ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტი | მკურნალი.გე
  1. ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტი
  2. ფილტვის ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტი

ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტი (შეძენილი ალერგიული ალვეოლიტი) არის ანთება, რომელიც ვრცელდება ალვეოლებზე და სასუნთქი გზების უწვრილეს ნაწილებზე (ბრონქიოლები) და გამოწვეულია მტვრის, ან იშვიათად ქიმიური ნივთიერების ჩასუნთქვაზე საპასუხოდ განვითარებული ალერგიით.

  • მტვერი, რომელიც შეიცავს მიკროორგანიზმებს, ან ცილოვანი ბუნების ნივთიერებებს, შესაძლოა, ფილტვის ალერგიული დაზიანების მიზეზი გახდეს;

  • სენსიბილიზებულ პაციენტებში ანტიგენით განმეორებითი ზემოქმედების შემდეგ 4-დან 8სთ-ის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს: ცხელება, ხველა, შემცივნება, ქოშინი;

  • მდგომარეობის შეფასების მიზნით ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა და ფილტვის ფუნქციური ტესტები;

  • სისხლის კვლევით ხშირად შესაძლებელია ალერგიული რეაქციის გამომწვევი ნივთიერების იდენტიფიცირება;

  • ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ისეთ გარემოში, სადაც ალერგენების მაღალი კონცენტრაციაა, პრევენციის მიზნით უნდა იყენებდნენ დამცავ აღჭურვილობას, მაგალითად ისეთს, როგორიც არის სახის ნიღაბი;

  • ანტიგენის განმეორებითი ექსპოზიციის თავიდან აცილება, როგორც წესი, უზრუნველყოფს პაციენტის გამოჯანმრთელებას, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება კორტიკოსტეროიდების გამოყენება ფილტვებში ანთებითი პროცესის შემცირების მიზნით.

მიზეზები

მრავალი სახეობის მტვერს შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების ალერგიული დაზიანება. ბუნებრივი მტვერი, რომელიც შეიცავს მიკროორგანიზმებს, ცილოვან ნივთიერებებს ან ქიმიკატებს, როგორიც არის იზოციანატი, შესაძლოა, გახდეს ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტის განვითარების მიზეზი. აღნიშნულის კარგი მაგალითია "ფერმერის ფილტვი", რომელიც ვითარდება ხმელ თივაში სითბოს მოყვარული (თერმოფილური) ბაქტერიის განმეორებითი ინჰალაციის შედეგად. მეორე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს კონდიცირების გავლენით გამოწვეული ფილტვების ალერგიული დაზიანება. ჰაერის კონდიცირებისას (განსაკუთრებით დიდი ზომის სისტემებით საოფისე შენობებში) ხდება იმ ანტიგენების ცირკულირება, რომლებსაც ჰიპერმგრძნობელობის გამოწვევა შეუძლიათ.

მტვრის ჩასუნთქვისას პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება ალერგიული რეაქცია, მათგან ფილტვის ქსოვილის შეუქცევადი დარღვევები მცირე პროცენტში ვლინდება. იმისათვის, რომ ალერგენისადმი მგრძნობელობა ჩამოყალიბდეს და დაავადება განვითარდეს, როგორც წესი, ალერგენის განმეორებითი ზემოქმედება უნდა ხდებოდეს დროთა განმავლობაში.

ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტების დროს ფილტვის ქსოვილის დაზიანება ვითარდება ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მონაწილეობით. მტვერთან პირველი კონტაქტი იწვევს მათ სენსიბილიზაციას, რეექსპოზიციის შემდეგ კი ლიმფოციტების ნაწილი ფილტვებს აზიანებს ანტისხეულების პროდუქციის გზით, ნაწილი კი უშუალოდ ანთების განვითარებაში მონაწილეობს. ალერგენების შემდგომი ხშირი ზემოქმედება მუდმივ ანთებით პროცესს აყალიბებს, ალვეოლის კედლებში და ბრონქიოლებში გროვდება სისხლის თეთრი უჯრედები, რის შედეგადაც ვლინდება დაავადების სიმპტომები.

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

თუ ადამიანს აქვს მომატებული მგრძნობელობა მტვერზე, მაშინ ცხელება, ხველა, შემცივნება, ქოშინი – ალერგენის ზემოქმედებიდან, როგორც წესი, 4-8 სთ-ში გამოვლინდება. დამახასიათებელი არ არის მსტვინავი სუნთქვა. ანტიგენთან შემდგომი კონტაქტისგან თავის არიდება აქვეითებს დაავადების სიმპტომებს ერთ-ორ დღეში, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ჰიპერმგრძნობელობითი პნემონიტის ზოგიერთი ფორმის დროს (ქვემწვავე ფორმა) სიმპტომები ხველა და ქოშინი შესაძლოა შედარებით მოგვიანებით, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ განვითარდეს და იყოს იმდენად მძიმე, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდეს.

ქრონიკული ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტის დროს პაციენტს თვეების ან წლების განმავლობაში აქვს ანტიგენთან კონტაქტი, რისი შედეგიც შესაძლოა ფილტვის ქსოვილის ფიბროზი იყოს. დაავადების სიმპტომები: ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ხველა, სისუსტე და წონის კლება – თანდათანობით პროგრესირებს და საბოლოოდ ვითარდება სუნთქვის უკმარისობა. ასაკოვანი პაციენტები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში განიცდიან ალერგენების ზემოქმედებას, მეტად არიან მიდრეკილნი მდგომარეობის გაუარესებისაკენ.

ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტის დიაგნოსტირებაში მნიშვნელოვანია კლინიკური მდგომარეობა, გამომწვევი მიზეზის (თუ შესაძლებელია) იდენტიფიკაცია, საეჭვო ალერგენთან კონტაქტის ფაქტი, რაც სისხლში ანტისხეულების აღმოჩენით გამოვლინდება.

ექიმმა გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ივარაუდოს დაავადების არსებობა. ფილტვის ფუნქციური ტესტები, რომლითაც იზომება ფილტვების ტევადობა, მის მიერ ჰაერის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის უნარი, აგრეთვე – სუნთქვის პროცესში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლის ინტენსივობა – გამოიყენება მდგომარეობის შეფასების მიზნით და ზოგჯერ გვეხმარება ალერგიული პნევმონიტის დიაგნოზის დასმაში. როდესაც ვერ ხერხდება გამომწვევის იდენტიფიცირება, მაგრამ დიაგნოზი სავარაუდოა. გამოჯანმრთელების შემდეგ ანტიგენის განმეორებითი კონტაქტისას ხელახლა გამოვლენილი სიმპტომები და ცვლილებები ფილტვის ფუნქციურ ტესტებში სავარაუდო დიაგნოზს ამყარებს.

იმ შემთხვევებში, როდესაც დიაგნოზი ნათელი არაა, განსაკუთრებით, თუ მოიაზრება ინფექციის არსებობა, ტარდება ფილტვის ქსოვილიდან ნიმუშის აღება მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევის მიზნით (ფილტვის ბიოფსია). იგი შეიძლება შესრულდეს სასუნთქი გზების დათვალიერების დროს ბრონქოსკოპით. ზოგჯერ ბიოფსიას წინ უსწრებს (ან დამატებით იყენებენ) ბრონქოსკოპიის დროს ფილტვების გამორეცხვა (ბრონქოალვეოლური ლავაჟი) და მიღებული სითხის კვლევა. იშვიათად მიმართავენ სპეციალური აპარატის მეშვეობით ფილტვის ზედაპირის და პლევრის ღრუს დათვალიერებას (თორაკოსკოპია) ან ოპერაციულ ჩარევას – გულმკერდის კედლის გაკვეთას (თორაკოტომია). თორაკოტომია შესაძლოა ჩატარდეს გამოსაკვლევად ფილტვის დიდი ზომის ქსოვილის აღების მიზნით.

პრევენცია და მკურნალობა

პრევენციის საუკეთესო საშუალება ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილებაა, მაგრამ ეს გზა არაპრაქტიკულია ადამიანებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ სამუშაო გარემოს შეცვლა. მსგავს შემთხვევებში დამცავი ნიღბის ტარება, ვენტილაციის გამართული სისტემების არსებობა ამცირებს როგორც სენსიბილიზაციის, ასევე დაავადების ხელახლა გამოვლენის სიხშირეს, თუმცა პრევენციის საუკეთესო მეთოდებიც კი ყოველთვის ეფექტური არაა.

პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტის მწვავე ეპიზოდით ალერგენთან შემდგომი კონტაქტის თავიდან აცილება, როგორც წესი, გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. მძიმე შემთხვევებში კორტიკოსტეროიდების – პრედნიზოლონის გამოყენება ამცირებს დაავადების სიმპტომებს. გახანგრძლივებული და ხშირად განმეორებადი ეპიზოდები ფილტვების შეუქცევად დაზიანებას და პროგრესულ უნარშეზღუდულობას იწვევს.