1. სუნთქვის უკმარისობა (სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი)
  2. სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
სუნთქვის უკმარისობა (სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი)

სუნთქვის უკმარისობა (ან ფილტვის უკმარისობა) არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია სახიფათოდ ქვეითდება ან ნახშირორჟანგი სახიფათოდ მაღალი კონცენტრაციით გროვდება.

  • მდგომარეობები, რომლებიც ახშობს სასუნთქ გზებს, აზიანებს ფილტვის ქსოვილს, იწვევს სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტეს, ამცირებს სუნთქვით მოძრაობას, შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობის განვითარების მიზეზი;

  • პაციენტს სუნთქვის უკმარისობით შესაძლოა განუვითარდეს: ძლიერი ქოშინი, კანის მოლურჯო შეფერილობა, ცნობიერების დათრგუნვა ან ძილიანობა;

  • მიმართავენ სისხლში ჟანგბადის ან ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განსაზღვრას.

  • სუნთქვის უკმარისობის დროს პაციენტს მიეწოდება ჟანგბადი;

  • ზოგჯერ პაციენტს გამომწვევი დაავადების მკურნალობამდე ესაჭიროება მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

სუნთქვის უკმარისობა არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქრონიკული, პროგრესირებადი დაზიანებით მიმდინარე დაავადების შედეგად ან ფილტვის მძიმე, მოულოდნელი დაზიანების (მაგალითად ისეთის, როგორიც არის მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი) დროს ზოგადად ჯანმრთელ პირებში.

მიზეზები

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აფერხებს სუნთქვის პროცესს ან აზიანებს ფილტვის ქსოვილს, შესაძლოა იყოს სუნთქვის უკმარისობის განვითარების მიზეზი. დარღვევები, როგორიც არის ჰიპოთირეოზი, ძილის აპნოე, ოპიოიდების და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, შესაძლოა სუნთქვის დათრგუნვის მიზეზი გახდეს. სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ძვლების მოტეხილობა, სასუნთქი კუნთების სისუსტე – სუნთქვის უკმარისობის განვითარების წამყვანი მიზეზებია. იგი ასევე ვითარდება ფილტვებში სისხლის მიწოდების დარღვევისას, პულმონური ემბოლიზმის შემთხვევაში. ემბოლიზმის დროს ფილტვებში ჰაერის ნაკადის დინება დარღვეული არ არის, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილში სისხლის ცირკულაციის მოშლა აქვეითებს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით ათვისების უნარს.

სიმპტომები

ჟანგბადის დაბალმა შემცველობამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს ქოშინი და კანის მოლურჯო შეფერილობა. ჰიპოქსიის, ჰიპერკაპნიის და აციდოზის გავლენით ასევე ვითარდება ცნობიერების დარღვევა და ძილიანობა. ორგანიზმი ჭარბი ნახშირორჟანგის გამოდევნას ცდილობს ღრმა და გახშირებული სუნთქვით. თუ ფილტვის ნორმალური ფუნქციონირების უნარი დარღვეულია, აღნიშნული ადაპტაციური მექანიზმი უეფექტოა. საბოლოოდ ვითარდება გულის და თავის ტვინის ფუნქციის მოშლა, რასაც მოსდევს ძილიანობა (ზოგჯერ გონების დაკარგვაც) და გულის რიტმის დარღვევა (არითმია) შესაძლო ლეტალური გამოსავლით.

სუნთქვის უკმარისობის ზოგიერთი სიმპტომი განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად ბავშვებში სასუნთქი გზების უცხო სხეულის (როგორიც არის მონეტა ან სათამაშო) ასპირაციით გამოწვეული ობსტრუქციის დროს შესაძლოა მომენტალურად განვითარდეს მოხრჩობა და სუნთქვის გაძნელება, მაშინ როცა პაციენტებში მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომით ქოშინის ინტენსივობა შესაძლოა საათების განმავლობაში მატულობდეს. ასევე მოსალოდნელია კომის შედარებით სწრაფად განვითარება დასუსტებულ პაციენტებში და ინტოქსიკაციების შემთხვევებში.

დიაგნოსტიკა

სიმპტომებსა და ფიზიკალური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით ექიმმა შესაძლოა ეჭვი მიიტანოს სუნთქვის უკმარისობის არსებობაზე. დიაგნოზის დადასტურების მიზნით არტერიულ სისხლში ისაზღვრება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობა. გულმკერდის რენტგენოლოგია და სხვა დამატებითი კვლევები ტარდება სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად.

მკურნალობა

პაციენტის მართვა სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით მიმდინარეობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. თავდაპირველად ჟანგბადი მიეწოდებათ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მოგვიანებით მდგომარეობის შესაბამისად ხდება კორექცია. ზოგჯერ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნახშირორჟანგის მაღალი დონე გარკვეული დროის განმავლობაში, ჭარბი ჟანგბადის მიწოდებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვენტილაციის შესუსტება და სისხლში ნახშირორჟანგის სიცოცხლისთვის სახიფათო დონემდე გაზრდა. ასეთ შემთხვევებში, მიწოდებული ჟანგბადის მოცულობა უნდა განისაზღვროს სიფრთხილით.

მკურნალობას მოითხოვს ასევე დაავადებები, რომელთა ფონზეც ვითარდება სუნთქვის უკმარისობა. მაგალითად ანტიბიოტიკოთერაპია ბაქტერიული ინფექციის არსებობისას და ბრონქოდილატატორების გამოყენება ასთმით დაავადებულებში. მედიკამენტების სხვა ჯგუფებიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ანთების საწინააღმდეგო და ანტითრომბოზული საშუალებები. სწრაფად განვითარებული სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია მექანიკური ვენტილაცია.