კუნთები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. კუნთები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ბიოლოგია)
  2. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ბიოლოგია
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
კუნთები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ბიოლოგია)

კუნთების სამი სახეობა არსებობს: ჩონჩხის, გლუვი და კარდიალური (გულის). ამათგან ორი – ჩონჩხის და გლუვი – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნაწილია.

ჩონჩის კუნთები სწორედ ისაა, რასაც ხალხი კუნთებს უწოდებს და რომელთა შეკუმშვით შესაძლებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილის გადაადგილება. ჩონჩხის კუნთები კუმშვადი ბოჭკოების კონაა, რომლებიც გარკვეული კანონზომიერების დაცვითაა დაწყობილი და მიკროსკოპით გადიდებისას, მათ ზოლების შესახედაობა აქვთ (სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ განივზოლიანი კუნთები).ჩონჩხის კუნთები განსხვავდება მათი კუმშვითი სიჩქარით. კუნთების ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის პოზიციასა და მოძრაობაზე – მიმაგრებულია ძვალზე და დაბალანსებულია სახსრების ირგვლივ განლაგებული საწინააღმდეგო ჯგუფის კუნთებით. მაგალითად, იდაყვის მომხრელ კუნთებს (ორთავა/ბიცეპსი) აბალანსებს მისი გამშლელი ჯგუფის კუნთები (სამთავა/ტრიცეპსი). ასეთი საპირისპირო მოძრაობები გათანაბრებულია, რაც მოძრაობას დაუბრკოლებელს ხდის და იცავს ჩონჩხკუნთოვან სისტემას დაზიანებისაგან. ჩონჩხის კუნთებს თავის ტვინი აკონტროლებს და ნებელობას დაქვემდებარებულ კუნთებს უწოდებენ, რადგან მათი მოძრაობაში მოყვანა გაცნობიერებულად ხდება. ჩონჩხის კუნთების ზომისა და ძალის შენარჩუნება და ზრდა რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით ხდება. გარდა ამისა, ზრდის ჰორმონი და ტესტოსტერონი ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას ბავშვობაში და მისი ზომის შენარჩუნებას მოზრდილობისას.

გლუვი კუნთები ორგანიზმის ისეთ ფუნქციებს აკონტროლებენ, რომლებიც პიროვნების ნებელობას არ ექვემდებარება. ისინი გარს აკრავს მრავალ არტერიას და შეკუმშვით არეგულირებს სისხლის ნაკადს. ასევე გარს აკრავს ნაწლავებს და მათი შეკუმშვით ხდება საკვებისა და ფეკალური მასების გადაადგილება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. გლუვი კუნთების მუშაობას თავის ტვინი აკონტროლებს, თუმცა მათი აქტივობა ნებელობას არ ექვემდებარება. გლუვი კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების მაპროვოცირებელი ფაქტორები ორგანიზმის საჭიროებებიდან გამომდინარე იმართება, ეს კუნთები უნებლიე კუნთებად ითვლება, ვინაიდან მათი შეკუმშვა გაუცნობიერებლად ხდება.

გულის კუნთი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნაწილი არაა. ჩონჩხის კუნთების მსგავსად, გულის კუნთსაც აქვს გარკვეული კანონზომიერებით დალაგებული ბოჭკოები, რომელთაც მიკროსკოპით დათვალიერებისას ზოლების შესახედაობა აქვთ. თუმცა გულის კუნთის რითმული კუმშვა და მოდუნება ადამიანისგან გაუცნობიერებლად ხდება.