ინფექციური ართრიტები | მკურნალი.გე
  1. ინფექციური ართრიტები
  2. ძვლებისა და სახსრების ინფექციები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ინფექციური ართრიტები

ინფექციური ართრიტი (სეპტიკური ართრიტი) სახსრის სინოვიური სითხისა და რბილი ქსოვილების ანთებაა, რომელსაც უხშირესად ბაქტერია, იშვიათად ვირუსები ან სოკოები იწვევს.

  • ბაქტერიები და ზოგჯერ ვირუსები ან სოკოები სისხლის ნაკადით ინფიცირებული კერიდან შეიძლება სახსარზე გავრცელდეს და ინფექცია გამოიწვიოს;

  • რამდენიმე საათსა ან დღეში ვითარდება ტკივილი, შეშუპება და ცხელება;

  • სინოვიურ სითხეს პუნქციით იღებენ და იკვლევენ;

  • დაუყოვნებლივ იწყება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

ინფექციური ართრიტის განვითარების რისკი მომატებულია იმ პირებს შორის, რომელთაც სახსრის რაიმე პათოლოგია (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი ან ტრავმის შედეგად განვითარებული ართრიტი) აქვთ. მაგალითად, პნევმონიის და სეფსისის (სისხლის ინფექცია) მქონე ასაკოვან პირს ტრავმის შედეგად შეიძლება მაჯის მოტეხილობა განუვითარდეს. დაზიანებულ მაჯის სახსარში სისხლდენამ შეიძლება ინფექციური ართრიტი გამოიწვიოს.

ინფექციური მიკროორგანიზმები, ძირითადად ბაქტერიები, სახსარში, როგორც წესი, სისხლის გზით ხვდება, თუმცა სახსრის დაინფიცირება პირდაპირი გზითაც შესაძლებელია, მაგალითად, ქირურგიული ჩარევის დროს, ინექციის ან ტრავმის შედეგად. სახსრის დაზიანება შეიძლება სხვადასხვა ბაქტერიამ გამოიწვიოს, თუმცა, გამომწვევი ბაქტერიის სახეობა განსხვავებულია პაციენტის ასაკის შესაბამისად. Staphylococci და სხვა გრამ-უარყოფითი კოკები მცირე ასაკის ბავშვებს აინფიცირებს, ხოლო გონოკოკები (გონორეის გამომწვევი ბაქტერია), სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები უფრო ხშირად მოზრდილ ბავშვებსა ან უფროსებშია ინფექციის გამომწვევი. იშვიათად სახსრის ინფიცირებას იწვევს სპიროქეტები, როგორიცაა ლაიმის დაავადების ან სიფილისის გამომწვევი.

ვირუსები – როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აიდ ვირუსი), პარვოვირუსი, წითურას, ყბაყურას და B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები – სახსრის პათოლოგიას ნებისმიერ ასაკში იწვევენ. ნელა პროგრესირებადი ქრონიკული ინფექციური ართრიტი უხშირესად ტუბერკულოზის ჩხირით(ycobacterium tuberculosis) ან სოკოებითაა გამოწვეული.

სიმპტომები

ბავშვებს, როგორც წესი, ცხელება, ტკივილი და მოუსვენრობა აღენიშნებათ. ისინი დაავადებულ სახსარს ზოგავენ მოძრაობის დროს, ვინაიდან მოძრაობა ან შეხება მტკივნეულია. ბავშვები მუხლის ან ბარძაყის სახსრის ინფექციის დროს უარს ამბობენ სიარულზე. უფროსი ასაკის ბავშვებს შორის ან მოზრდილებში სიმპტომები რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში ვითარდება. ინფიცირებული სახსარი წითელია და შეხებით თბილი, მოძრაობა და შეხება ძალზე მტკივნეულია. დაავადებულ სახსარში გროვდება სითხე, რაც მის შეშუპებას და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. სხვა სიმპტომებია შემცივნება და ცხელება. ნაკლებად დრამატული სიმპტომები (როგორიცაა მსუბუქი ტკივილი და დაბალი ცხელება) ვლინდება სახსრების ქრონიკული ანთების დროს, რომელიც მიკობაქტერიით ან სოკოებითაა გამოწვეული.

ყველაზე ხშირად, ინფექციური პროცესი მუხლის, მხრის, მაჯის, ბარძაყის, იდაყვის და ფალანგების სახსრებში ვითარდება. ბაქტერიული, სოკოვანი ან მიკობაქტერიით განპირობებული ინფექციური პროცესი ძირითადად ერთ სახსარს აზიანებს, იშვიათად – რამდენიმეს. მაგალითად, ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერია ყველაზე ხშირად მუხლის სახსრის დაზიანებას იწვევს. გონოკოკი და ვირუსები ერთდროულად ერთი ან რამდენიმე სახსრის დაავადებას განაპირობებს.

დიაგნოზი

რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს სახსრიდან სითხის აღება და გამოკვლევა. იკვლევენ ლეიკოციტების და ბაქტერიების ან სხვა მიკროორგანიზმების არსებობას. თუ პაციენტს ბოლო პერიოდში ანტიბიოტიკები არ აქვს მიღებული, სასახსრე სითხის ლაბორატორიული კვლევისას ინფექციის გამომწვევი ბაქტერია ვლინდება. თუმცა რთულია სასახსრე სითხიდან ისეთი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება, როგორიცაა გონორეის, ლაიმის დაავადების და სიფილისის გამომწვევი. საკვლევ ნიადაგზე გამომწვევი ბაქტერიის გაზრდის შემდეგ ლაბორატორია ადგენს, რომელი ანტიბიოტიკია ყველაზე ეფექტური მის წინააღმდეგ.

ექიმები დამატებით ნიშნავენ სხვადასხვა ლაბორატორიულ კვლევას, ვინაიდან სახსრის ინფექციის შედეგად ბაქტერია ხშირად ხვდება სისხლში. ინფექციის წყაროს განსაზღვრისათვის შეიძლება დამატებით ნახველის, ზურგის ტვინის სითხის და შარდის გამოკვლევა.

პროგნოზი და მკურნალობა

ინფიცირებული სახსარი რამდენიმე დღესა ან საათში შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს, როდესაც საეჭვოა ინფექციური პროცესის არსებობა, ანტიბიოტიკებით მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს – მანამდე, ვიდრე ინფექციის გამომწვევი აგენტი ლაბორატორიულად დადგინდება. მკურნალობის მიზნით ინიშნება ანტიბიოტიკი, რომელიც ყველაზე მეტად სავარაუდო ბაქტერიაზე მოქმედებს და ამგვარად არ იკარგება ის 48 საათი, რომელიც, ჩვეულებრივ, სინოვიური სითხის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას სჭირდება. დასაწყისში ანტიბიოტიკები ინტრავენურად ინიშნება, რათა საკმარისი ოდენობით მიაღწიოს დაავადების კერამდე. თუ ანტიბიოტიკი ბაქტერიაზე ეფექტურად მოქმედებს, გაუმჯობესება 48 საათის განმავლობაში ხდება. როგორც კი ლაბორატორიული კვლევის შედეგები მზად იქნება, ანტიბიოტიკი შეიცვლება ბაქტერიის მიმართ ყველაზე მეტად მგრძნობიარე საშუალებით.

ჩირქის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, ექიმი მას ნემსის საშუალებით ამოიღებს სახსრიდან. თუ ნემსით დრენირება გაძნელებულია (ბარძაყის სახსრის შემთხვევაში) ან წარუმატებელია, სახსრის დრენირებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ართროსკოპია (პროცედურა, რომლის დროსაც მცირე ზომის მილაკით ხდება სახსრის დათვალიერება) ან ქირურგიული ჩარევა. ჩირქის თავისუფლად გადმოდინებისთვის, ზოგჯერ სახსარში ტოვებენ მცირე ზომის მილაკს. სახსრის იმობილიზაცია (მოძრაობის შეზღუდვის მიზნით) ამსუბუქებს ტკივილს, თუმცა სახსრის უძრაობისა და ფუნქციის დაკარგვის პრევენციისათვის, ფიზიოთერაპიაა საჭირო.

სოკოვანი ინფექციის მკურნალობა ანტიფუნგალური საშუალებებით ტარდება. მიკობაქტერიით გამოწვეულის – ანტიბიოტიკების კომბინაციით. ვირუსებით გამოწვეული ინფექცია მკურნალობის გარეშე, თავისით უმჯობესდება, ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად მხოლოდ აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) დანიშვნაა საჭირო.