ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზი არის ფილტვების ალერგიული რეაქცია სოკოს სხვადასხვა სახეობაზე (ყველაზე ხშირად Aspergillus Fumigatus). ასეთი რეაქცია ვითარდება ასთმით ან მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტთა ნაწილში.
სოკო Aspergillus Fumigatus ბინადრობს ნიადაგში და აბინძურებს მცენარეებს, საკვებს, გარემოს, წყალს. ზოგიერთ ადამიანში დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა იწვევს სენსიბილიზაციას და ქრონიკული ალერგიული რეაქციის განვითარებას. მსგავსი დაავადების გამოწვევა შეუძლიათ სოკოს სხვა სახეობებსაც. მათ შორის არის: Penicillium, Candida, CurvulariaდაHelminthosporium. ზოგჯერ დაზიანება ვითარდება როგორც ალერგიული მექანიზმით, ასევე სოკოს უშუალო გავლენით ფილტვის ქსოვილზე.
დაავადება განსხვავდება ბაქტერიული, ვირუსული, ან სხვა სახეობის სოკოებით გამოწვეული პნევმონიისგან იმით, რომ ეს სოკო არ იჭრება ფილტვის ქსოვილში და არ აზიანებს მას. ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის დროს სოკოს კოლონიზაცია მიმდინარეობს სასუნთქ გზებში არსებულ ლორწოში – ასთმით ან ცისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში (ორივე მათგანს ახასიათებს ლორწოს ჭარბი პროდუქცია) და შედეგად ვითარდება ფილტვების მორეციდივე ალერგიული ანთება. ალვეოლებში იზრდება ეოზინოფილების და ლორწოს მაპროდუცირებელი უჯრედების რაოდენობა. დაზიანების გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მსხვილი სასუნთქი გზების გაფართოება, რასაც ბრონქოექტაზია ეწოდება. საბოლოოდ ყალიბდება ფილტვის ფიბროზი.
შესაძლოა განვითარდეს ასპერგილოზის სხვა ფორმებიც. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში სოკო შეიძლება შეიჭრას ფილტვის ქსოვილში და გამოიწვიოს მძიმე პნევმონიის განვითარება, მაგრამ ეს არის ინფექციური პროცესი და არა ალერგიული რეაქცია. Aspergillus-მა შეიძლება წარმოქმნას სოკოვანი ბულები (ასპერგილომა) ფილტვების ღრუებსა და ცისტებში, რომლებიც სხვა დაავადების, მაგალითად ტუბერკულოზის გამოა ფილტვის ქსოვილში განვითარებული. ეს ზოგჯერ ძლიერ სისხლდენას იწვევს.
დაავადების პირველი სიმპტომები, როგორც წესი, არის ასთმისთვის დამახასიათებელი მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი და ასევე ზომიერი ცხელება. პაციენტი თავს ვერ გრძნობს კარგად. შესაძლოა ნახველი იყოს მოყავისფრო.
გულმკერდის განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევა პნევმონიის მსგავს სურათს იძლევა და გამოავლენს დაზიანების მიგრაციას, უპირატესად ფილტვის მწვერვალისაკენ. ხანგრძლივად მიმდინარე დაავადების დროს კომპიუტერული ტომოგრაფიით ან რენტგენით შესაძლოა ინახოს სასუნთქი გზების გაფართოება, ხშირად – ლორწოთი დახშული, რითაც შემთხვევა ემსგავსება ფილტვის კიბოს დროს არსებულ სურათს. ნახველის მიკროსკოპია სოკოსთან ერთად გამოავლენს ეოზინოფილების დაგროვებას. სისხლში ვლინდება ეოზინოფილია და სოკოს საწინააღმდეგო ანტისხეულები. კანის ტესტებით შესაძლებელია განისაზღვროს, არის თუ არა ადამიანი ალერგიული Aspergillus-ის მიმართ, გასათვალისწინებელია, რომ ტესტი დადებითი შეიძლება იყოს როგორც ბრონქოპულმონური ასპერგილოზის, ასევე Aspergillus-ზე ჩვეულებრივი ალერგიის შემთხვევაში ასთმით დაავადებულებში ასპერგილოზის გარეშე.
რადგან სოკო Aspergillus გარემოში ფართოდაა გავრცელებული, მასთან კონტაქტის თავიდან აცილება რთულია. სამკურნალოდ გამოიყენება ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტები – უპირატესად კორტიკოსტეროიდები, რომელთა გავლენით გამოწვეული ბრონქოდილატაცია აიოლებს ლორწოს ამოხველებას. თავდაპირველად კორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი) ინიშნება მაღალი დოზით, შემდეგ ხანგრძლივი დროით მისი დაბალი დოზით გამოყენებამ შესაძლოა შეაფერხოს დაავადების პროგრესირება. ბევრი სპეციალისტი რეკომენდაციას უწევს პრეპარატის პერორალურ მიღებას, რადგან საინჰალაციო ფორმით გამოყენება არ აღმოჩნდა ისეთივე ეფექტური. ზოგჯერ დამატებით ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო საშუალება იტრაკონაზოლი. დესენსიბილიზაციის დროს შესაძლოა გართულების განვითარება და ამიტომ არ არის რეკომენდებული.
რადგან სიმპტომების უმნიშვნელო ცვლილების ფონზე შესაძლოა მიმდინარეობდეს ფილტვის ქსოვილის სერიოზული დაზიანება, კვლევები – გულმკერდის რენტგენოგრაფია, ფილტვის ფუნქციური ტესტები, ეოზინოფილების და იმუნოგლობულინი E-ს განსაზღვრა სისხლში – უნდა ტარდებოდეს რეგულარულად. დაავადების სწორად მართვის შემთხვევაში ეოზინოფილების და ანტისხეულების რაოდენობა ქვეითდება, მისი ხელახალი მატება დაავადების გამწვავების მანიშნებელია.