ბისინოზი | მკურნალი.გე
  1. ბისინოზი
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ბისინოზი

ბისინოზი არის სასუნთქი გზების შევიწროება, რომელსაც ბამბის, სელის ან კანაფის ნაწილაკების შესუნთქვა იწვევს.

  • ბისინოზმა შეიძლება გამოიწვიოს მსტვინავი სუნთქვა და გულმკერდის შებოჭილობა, რომელიც, როგორც წესი, ვლინდება პირველ სამუშაო დღეს, დღის მეორე ნახევარში;

  • დიაგნოზი დგინდება კვლევით, რომელიც ავლენს ფილტვის დაქვეითებულ მოცულობას სამუშაო დღეებში;

  • როდესაც გამღიზიანებლის ზემოქმედება წყდება, მსტვინავი სუნთქვის და გულმკერდის შებოჭილობის მკურნალობა შესაძლებელია ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტებით.

შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ბისინოზი გვხვდება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც შეხება აქვს დაუმუშავებელ ბამბასთან, სიმპტომები შეიძლება გამოუვლინდეს სელთან ან კანაფთან მომუშავეებსაც. მუშები, ვისაც უწევთ დაუმუშავებელი ბამბის შეკვრების გახსნა ან ბამბის პირველ ეტაპზე გადამუშავება, უფრო მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან. მგრძნობიარე პაციენტებში დაუმუშავებელი ბამბა იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას. მსგავსი ტიპის მდგომარეობები შეიძლება გამოუვლინდეთ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან მარცვლეულის მტვრის ზეგავლენის ქვეშ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას (მარცვლეულზე მომუშავეთა ფილტვები).

სიმპტომები და დიაგნოზი

ბისინოზმა შეიძლება გამოიწვიოს მსტვინავი სუნთქვა და გულმკერდის შებოჭილობა, ჩვეულებრივ, ვლინდება პირველ სამუშაო დღეს, დღის მეორე ნახევარში. ასთმისგან განსხვავებით, სიმპტომები, როგორც წესი, მცირდება განმეორებითი ზეგავლენის შემდეგ, ხოლო გულმკერდის შებოჭილობა შეიძლება გაქრეს კვირის ბოლოსთვის. თუმცაღა, თუ პაციენტს მოუწია წლების მანძილზე ბამბასთან მუშაობამ, გამღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების შეწყვეტის მიუხედავად გულმკერდის შებოჭილობა გრძელდება ორი ან სამი დღის ან მთელი კვირის მანძილზეც. ბამბის მტვრის გახანგრძლივებული ზემოქმედება ზრდის სიმპტომების სიხშირეს (მსტვინავი სუნთქვა, გულმკერდის შებოჭილობა) და ფილტვის დაავადებების პერმანენტულად არსებობის რისკს, რასაც იშვიათად მივყავართ დაინვალიდებამდე.

დიაგნოსტირება ხდება ფილტვის ფუნქციის გამოკვლევით. იგი გვიჩვენებს ფილტვის მოცულობის შემცირებას, განსაკუთრებით სამუშაო დღეებში. ჩვეულებრივ ფილტვის ფუნქციის დაქვეითება ყველაზე მეტად გამოვლინდება სამუშაო კვირის პირველ დღეს.

პრევენცია და მკურნალობა

ბისინოზის პრევენციის საუკეთესო გზაა მტვრის კონტროლი. მუშებმა, რომლებსაც აქვთ პათოლოგიური სიმპტომები და განიცდიან მოულოდნელად სუნთქვის გაუარესებას პირველ სამუშაო დღეს, თავი უნდა აარიდონ გამღიზიანებელ წყაროს. მსტვინავი სუნთქვისა და გულმკერდის შებოჭილობისთვის ინიშნება ასთმის სამკურნალო საშუალებები, მედიკამენტები რომლებიც აფართოებენ სასუნთქ გზებს (ბრონქოდილატატორები)