სიმპტომები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა) | მკურნალი.გე
  1. სიმპტომები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)
  2. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
სიმპტომები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)

ტკივილი

ტკივილი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომია. იგი შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძლიერი, ლოკალური ან გავრცელებული (დიფუზური). ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე და ხანმოკლე, მაგალითად, ტრავმების დროს და ასევე შეიძლება იყოს გახანგრძლივებული, ქრონიკული დაავადებების თანამდევი, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის დროს.

მიზეზები

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ძვლების, სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების, სინოვიური ჩანთების ან ნერვების დაზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა. თუ ტრავმა არ აღინიშნება და ტკივილი რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ მიზეზი სხვა პრობლემაა.

ძვლოვანი ტკივილი, ჩვეულებრივ ღრმაა, გამჭოლი ან ყრუ. ძირითადად გამოწვეულია ტრავმით. ტკივილის სხვა, ნაკლებად ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ძვლის ინფექცია (ოსტეომიელიტი) და სიმსივნეები.

კუნთოვანი ტკივილი ძვლოვანთან შედარებით ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა შეიძლება ძალზე უსიამოვნო იყოს. მაგალითად, კუნთოვანი სპაზმი ან კრამპი (გახანგრძლივებული მტკივნეული კუნთოვანი შეკუმშვა) წვივის არეში ინტენსიური ტკივილია. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს: ტრავმის შედეგად კუნთის დაზიანება, აუტოიმუნური რეაქცია (მაგალითად, პოლიმიოზიტი ან დერმატომიოზიტი), კუნთთან სისხლის მიდინების შეზღუდვა, ინფექცია ან სიმსივნური ინვაზია.

მყესებსა და იოგებთან დაკავშირებული ტკივილი ნაკლებად ინტენსიურია. იგი უარესდება დაზიანებული მყესის ან იოგის დაჭიმვის ან მოძრაობის დროს. მყესოვანი ტკივილის უხშირესი მიზეზებია: ტენდინიტები, ტენოსინოვიტები, ლატერალური და მედიალური ეპიკონდილიტი და მყესის ტრავმა. იოგოვანი ტკივილის უხშირესი მიზეზია ტრავმები (დაჭიმულობა).

ფიბრომიალგია იწვევს ტკივილს კუნთებში, მყესებსა ან იოგებში. ტკივილი, ჩვეულებრივ, მრავლობითი ლოკალიზაციისაა და გაძნელებულია ზუსტი აღწერა. პაციენტებს სხვა სიმპტომებიც აღენიშნებათ.

ფაქტობრივად, სახსრების ნებისმიერი ტრავმა და დაავადება იწვევს ძლიერ, შემაწუხებელ ტკივილს, რომელსაც ხშირად "ართრიტულ" ტკივილს უწოდებენ. ტკივილი ძლიერდება სახსარში მოძრაობისას და მისი ინტენსივობა შეიძლება იცვლებოდეს მსუბუქიდან ძლიერამდე. ზოგი მდგომარეობის დროს ტკივილთან ერთად შეიძლება განვითარდეს სახსრის შეშუპება. ტკივილის ხშირი მიზეზი სახსრის ანთებაა (ართრიტი). ართრიტის მრავალი სახეობა არსებობს, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი და ანთებითი ართრიტების სხვა სახეები: ოსტეოართრიტი, ინფექციური ართრიტი და პოდაგრით ან ფსევდოპოდაგრით გამოწვეული ართრიტი. სხვა მიზეზებია აუტოიმუნური დაავადებები და ვასკულიტები (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, რევმატული პოლიმიალგია და კვანძოვანი პოლიარტერიიტი), ძვლის ავასკულური ნეკროზი და ტრავმები (მაგალითად, ამოვარდნილობა, დაჭიმულობა და მოტეხილობა, რომელიც აზიანებს სახსრის შემადგენელი ძვლის ნაწილს). ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილი სახსრის მიმდებარე სტრუქტურებიდან – მყესებიდან და სინოვიური ჩანთიდან მომდინარეობს და იგი ძალიან ჰგავს სახსროვან ტკივილს.

ზოგჯერ საყრდენ-მამოძრავებელი ტკივილის მიზეზი ნერვის კომპრესიაა. ასეთია "გვირაბის სინდრომები" (მაგალითად, მაჯის არხის სინდრომი, იდაყვის არხის სინდრომი და ტერფის არხის სინდრომი). ტკივილი გადაეცემა ნერვის მთელ სიგრძეზე და წვის შეგრძნების სახით ვლინდება.

სინოვიური ჩანთის ტკივილის მიზეზია ბურსიტი ან ფიბრომიალგია. ჩვეულებრივ, უარესდება მოძრაობის დროს. შეიძლება გამოვლინდეს შეშუპება.

ზოგჯერ, ტკივილი, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიდან მომდინარეს ჰგავს, შესაძლოა სულ სხვა ორგანოთა სისტემას უკავშირდებოდეს. მაგალითად, მხრის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ელენთის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებით, ზურგის არეში ტკივილი – მუცლის აორტის ანევრიზმით, ხელის ტკივილი – გულის შეტევით (მიოკარდიუმის ინფარქტი). ზოგჯერ კი, ტკივილი, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთი ნაწილიდან მომდინარეს ჰგავს, შესაძლოა სხვა ნაწილიდან იღებდეს სათავეს. მაგალითად, მუხლის ტკივილი მოზარდებს შორის შესაძლოა გამოწვეული იყოს ბარძაყის პათოლოგიით, რომელსაც ბარძაყის თავის ეპიფიზის დაცურება ეწოდება.

შეფასება და მკურნალობა

ზოგჯერ ტკივილის ხასიათი მიგვანიშნებს, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს იგი. მაგალითად, ტკივილი, რომელიც უარესდება მოძრაობისას, ძვალ-კუნთოვან დაავადებაზე მიუთითებს. ტკივილი კუნთოვან სპაზმთან ერთად კუნთის დაავადების მანიშნებელია. შეშუპების არსებობა ან ტკივილი პალპაციის დროს რომელიმე მიდამოში (მაგალითად, სახსარი, იოგი ან სინოვიური ჩანთა) ტკივილის წარმომავლობის ადგილზე მიგვანიშნებს. თუმცა ხშირად ტკივილის მახასიათებლები არ მიუთითებენ მათ მიზეზზე. ამიტომ ექიმები დიაგნოზის დასმისას ეყრდნობიან სხვა სიმპტომებს, ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური კვლევების შედეგებს. მაგალითად, ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) ხშირად იწვევს სახსრების ტკივილს და ხარის თვალისმაგვარ გამონაყარს კანზე, სისხლის ანალიზით ვლინდება ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულები. პოდაგრა ხასიათდება ტკივილის უეცარი შეტევით, შეშუპებით და ტერფის ცერა თითის არეში სახსრის გაწითლებით. სახსრიდან ამოღებული სითხის ანალიზით, როგორც წესი, შარდმჟავას კრისტალები ვლინდება.

სისხლის ანალიზები მნიშვნელოვანია ექიმის მიერ გასინჯვისას დასმული სავარაუდო დიაგნოზის დასადასტურებლად. დიაგნოზი შესაძლოა არ დადასტურდეს ან დადასტურდეს სისხლის ანალიზებით. სისხლის ამგვარი ანალიზების მაგალითია რევმატოიდული ფაქტორისა და ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოკვლევა, ისინი გამოიყენება ართრიტის ისეთი გავრცელებული მიზეზების დიაგნოსტირებისათვის, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა. როგორც წესი, ასეთი ტესტები რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როცა სიმპტომები სპეციფიკურია და მიუთითებს ამ დაავადებებზე, ან მუდმივი ხასიათისაა, ან უჩვეულოდ მძიმეა.

რენტგენოგრაფია ძვლების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად გამოიყენება. იგი არ გამოსახავს კუნთებს, მყესებსა და იოგებს. კვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ეჭვობს მოტეხილობას, ან უფრო იშვიათად – ძვლის სიმსივნეს, ან ინფექციას, ან ცვლილებას, რომელიც ადასტურებს, რომ პაციენტს აქვს ართრიტის გარკვეული სახეობა (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან ოსტეოართრიტი).

კომპიუტერული ტომოგრაფია რენტგენოგრაფიულ კვლევასთან შედარებით უფრო სენსიტიურია და გამოიყენება უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად რენტგენოგრაფიით გამოვლენილი მოტეხილობის ან ძვლების სხვა დაავადებების დროს.

მიმოხილვითი რენტგენოგრაფიისაგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ასახავს რბილი ქსოვილების – კუნთების, სასახსრე ჩანთის, იოგებისა და მყესების – პათოლოგიებს. ამიტომ მრტ გამოიყენება, როდესაც საეჭვოა იოგის ან მყესის, ან სახსრის შიდა მნიშვნელოვანი სტრუქრტურების დაზიანება.

ტკივილი ყველაზე უკეთ მაშინ მცირდება, როდესაც მის ძირითად მიზეზს მკურნალობენ. ექიმები რეკომენდაციას უწევენ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა აცეტამინოფენი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) ან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში – ოპიოიდები. მიზეზის მიხედვით, ცივი ან თბილი კომპრესის გამოყენება ან სახსრის იმობილიზაცია ამცირებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტკივილს.

მოძრაობის გაძნელება

ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს მთელი სხეულის გადაადგილების ან სხეულის ცალკეულ ნაწილთა მოძრაობის გაძნელება.

მიზეზები

მოძრაობის გაძნელება მოსალოდნელია დაავადებების დროს, რომლებიც ზღუდავს სახსრის ფუნქციას ან იწვევს სისუსტეს. შეზღუდვა ასევე შესაძლებელია, როდესაც მოძრაობა იწვევს ტკივილს. ნერვული სისტემის გარკვეული დაავადებები გავლენას ახდენს მოძრაობაზე ისე, რომ არ აღინიშნება ტკივილი და სისუსტე. მაგალითად, პარკინსონის დაავადება იწვევს კუნთების დაჭიმულობას, ტრემორს და მოძრაობის წამოწყების გაძნელებას.

სახსრების დაავადებები: გადატანილი ტრავმის გამო, ნაწიბუროვანი ქსოვილით გაუხეშებულ სახსარს, მოძრაობის შეზღუდული დიაპაზონი და სიჩქარე აქვს. ჯანმრთელი სახსარი უმოქმედობისას რიგიდული ხდება. მაგალითად, ინსულტის შემდგომ ხანგრძლივად პარალიზების ან იმობილიზაციის დროს, თუ ხელი რეგულარულად არ იხრება და იშლება, მხრისა და იდაყვის სახსარში შესაძლებელია შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება, რაც სახსრის ბლოკირებას გამოიწვევს. სითხე, რომელიც სახსარში ართრიტის ან ტრავმის დროს გროვდება, ასევე აფერხებს მოძრაობას. ტრავმის შედეგად დაზიანებული ხრტილის ნაწილმა (უხშირესად, მუხლის სახსარში) შეიძლება შეზღუდოს მოძრაობა.

სისუსტე: მრავალი პაციენტი სისუსტედ მოიხსენიებს დაღლილობას, ძალის გამოცლას, ჭეშმარიტი სისუსტე კი გულისხმობს იმას, რომ მცდელობის მიუხედავად, ნორმალური კუნთოვანი შეკუმშვა ვერ ხორციელდება. ნებითი კუნთოვანი შეკუმშვისათვის საჭიროა ტვინში გამომუშავებულმა იმპულსმა გაიაროს ზურგის ტვინი და ნერვები და მიაღწიოს ნორმალურად მოფუნქციონირე კუნთამდე. ამგვარად, ჭეშმარიტი სისუსტე ვითარდება ნერვული სისტემის, კუნთების ან მათი შეერთებების (ნერვ-კუნთოვანი კავშირები) დაზიანების ან დაავადებების დროს.

ტვინის დაავადებებს მიეკუთვნება: ინსულტი, ტრავმები, სიმსივნეები და დეგენერაციული დაავადებები (როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, რომელმაც ასევე შეიძლება დააზიანოს ზურგის ტვინი და ნერვები), ზურგის ტვინის დაავადებებს მიეკუთვნება ტრავმა, სისხლდენა და სიმსივნეები. სპინალური ნერვები შეიძლება დაზიანდეს მალთაშორისი დისკის გაგლეჯის, ხოლო პერიფერიული ნერვები – ტრავმის ან პოლინეიროპათიის შედეგად. ნერვ-კუნთოვან კავშირებს აზიანებს მიასთენია, მედიკამენტები, მაგალითად, როგორიცაა, ბოტულოტოქსინის ინექცია და აგრეთვე ზოგიერთი შხამი, როგორიცაა ფოსფორორგანული ნაერთები (შედის მომწამლავ აირებსა და მრავალ ინსექტიციდში).

კუნთოვანი სისუსტის გამომწვევ დაავადებებს მიეკუთვნება კუნთოვანი დისტროფია და პოლიმიოზიტი. კუნთოვანი სისუსტე, რომელიც ხანგრძლივი იმობილიზაციის (თაბაშირის ნახვევის ან ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის) შემდეგ და აგრეთვე ასაკოვან პაციენტებში ვითარდება, კუნთოვანი მასის შემცირებით (სარკოპენია) არის გამოწვეული და უმოქმედობის შედეგია. დარჩენილი კუნთოვანი მასა ნორმალურად ფუნქციონირებს, თუმცა მისი ოდენობა არასაკმარისია.

სისუსტე შეიძლება მოიცავდეს ერთ კიდურს ან კიდურის ნაწილს, თუკი დაზიანებულია ერთი ნერვი, სახსარი ან კუნთი, ხოლო გავრცელებული ნევროლოგიური ან კუნთების დაავადებების დროს დიფუზური – ზოგადი სისუსტე აღინიშნება.

ტკივილი: კუნთებში, იოგებში, ძვლებსა და სახსრებში ტკივილის დროს ადამიანი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზღუდავს მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ ნერვული სისტემა და კუნთები ნორმალურად ფუნქციონირებს, მოძრაობის შეზღუდვა ხშირად ტოვებს სისუსტის შთაბეჭდილებას.

შეფასება და მკურნალობა

ექიმები სისუსტის დიაგნოზს ხშირად პაციენტის სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის მონაცემების მიხედვით სვამენ. თავდაპირველად ცდილობენ განსაზღვრონ, შეუძლია თუ არა პაციენტს კუნთების ნორმალურად შეკუმშვა. თუ კუნთები ნორმალურად იკუმშება, მაგრამ სახსარში მოძრაობა გაძნელებულია, ექიმი ცდილობს, სახსარში მოძრაობა თვითონ გამოიწვიოს, როდესაც პაციენტი მოდუნებულ მდგომარეობაშია (პასიური მოძრაობა). თუ მოძრაობა მტკივნეულია, შესაძლოა მიზეზი ანთებითი პროცესი იყოს. თუ პასიური მოძრაობა უმნიშვნელო ტკივილს იწვევს, მაგრამ შეზღუდულია, მიზეზი სავარაუდოდ სახსრის კონტრაქტურაა (მაგალითად, ნაწიბუროვანი ქსოვილის გამრავლების გამო).

იმ შემთხვევაში, თუ პასიური მოძრაობა არც მტკივნეულია და არც შეზღუდული, პაციენტი მთელი ძალით ცდილობს მოძრაობის წამოწყებას, მაგრამ უჭირს და ამავე დროს, არ აქვს არც პარკინსონიზმი, არც სხვა ნევროლოგიური დაავადებები, რომელთაც მოძრაობის წამოწყების გაძნელება ახასიათებს, სავარაუდოა, რომ ეს ჭეშმარიტი კუნთოვანი სისუსტეა. ჭეშმარიტი კუნთოვანი სისუსტის მიზეზების გამოკვლევა ხშირად სიმპტომების შეფასებითაა შესაძლებელი: რომელი კუნთებია დაზიანებული, შემცირებულია თუ არა ზომაში, როგორია ტონუსი და რეფლექსები სპეციალური ჩაქუჩით შემოწმებისას. მაგალითად, თუ სისუსტე მოიცავს ძირითადად დიდი ზომის კუნთებს, როგორიცაა ბარძაყის, თეძოს და მხრების, მიზეზი შესაძლოა კუნთების გავრცელებული დაზიანების გამომწვევი დაავადება იყოს. თუ სისუსტე ძირითადად თვალის კუნთებზე ვრცელდება (იწვევს მხედველობის გაორებას), მიზეზი შესაძლოა ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა იყოს. როდესაც სისუსტე უპირატესად თითებს, ხელებს და ფეხებს მოიცავს და თან ახლავს მგრძნობელობის დაქვეითება, მიზეზი შეიძლება იყოს პათოლოგია, რომელიც მრავალი ნერვის დაზიანებას იწვევს (პოლინეიროპათია). ხელისა და ფეხის თითებისაკენ მიმავალი ნერვები სხეულის ყველაზე გრძელი და მეტად მგრძნობიარე პერიფერიული ნერვებია. თუ კუნთები შემცირებულია ზომაში, ნიშნავს, რომ პრობლემის გამომწვევი დაავადება თვეების ან წლების მანძილზე არსებობდა. რეფლექსების დაქვეითება ან შენელება ნერვის დაზიანებითაა გამოწვეული, ხოლო რეფლექსების მატება ან აჩქარება – ზურგის ან თავის ტვინის დაზიანებით. ექიმი კუნთების ტონუსს აფასებს პასიური მოძრაობის გამოკვლევით. კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, როდესაც სისუსტე პერიფერიული ნერვების პათოლოგიითაა განპირობებული. კუნთების ტონუსმა შეიძლება მოიმატოს, როდესაც სისუსტე ზურგის ან თავის ტვინის დაავადებას უკავშირდება.

თუ მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება, შესაძლებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. თავის ან ზურგის ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება ნეიროგამოსახულებითი კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. რომ დავადგინდოთ, რა იწვევს სისუსტეს – პერიფერიული ნერვების, კუნთების თუ ნერვ-კუნთოვანი შეერთების პათოლოგია, ამაში გვეხმარება ელექტრომიოგრაფია და ნერვის გამტარებლობის გამოკვლევა. ზოგიერთი სხვა დაავადების (მაგალითად, სისხლში კალიუმის ან D ვიტამინის დონის დაქვეითების) დიაგნოსტიკა სისხლის ლაბორატორიული ანალიზებითაა შესაძლებელი.

ფიქსირებული, უძრავად მყოფი სახსრებისათვის, მობილურობის გაზრდა შესაძლებელია დაჭიმვითი ვარჯიშებითა და ფიზიკური თერაპიით. თუ სახსრების მოძრაობის დიაპაზონი ნაწიბუროვანი ქსოვილის დაგროვების გამო მნიშვნელოვნადაა შემცირებული, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. სისუსტის შემცირების ერთადერთი გზა მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობაა.

სახსრების შებოჭილობა

შებოჭილობა შეგრძნებაა, თითქოს სახსრების მოძრაობა შეზღუდული ან გაძნელებულია. იგი გამოწვეული არაა სისუსტით ან ტკივილის გამო სახსრის უმოძრაობით. ზოგჯერ, შებოჭილობის დროს სახსარში მოძრაობა სრული დიაპაზონითაა შესაძლებელი. შებოჭილობა ვითარდება ან ძლიერდება გამოღვიძებისთანავე ან მოსვენების შემდეგ. ხშირია ართრიტის დროს. დილის შებოჭილობა ძირითადად ვითარდება რევმატოიდული ართრიტის ან სხვა ტიპის სახსრების ანთებითი დაავადებების დროს, ჩვეულებრივ, ვითარდება გამოღვიძების შემდეგ და თანდათან გაივლის ერთ-ორ საათში ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.

ექიმები შებოჭილობის მიზეზს სიმპტომების და ფიზიკური გასინჯვით მიღებული მონაცემების მიხედვით ადგენენ. გამოკვლევით დასტურდება, რომ საქმე გვაქვს არა მოძრაობასთან დაკავშირებულ ტკივილთან ან სისუსტესთან. ვინაიდან შებოჭილობის ხშირი მიზეზი ართრიტია, შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების (მაგალითად, რევმატოიდული ფაქტორისა და ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოკვლევა) და რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება.

შებოჭილობა მცირდება გამომწვევი მიზეზის მკურნალობის შედეგად. დაჭიმვები, ფიზიკური თერაპია და ცხელი შხაპი გამოღვიძებისას შესაძლებელს ხდის ისეთ მოძრაობებს, რომლებიც მეტ მოქნილობას საჭიროებს.

ხმაური სახსარში

სახსრის ხმიანობები, როგორიცაა ჭრიალი და ტკაცუნი, საკმაოდ ხშირია და ბევრ ადამიანს აღენიშნება, თუმცა მათი გამოვლენა შესაძლებელია სახსრების სპეციფიკური პრობლემების დროს. მაგალითად, კვირისტავის ფუძესთან ჭრიალის ხმიანობა შესაძლებელია ოსტეოართრიტის, ხოლო ყბის სახსრის ტკაცუნი – საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დაავადებების დროს. ექიმი გამოჰკითხავს პაციენტს სიმპტომების თაობაზე და შემდეგ გასინჯავს იმის დასადგენად, რომელიმე დაავადებას უკავშირდება თუ არა სახსრის ხმაური. შემდგომი შეფასება და მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ სახსრის რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. დამოუკიდებლად არსებული სახსრების ხმიანობა კი მკურნალობას არ საჭიროებს.