული მიგრატორული ლარვა), Dirofilaria immitis (დიროფილარიაზი) და Paragonimus westermani (პარაგონიმიაზი).
სიმპტომები მოიცავს საერთო სისუსტეს, ხველას, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში. ხველის შედეგად გამოიყოფა ნახველი მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში, ხოლო მცირეწლოვნებსა და ხანდაზმულებში ხველა მშრალია. სუნთქვის უკმარისობა მსუბუქადაა გამოხატული და ძირითადად ვითარდება ფიზიკური დატვირთვის დროს. ტკივილი გულმკერდის არეში უარესდება სუნთქვისას და ხველისას. ზოგჯერ პაციენტებს აქვთ ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.
სიმპტომები ცვალებადობს ასაკის მიხედვით. მცირეწლოვან ბავშვებში შესაძლოა გამოხატული იყოს გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, ხოლო ასაკოვნებში – ცნობიერების არევა ან დაკარგვა. მათ შეიძლება ვერც აღწერონ ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის უკმარისობის ნიშნები. ცხელება ხშირია, თუმცა, შესაძლოა, არ იყოს გამოხატული ასაკოვნებში.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახის პნევმონიას ვარაუდობენ ექიმები, ისინი უსმენენ ფილტვებს ფონენდოსკოპის საშუალებით. გულმკერდის რენტგენოგრაფია კეთდება დიაგნოზის დასადასტურებლად. როგორც წესი, სხვა დამატებითი კვლევების ჩატარება არ არის საჭირო გამომწვევის დიაგნოსტირების მიზნით. თუმცა, თუ ექიმები საჭიროდ ჩათვლიან გამომწვევის განსაზღვრას, ხდება მიკროორგანიზმის ზრდა და გამრავლება გამოყოფილი ნახველის, სისხლის ან შარდის ნიმუშიდან. ასეთი კვლევების ჩატარებისასაც კი გამომწვევის იდენტიფიცირება ხდება 50%-ზე ნაკლებ შემთხვევაში.
ზოგჯერ გამომწვევის იდენტიფიცირება ადვილია პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე. მაგ.: ფრინველების მოყვარულს შესაძლოა ჰქონდეს პსიტაკოზი. განსაზღვრული რისკფაქტორებისა და სიმპტომების საშუალებით ხდება ლეგიონერების დაავადების დიაგნოსტირება. იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ გრიპის სიმპტომები, გრიპის ვირუსია პნევმონიის გამომწვევი. პაციენტებში ჩუტყვავილას დამახასიათებელი გამონაყარითა და პნევმონიით, გამომწვევი ჩუტყვავილას ვირუსია. თუმცაღა, შესაძლოა, ფილტვების ბაქტერიული ინფექცია თან დაერთოს გრიპის, ჩუტყვავილას ვირუსით განვითარებულ პნევმონიას.
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა პნევმონიის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ზოგიერთი სახის პნევმონია შესაძლოა თავიდან ავირიდოთ ვაქცინაციით. ოსელტამივირი ან ზანამივირი ეძლევა ადამიანს, რომელსაც სახლის პირობებში აქვს კონტაქტი გრიპით დაავადებულთან და გულისა და ფილტვების დაავადების მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჩატარებიათ ვაქცინაცია და გრიპის ვირუსი მათში გამოიწვევს მძიმე მიმდინარეობის პნევმონიას.
ექიმები ითვალისწინებენ მრავალ ფაქტორს, რათა განსაზღვრონ, მკურნალობა შესაძლებელია უსაფრთხოდ ჩატარდეს სახლის პირობებში, თუ გართულებების მოსალოდნელი მაღალი რისკის გამო პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. ამ ფაქტორების ნაწილია:
ანტიბიოტიკები იწყება რაც შეიძლება სწრაფად. ინიშნება აგრეთვე სითხეები, სიცხის დამწევი საშუალებები და ტკივილგამაყუჩებლები, საჭიროებისამებრ – ჟანგბადი.
ვინაიდან რთულია გამომწვევი აგენტის იდენტიფიცირება, ექიმები ირჩევენ ანტიბიოტიკს იმ სავარაუდო მიკროორგანიზმის გათვალისწინებით, რომელსაც შეეძლო პნევმონიის გამოწვევა და აგრეთვე – დაავადების სიმძიმის მიხედვით.
ბაქტერიული პნევმონიის უმრავლეს შემთხვევებში ანტიბიოტიკოთერაპია მდგომარეობას აუმჯობესებს. თუ მკურნალობის შედეგად მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმები ეძებენ იშვიათ მიკროორგანიზმებს, მკურნალობის დროს გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას, მეორეულ ინფექციას ან სხვა მიზეზს (იმუნური სისტემის პათოლოგია ან ფილტვის პათოლოგია), რომელიც აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს.
გრიპით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ გამოიყენება ოსელტამივირი ან ზანამივირი. ჩუტყვავილათი გამოწვეული პნევმონიისთვის მოწოდებულია აციკლოვირი. ვირუსული პნევმონიის მძიმე შემთხვევებში ან როდესაც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება, ექიმები ნიშნავენ ანტიბიოტიკებს იმ ვარაუდით, რომ ვირუსულ ინფექციას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფექციაც.
ექიმები ჩვეულებრივ მკურნალობიდან დაახლოებით 6 კვირის შემდეგ ატარებენ განმეორებით, საკონტროლო რენტგენოლოგიურ კვლევას 35 წლისა და მეტი ასაკის პირებში, რათა დარწმუნდნენ, რომ მოხდა ინფექციისგან განკურნება.
პაციენტთა უმრავლესობა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დიაგნოზით იკურნება. თუმცა პნევმონია შესაძლოა დასრულდეს ფატალური შედეგითაც, განსაკუთრებით ჩვილებსა და ხანდაზმულებში. სიკვდილიანობა უფრო მაღალია ლეგიონერების დაავადების დროს, შესაძლოა, იმიტომ, რომ ადამიანებს, რომელთაც ეს დაავადება ემართებათ, ნაკლებად ჯანმრთელები არიან დაავადებამდეც კი.