ოსტეომიელიტი ძირითადად ბაქტერიებით, მათ შორის მიკობაქტერიით, ან იშვიათად სოკოთი გამოწვეული ძვლის ინფექციაა.
ოსტეომიელიტით, ძირითადად, მცირე ასაკის ბავშვები და ასაკოვანი პირები ავადდებიან, თუმცა ყველა ასაკში შესაძლებელია მისი განვითარება. იგი ხშირია სერიოზული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებს შორის.
ძვლის დაინფიცირების შემთხვევაში, მისი რბილი, შიდა ნაწილი (ძვლის ტვინი) ხშირად შუპდება. შეშუპებული ქსოვილი აწვება ძვლოვან კედელს, რაც მისი სისხლძარღვების კომპრესიას იწვევს, შედეგად ძვალთან სისხლის მიდინება მცირდება ან წყდება. არასაკმარისი სისხლის მიწოდების გამო, ძვლის ნაწილი იწყებს კვდომას. ასეთი უბნების ინფექციისაგან განკურნება საკმაოდ რთულია, ვინაიდან გაძნელებულია ორგანიზმის ბუნებრივი, ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების და ანტიბიოტიკების მიღწევა აღნიშნულ კერაში. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ძვლის გარეთ და ირგვლივმდებარე რბილ ქსოვილებზე, მაგალითად, კუნთებში შესაძლოა ჩირქგროვა (აბსცესი) ჩამოყალიბდეს.
ძვლები, როგორც წესი, საკმაოდ დაცულია ინფექციის განვითარებისაგან, თუმცა მათში ინფექციის მოხვედრა შემდეგი სამი გზითაა შესაძლებელი:
როდესაც ოსტეომიელიტის გამომწვევი მიკროორგანიზმები სისხლის ნაკადით ვრცელდება, ინფექციური პროცესი ბავშვებს შორის ფეხის ან ხელის ძვლების დაბოლოებებში ვითარდება, ხოლო მოზრდილებში, განსაკუთრებით ასაკოვან პირებში – ხერხემალში (მალებში). ხერხემლის მალების ინფექციურ პროცესს ვერტებრული ოსტეომიელიტი ეწოდება. დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ პირებს, რომელთაც დიალიზი უტარდებათ, ასევე არასტერილური საინექციო საშუალებებით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს.
ბაქტერიითა და სოკოს სპორებით პირდაპირი დაინფიცირება ძვლების ღია მოტეხილობის, ქირურგიული ჩარევის ან დაბინძურებული საგნით ძვლის გაჩხვლეტისას ხდება. ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus). ტუბერკულოზის გამომწვევს(Mycobacterium tuberculosis) მალის ძვლის დაინფიცირება და ხერხემლის ოსტეომიელიტის გამოწვევა შეუძლია.
ოსტეომიელიტი შეიძლება განვითარდეს იმ ადგილზე, სადაც ძვალზე, ბარძაყის ან სხვა მოტეხილობის დროს მკურნალობის მიზნით, ქირურგიულად მიმაგრებულია მეტალის ფირფიტა. ბაქტერიის ან სოკოს სპორებით ძვლის დაინფიცირება ხდება ხელოვნური სახსრის იმპლანტაციის დროს. მიკროორგანიზმები ძვალში შეიძლება მოხვდეს ხელოვნური სახსრის ჩადგმის ოპერაციის დროს ან ინფექცია განვითარდეს მოგვიანებით.
ოსტეომიელიტი ასევე ვითარდება მიმდებარე რბილი ქსოვილებიდან ინფექციის გავრცელებით. პროცესი რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ იწყება. ინფექციის ასეთი სახით გავრცელება, ძირითადად ასაკოვან პირებს შორისაა მოსალოდნელი. ინფექციური პროცესი შეიძლება აღმოცენდეს დაზიანების კერაში, რომელიც ვითარდება ტრავმის, დასხივების, სიმსივნური პათოლოგიის დროს, აგრეთვე – ცირკულაციის დარღვევის (ძირითადად ტერფის მიდამოს წყლული) ან დიაბეტის შედეგად განვითარებული კანის წყლულიდან. სინუსების (ძვლოვანი ღრუების), ღრძილის ან კბილის ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ქალას ძვლებზე.
ფეხისა და ხელის ძვლების ინფექცია იწვევს ცხელებას და ზოგჯერ, რამდენიმე დღის შემდეგ, ტკივილს ინფიცირებული ძვლის არეში. ძვლის ირგვლივ კანი მტკივნეული და შეშუპებულია და ასევე მტკივნეულია მოძრაობა. შესაძლებელია წონის კლება და დაღლილობის შეგრძნება.
ხერხემლის ინფექცია, როგორც წესი, თანდათან ვითარდება, იწვევს მუდმივ ტკივილს და შეხებით მგრძნობიარეა. ტკივილი უარესდება მოძრაობის დროს და არ გაივლის მოსვენების, სითბური აპლიკაციის ან ანალგეტიკების მიღების შემდეგ. ცხელება – ინფექციის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი, ხშირად შეიძლება არც კი აღინიშნებოდეს.
როდესაც ოსტეომიელიტი ირგვლივმდებარე რბილი ქსოვილებიდან ინფექციის გავრცელების ან მიკრობების პირდაპირი შეჭრის შედეგია, ძვლის ირგვლივი არე შეშუპებული და მტკივნეულია. გარშემო მყოფ ქსოვილებში შესაძლებელია აბსცესის ჩამოყალიბება. ზოგჯერ ინფექცია არ იწვევს ცხელებას. ინფექციური პროცესის არსებობა ხელოვნური სახსრის ან კიდურის ირგვლივ, იწვევს ამ არეში მუდმივ ტკივილს.
ქრონიკული ოსტეომიელიტი დაავადების წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში ვითარდება. იგი მუდმივი ინფექციაა, რომლის განკურნება საკმაოდ რთულია. ზოგჯერ, ოსტეომიელიტის დიაგნოზი დიდი ხნის მანძილზე ვერ ისმება, რადგან თვეების ან წლების განმავლობაში არ იწვევს სიმპტომებს. უფრო ხშირად კი იწვევს ძვლის ტკივილს, განმეორებით ინფექციას ძვლის ირგვლივ რბილ ქსოვილებში, პერიოდულ ან მუდმივ ჩირქდენას კანიდან. ასეთი ჩირქდენა მაშინ ვლინდება, როდესაც ინფიცირებული ძვლიდან კანის ზედაპირისკენ სავალი არხი (სინუსის ტრაქტი) ყალიბდება და ჩირქი იწყებს დენას აღნიშნული გზით.
ოსტეომიელიტის დიაგნოზი შესაძლებელია ვივარაუდოთ სიმპტომებით და ფიზიკური გასინჯვის მონაცემებზე დაყრდნობით. მაგალითად, ექიმმა დაავადებაზე ეჭვი შეიძლება მიიტანოს, როდესაც პაციენტი აღნიშნავს ძვლის გარკვეული მონაკვეთის მუდმივ ტკივილს, ცხელებით ან მის გარეშე და დაღლილობას.
როგორც წესი, მომატებულია ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს – ტესტი, რომელიც განსაზღვრავს სინჯარაში არსებულ სისხლში წითელი უჯრედების სინჯარის ფსკერზე დალექვის სიჩქარეს) და C რეაქტიული ცილა (ცილა, რომელიც ცირკულირებს სისხლში და მნიშვნელოვნად მატულობს ანთებითი პროცესების დროს). ასევე ხშირად ვლინდება სისხლის თეთრი უჯრედების მატება. თუმცა სისხლის ეს ანალიზები არაა საკმარისი ოსტეომიელიტის დიაგნოზის დასასმელად.
რენტგენოლოგიური კვლევით ოსტეომიელიტისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ისახება ზოგჯერ პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 3 კვირის შემდეგ. კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დგინდება ინფიცირებული კერა. თუმცა აღნიშნული კვლევებით ყოველთვის ვერ ხერხდება ძვლის ინფექციის განსხვავება სხვა დაავადებებისაგან. პათოლოგიურ კერას თითქმის ყოველთვის აღმოაჩენს ძვლების სკანირება (ძვლების გამოსახვა ხდება რადიოაქტიური ტექნეციუმის ინექციის შემდეგ), გამონაკლისია ბავშვთა ასაკი, რადგან სკანირებით მოზარდ ძვალში პათოლოგიური კერის დიფერენცირება ვერ ხერხდება. სისხლის თეთრი უჯრედების სკანირება (გამოსახვა ტარდება რადიოაქტიური ინდიუმით მონიშნული სისხლის თეთრი უჯრედების ინტრავენურად შეყვანის შემდეგ), არის გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დადგინდეს, გამოვლენილი პათოლოგიური კერა ინფექციაა თუ სხვა სახის დაზიანება.
ძვლის ინფექციის დიაგნოზის დასასმელად და გამომწვევი მიკროორგანიზმის გამოსავლენად, ხდება სისხლის, ჩირქის, სინოვიური სითხის ან თვით ძვლის ნიმუშის გამოკვლევა. ხერხემლის ოსტეომიელიტის სადიაგნოზოდ საკვლევი ძვლის ნიმუშის აღება ნემსით ან ქირურგიული ჩარევის დროს ხდება.
ოსტეომიელიტის დროს, პროგნოზი, მკურნალობის დროულად და სწორად დაწყების შემთხვევაში, როგორც წესი, კარგია. თუმცა, ზოგჯერ ქრონიკული ოსტეომიელიტი ვითარდება და ძვლის აბსცესი ხელახლა ვლინდება კვირების ან თვეების, ზოგჯერ კი წლების შემდეგ.
პაციენტებს, რომელთაც აქვთ ხელოვნური სახსარი ან ძვალზე მიმაგრებული აქვთ მეტალის კომპონენტები, ქირურგიულ ჩარევამდე უნდა ჩაუტარდეთ პრევენციული ანტიბიოტიკოთერაპია, მათ შორის დენტალური ქირურგიის დროს, ვინაიდან ასეთ პაციენტებში მაღალია რისკი, რომ ინფექციური პროცესი გამოიწვიოს იმ ბაქტერიებმა, რომლებიც ჩვეულებრივ პირის ღრუში ან სხეულის სხვა მიდამოებში ყოველთვის იმყოფებიან. პრევენციული ანტიბიოტიკოთერაპიის შესახებ პაციენტმა დეტალური რეკომენდაციები მისი მკურნალი ექიმისგან უნდა მიიღოს. ქირურგიული ან სტომატოლოგიური ჩარევის დროს, პაციენტმა ქირურგი, ორთოპედი ან სტომატოლოგი უნდა ჩააყენოს საქმის კურსში, რომ მას ხელოვნური სახსარი ან მეტალის კომპონენტი აქვს ძვალზე და პრევენციულად ანტიბიოტიკების მიღებას საჭიროებს.
ბავშვებსა და მოზრდილებში სისხლის ნაკადით გავრცელებული ახალგანვითარებული ძვლის ინფექციის დროს ყველაზე ეფექტური მკურნალობაა ანტიბიოტიკების დანიშვნა. თუ გამომწვევი ბაქტერიის იდენტიფიკაცია შეუძლებელია, ინიშნება ანტიბიოტიკები, რომლებიც ეფექტურია Staphylococcus aureus და სხვა მრავალი სახეობის ბაქტერიის მიმართ (ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები). ინფექციის სიმძიმის მიხედვით, ანტიბიოტიკები ინიშნება ვენურად (ინტრავენურად) 4-8 კვირის მანძილზე, მოგვიანებით კი შეიძლება დასალევი ფორმების დანიშვნა. ზოგ პაციენტს თვეების მანძილზე მკურნალობა ესაჭიროება.
თუ საეჭვოა ან დადგენილია სოკოვანი ინფექცია, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიღება საჭიროა რამდენიმე თვის განმავლობაში. თუ დაავადების დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე ისმება, ქირურგიული ჩარევა, როგორც წესი, საჭირო არაა.
ხერხემლის ბაქტერიული ოსტეომიელიტის დროს მოზრდილებში, ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ჩვეულებრივ 6-8 კვირა გრძელდება. ზოგჯერ საჭიროა წოლითი რეჟიმი და კორსეტის ტარება. ქირურგიული ჩარევა საჭიროა აბსცესის დრენირების ან დაზიანებული მალის სტაბილიზაციისათვის (მალის დაშლის და შედეგად, ახლოს არსებული ნერვების, ზურგის ტვინის ან სისხლძარღვების დაზიანების პრევენციისათვის).
როდესაც ოსტეომიელიტი ახლოს მდებარე რბილი ქსოვილებიდან ინფექციის გავრცელების შედეგია (მაგალითად, სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან დიაბეტის გამო განვითარებული ტერფის წყლულიდან წამოსული ინფექცია), მკურნალობა გაცილებით რთულია. როგორც წესი, საჭიროა მკვდარი ქსოვილებისა და ძვლის ქირურგიულად მოცილება და წარმოქმნილი სიცარიელის ამოვსება ჯანმრთელი ძვლით, კუნთით ან კანით. შემდეგ ხდება ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით.
აბსცესის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მისი ქირურგიული წესით დრენირება. ქირურგიული ჩარევა შეიძლება დასჭირდეთ იმ პირებს, რომელთაც მუდმივი ცხელება და წონის კლება აღენიშნებათ.
თუ ხელოვნური სახსრის ირგვლივ ინფექციური პროცესია, როგორც წესი, მას ცვლიან. ინფექციის აღმოფხვრის მიზნით, ანტიბიოტიკები ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე კვირით ადრე ინიშნება. ინფიცირებული სახსარი შეიცვლება და ახალი იდგმება. იშვიათად, წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში და ინფექციის პროგრესირებისას, საჭირო ხდება ქირურგიულად სახსრის ჩაკეტვა ან კიდურის ამპუტაცია.