1. ლიმფოიდური ინტერსტიციული პნევმონია
  2. ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ლიმფოიდური ინტერსტიციული პნევმონია

ლიმფოიდური ინტერსტიციული პნევმონია არის ფილტვის იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც მომწიფებული ლიმფოციტები (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი) ალვეოლებში აკუმულირდება.

  • პაციენტებს აღენიშნებათ ხველა და სუნთქვის გაძნელება;

  • დიაგნოზი დასტურდება გულმკერდის რენტგენოგრაფიით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ფილტვის ფუნქციური სინჯებით და ბრონქოსკოპიით;

  • მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდებს, იმუნოსუპრესანტებს ან ორივეს.

ლიმფოიდური ინტერსტიციული პნევმონია შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში, რომლებიც დაინფიცირებულნი არიან ადამიანის იმუნოდეფიცის ვირუსით (HIV). დაავადება შეიძლება გამოვლინდეს დიდებშიც, თანმხლები აუტოიმუნური დაავადებების დროს, როგორიცაა პლაზმური უჯრედების დაავადება, შეგრენის სინდრომი, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, რევმატოიდული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა (მგლურა). მოზრდილების საშუალო ასაკი 54 წელია.

სიმპტომები

ბავშვებში ვლინდება მსტვინავი სუნთქვა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. აქვთ წონის დეფიციტი და ვერ იზრდებიან სიმაღლეში. მოზრდილებს აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, ხველა თვეების ან, ერთეულ შემთხვევებში, წლების მანძილზეც. უფრო იშვიათ სიმპტომებს მიეკუთვნება: წონის კლება, ცხელება, სახსრების ტკივილი და ღამით ოფლიანობა.

დიაგნოზი

აუსკულტაციით ფილტვებში მოისმინება კრეპიტაცია. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და ფილტვის ფუნქციური ტესტები. ფილტვის ფუნქციური ტესტებით გამოვლინდება ფილტვებში ჟანგბადის მოცულობის დაქვეითება. ხშირად საჭიროა ბრონქოსკოპია, რომლის დროსაც ხდება ფილტვის სეგმენტის ამორეცხვა მარილწყლით (ბრონქოალვეოლური ლავაჟი). მასალას აგროვებენ ანალიზის ჩასატარებლად. ბავშვებში სისხლის ანალიზში ცილებზე, აღინიშნება დარღვევები, რაც აადვილებს დიაგნოსტირებას. თუ ცვლილებები არ არის, მაშინ მათში, ისევე როგორც მოზრდილებში, აუცილებელია ფილტვის ბიოფსია.

პროგნოზი და მკურნალობა

იმის პროგნოზირება, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რთულია. იგი შეიძლება განიკურნოს თავისით ან მკურნალობის შემდეგ. ასევე შეიძლება განიცადოს პროგრესი ფილტვის ფიბროზამდე ან ლიმფომამდე (სიმსივნე). პაციენტების ნახევარში სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოსტირებიდან 5 წელია.

მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდებს, იმუნოსუპრესანტებს ან ორივეს, მაგრამ ბოლომდე მათი ეფექტურობა შესწავლილი არ არის.