სილიკოზი | მკურნალი.გე
  1. სილიკოზი
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
სილიკოზი

სილიკოზი არის ფილტვების მუდმივი დანაწიბურება, რომელიც გამოწვეულია კვარცის მტვრის შესუნთქვით.

  • პაციენტებს უვითარდებათ სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის დროს, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს სუნთქვის უკმარისობამდე მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, ზოგიერთ ადამიანს კი აღენიშნება ხველა ნახველით ან მის გარეშე;

  • დიაგნოსტირება ხდება გულმკერდის რენტგენოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით;

  • ზოგჯერ ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

სილიკოზი არის გარემოს დაბინძურებით გამოწვეული უძველესი დაავადება. მას იწვევს კვარცის მცირე ნაწილაკების შესუნთქვა ან, უფრო იშვიათად, სილიკატების, მაგალითად, როგორიცაა, ტალკი. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან მუშები, ვისაც გადააქვთ ან აფეთქებენ ქვებს (მათ შორის მაღაროელები, ქვის სამტეხლოს მუშები) ან, ვინც იყენებს კვარცის შემცველ ქვებს ან ქვიშას (შუშაზე მომუშავეები, სადნობი, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვების გადამმუშავებლები, კერამიკაზე მომუშავეები, თიხის გადამმუშავებლები). ამიტომ მაღაროელები არიან ორივე დაავადების ტიპის სილიკოზისა და ქვანახშირის მუშათა პნევმოკონიოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში. ქრონიკული სილიკოზი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ფორმას და, როგორც წესი, ვითარდება ათწლეულების განმავლობაში. სწრაფად პროგრესირებადი სილიკოზი იშვიათია. ხოლო მწვავე შეიძლება განვითარდეს თვეების ან წლების მანძილზე უფრო ინტენსიური ზემოქმედების შედეგად. სილიკოზი ფილტვის სიმსივნის გამომწვევი მიზეზიცაა.

კვარცის მტვრის ფილტვებში მოხვედრის შემდეგ მაკროფაგები ბოჭავენ მათ. ფერმენტები, რომლებიც მაკროფაგებიდან გამოთავისუფლდება, იწვევს ფილტვის ქსოვილის დანაწიბურებას. თავდაპირველად დანაწიბურებული მიდამო წარმოდგენილია ძალიან მცირე გროვების სახით (მარტივი ქრონიკული სილიკოზი), მაგრამ შემდგომ ისინი ერთიანდებიან დიდი ზომის მასებად (გართულებული ქრონიკული სილიკოზი). ამ დანაწიბურებულ მიდამოებს არ შეუძლია ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდება ორგანიზმისთვის. ფილტვები ხდება ნაკლებად ელასტიკური და სუნთქვა საჭიროებს მეტ ძალისხმევას.

სიმპტომები

პაციენტებს ქრონიკული სილიკოზით ჩივილები შეიძლება არ გამოუვლინდეს წლების მანძილზე, მაგრამ უმეტესობას უვითარდება სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს სუნთქვის უკმარისობამდე მოსვენებულ მდგომარეობაშიც. პაციენტების ნაწილში აღინიშნება ხველა ნახველით. კვარცთან კონტაქტის შეწყვეტის მიუხედავად, მდგომარეობა პროგრესს განიცდის წლების მანძილზე. ფილტვის დაზიანება გამოიწვევს ჟანგბადის დონის შემცირებას სისხლში და ასევე გულის მარჯვენამხრივ გადაძაბვას, რასაც მივყავართ გულის უკმარისობის ერთ-ერთ ფორმასთან, რომელსაც ფილტვისმიერი გული ეწოდება. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება იყოს ფატალური. პაციენტები სწრაფად პროგრესირებადი სილიკოზით განიცდიან იმავე სიმპტომებს, რასაც ქრონიკული სილიკოზით დაავადებულები, მაგრამ სიმპტომები ვითარდება და უარესდება მოკლე პერიოდში. მწვავე სილიკოზის დროს სუნთქვის გაძნელება პროგრესირებს ხანმოკლე პერიოდის მანძილზე. ასევე ახასიათებს წონის კლება და საერთო სისუსტე. სუნთქვის უკმარისობა ყალიბდება 2 წლის განმავლობაში. სილიკოზიან პაციენტებში უფრო ხშირია ტუბერკულოზის შემთხვევებიც.

დიაგნოზი

დაავადების დიაგნოსტირება ხდება გულმკერდის რენტგენოგრაფიით იმ პაციენტებში, რომელთაც შეხება ჰქონდათ კვარცთან. რენტგენოლოგიურად გამოვლინდება სპეციფიკური დამახასიათებელი ნიშნები. თუ დიაგნოზი კვლავ გაურკვეველია, მის დასადასტურებლად გამოიყენება ფილტვის ქსოვილის გამოკვლევა. დამატებითი ტესტები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), კეთდება სხვა პათოლოგიებთან დიფერენცირების მიზნით.

პრევენცია

მთავარ საპრევენციო ღონისძიებას წარმოადგენს სამუშაო გარემოში კვარცის მტვრის კონტროლი. თუ ვერ ხერხდება აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება, მუშები აღჭურვილი უნდა იყვნენ სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, რომლის მეშვეობითაც ხდება სუფთა ჰაერის მიწოდება, ან აირწინაღებით, რომლებიც ეფექტურად ფილტრავენ მცირე ნაწილაკებს. ასეთი თავდაცვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი მტვრიან გარემოში მომუშავე ყველა ადამიანისთვის (მაგალითად, მხატვრები და შემდუღებლები). ამიტომ ინსტრუმენტები შეძლებისდაგვარად აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული სხვა შემთხვევებშიც.

პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან კვარცის მტვრის ზემოქმედების ქვეშ, რეკომენდებულია ყოველწლიურად გულმკერდის მიდამოს რენტგენოგრაფია, რათა მოხდეს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. მწეველებს ეძლევათ რეკომენდაცია, თავი დაანებონ თამბაქოს. ასევე აუცილებელია ჩატარდეს პნევმოკოკური ვაქცინაცია და ყოველწლიური ანტივირუსული ვაქცინაცია, რათა მოხდეს იმ ინფექციებისგან თავის არიდება, რის მიმართაც მუშები შეიძლება მგრძნობიარე იყვნენ.

მკურნალობა

სილიკოზის განკურნება შეუძლებელია. მაგრამ მისი პროგრესირების შესუსტება ხდება გამღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან არიდებით, განსაკუთრებით – დაავადების ადრეულ ეტაპზე. მთელი ფილტვის ამორეცხვა (ლავაჟი) გამოიყენება სილიკოზის მწვავე ფორმის სამკურნალოდ. პროცედურის დროს ფილტვებს ავსებენ მარილწყლით (ფიზიოლოგიური სითხით) და შემდგომ აშრობენ. პაციენტების ნაწილში მწვავე ან სწრაფად პროგრესირებადი სილიკოზით დადებითი ეფექტი დგება კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგაც. ხოლო მათთან, ვისაც აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, ინიშნება სასუნთქი გზების გამაფართოებლები და ამოსახველებელი მედიკამენტები (ბრონქოდილატატორები). ფილტვის ტრანსპლანტაცია არის მკურნალობის უკიდურესი საშუალება. სილიკოზიან პაციენტებში ტუბერკულოზის განვითარების მაღალი რისკია, რის გამოც აუცილებელია მათი რეგულარული შემოწმება, მათ შორის ტუბერკულოზის კანის სინჯზეც.

პაციენტებს მუდმივად უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი და მკურნალობა სისხლში ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის გამო. ვინაიდან ფილტვის რეაბილიტაციური ღონისძიებები აადვილებს ყოველდღიური აქტივობების შესრულებას.