მექანიკური ვენტილაცია | მკურნალი.გე
  1. მექანიკური ვენტილაცია
  2. სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
მექანიკური ვენტილაცია

მექანიკური ვენტილაცია არის სპეციალური აპარატის გამოყენებით ფილტვებში ჰაერის მოძრაობის უზრუნველყოფა.

პაციენტების ნაწილს, სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით, ესაჭიროება მექანიკური ვენტილაცია (გამოიყენება აპარატი, რომელიც ეხმარება ჰაერს, იმოძრაოს ფილტვებში). აღნიშნული ჩარევა ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

მექანიკური ვენტილაცია მრავალი გზით არის შესაძლებელი. ძირითადად მილი, რომელშიც ჰაერი მოძრაობს, იდგმება ტრაქეაში პირის ან ცხვირის ღრუს გავლით, თუმცა ვენტილაციის რამდენიმე დღეზე ხანგრძლივი პერიოდით საჭიროებისას მილი კისრის წინა ზედაპირზე გატარებული განაკვეთიდან უშუალოდ ტრაქეაში თავსდება (ტრაქეოსტომია). ტრაქეოსტომია არის უსაფრთხო და ბევრად კომფორტული ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მილის გარეთა ბოლო უერთდება აპარატს. ფილტვის ელასტიკურობის ხარჯზე ამოსუნთქვა ხდება პასიურად. ვენტილაციის სასურველი მეთოდის და რეჟიმის შერჩევა ხდება სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზის და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. გამოიყენება სუფთა ან ჰაერში განზავებული ჟანგბადი.

ალტერნატივა: ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა აღწერილ ჩარევებს არ მოითხოვს. მათ სამკურნალოდ გამოიყენება ცხვირზე ან ერთდროულად ცხვირსა და პირზე მჭიდროდ მორგებული ნიღაბი, საიდანაც განზავებული ჟანგბადი ფილტვებს მიეწოდება წნევით. წნევა ეხმარება პაციენტს სუნთქვაში და თავიდან აცილებს სასუნთქი კუნთების ზედმეტ ძალისხმევას. ამ მეთოდით (ეწოდება ორმაგი დადებითი წნევა ან მუდმივი დადებითი წნევა სასუნთქ გზებში) პაციენტების თითქმის ნახევარში თავიდან იქნება აცილებული ინტუბაციის საჭიროება. წნევით სუნთქვა ასევე გამოიყენება ღამით იმ პაციენტებში, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა უვითარდებათ კუნთების სისუსტის გამო. ძილის დროს სასუნთქი კუნთები მოსვენებულია, რაც დღის განმავლობაში მათი ეფექტურად მუშაობის საშუალებას იძლევა.

გართულებები: ფილტვებში ჰაერის მაღალი წნევით ან დიდი მოცულობით მიწოდება მისი ზედმეტად გაჭიმვის და დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. ზოგჯერ ადგილი აქვს ალვეოლების გახეთქას. გამოთავისუფლებული ჰაერის დაგროვება იწვევს ფილტვის კოლაფსს. მდგომარეობას ეწოდება პნევმოთორაქსი. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ექიმები ცდილობენ შეზღუდული მოცულობით და წნევით მოაწოდონ ჰაერი პაციენტს, თუმცა მეორე მხრივ, თუ დაბალი წნევა ან ჰაერის მცირე მოცულობა არასაკმარისი აღმოჩნდება, ვითარდება აციდოზი, რაც იწვევს ბრონქიოლების და ალვეოლების დახურვას. ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად პარამეტრების კორექცია.

ფილტვების დაზიანებას ჟანგბადის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიწოდებაც იწვევს. ექიმი მუდმივად უნდა ამოწმებდეს სისხლში მის დონეს, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ჟანგბადის მოცულობა სწორადაა შერჩეული.

მართვითი სუნთქვის დროს, განსაკუთრებით ინტუბირებულ პაციენტებში, გამოიხატება აგზნება, რომლის სამართავადაც გამოიყენება სედატიური პრეპარატები. ასეთებია: პროპოფოლი, ლორაზეპამი და მიდაზოლამი ან ოპიოიდები – მორფინი ან ფენტანილი. მედიკამენტები ასევე იწვევენ სუნთქვის შესუსტებას.

ინტუბირებულ პაციენტებში ბაქტერიები ცხვირიდან ან პირის ღრუდან ადვილად აღწევენ ფილტვის ქსოვილამდე, რაც მძიმე ინფექციის განვითარების მიზეზს წარმოადგენს. საჭიროა შემთხვევის დროული ამოცნობა და მკურნალობა.

მექანიკური ვენტილაციის შემთხვევაში პაციენტებს არ შეუძლიათ საკვების მიღება. მათ თხევადი საკვები კუჭში მოთავსებული მილის მეშვეობით მიეწოდებათ.

  • სიგარეტის მოწევა არის ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი;