1. სხვა ართრიტები
  2. სახსრების დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
სხვა ართრიტები

შემაერთებელი ქსოვილის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, როგორიცაა სპონდილოართროპათიები (ასევე უწოდებენ სპონდილოართრიტებსაც), სახსრების გამოხატულ ანთებას იწვევს. სპონდილოართროპათიები სახსრებსა და ხერხემალს აზიანებენ. აღნიშნულ დაავადებებს მრავალი საერთო მახასიათებელი აქვთ. მაგალითად, შეიძლება გამოიწვიონ ზურგის ტკივილი, თვალების ანთება (უვეიტი), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები და გამონაყარი. ზოგი მათგანი მკაცრადაა დაკავშირებული HLA-B27 გენთან. ვინაიდან იწვევენ თითქმის ერთნაირ პრობლემებს, საერთო აქვთ გენეტიკური მახასიათებლები, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, აღნიშნული ჯგუფის დაავადებებს საერთო მიზეზები და სიმპტომები აქვთ. სპონდილოართროპათიები რევმატოიდული ართრიტის მსგავს სახსრების ანთებას იწვევენ, თუმცა მისგან განსხვავებით, რევმატოიდული ფაქტორი უარყოფითია (ამიტომ მათ სერონეგატიურ სპონდილოართროპათიებსაც უწოდებენ). აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს: ფსორიაზულ ართრიტს, რეაქტიულ ართრიტს და მაანკილოზებელ სპონდილიტს.

ფსორიაზული ართრიტი

ფსორიაზული ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც კანის ან ფრჩხილის ფსორიაზის მქონე პირებს უვითარდებათ.

  • ფსორიაზის მქონე პირებს სახსრების ანთება შეიძლება განუვითარდეთ.

  • ანთებითი პროცესი ძირიათადად მოიცავს: ბარძაყის, მუხლების, ხელისა და ფეხის თითების დაბოლოებასთან ახლოს მყოფ სახსრებს.

  • დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება.

  • სიმპტომების შემსუბუქებას ხელს უწყობს: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი და სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის ინჰიბიტორები (ადალიმუმაბი, ეტანერცეპტი და ინფლიქსიმაბი).

დაავადება რევმატოიდულ ართრიტს წააგავს, თუმცა ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი ანტისხეულების გამომუშავება არ ხდება. ფსორიაზული ართრიტი ფსორიაზის (კანის დაავადება, პერიოდული გამწვავებებით, წითელი, ქერცლოვანი გამონაყარით და გასქელებული, დაჩხვლეტილი ფრჩხილებით) მქონე პირების 5-40%-ს უვითარდება. დაავადების მიზეზი უცნობია.

სიმპტომები და დიაგნოზი

ანთებითი პროცესი ხელისა და ფეხის თითების დაბოლოებასთან ახლოს მდებარე, ასევე ბარძაყის, მუხლის და ხერხემლის სახსრებს აზიანებს. ხშირად, ზედა კიდურების სახსრები უფრო მეტად ზიანდება. მოსალოდნელია ზურგის ტკივილი. ანთებითი პროცესის გაქრონიკულების შემთხვევაში, სახსრები შეშუპებული და დეფორმული ხდება. ფსორიაზული ართრიტის დროს სახსრების დაზიანება ნაკლებად სიმეტრიულია, რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავებით და მცირე რაოდენობით სახსრებს მოიცავს. ართრიტის განვითარებამდე ან მის შემდეგ, შესაძლებელია, ფსორიაზული გამონაყრის გაჩენა. ზოგჯერ გამონაყარი არ შეინიშნება, ვინაიდან დამალულია თავის თმიან ნაწილში ან კანის ნაკეცებში, მაგალითად, როგორიცაა დუნდულოებს და ბარძაყებს შორის ნაკეცი. კანისმხრივი და სახსროვანი სიმპტომები ერთად ჩნდება და ქრება.

სახსრების ანთების გამოვლენისას ფსორიაზული ართრიტის დიაგნოზი ისმება ფსორიაზის და ართრიტის თანაარსებობის ან ფსორიაზის ოჯახური ანამნეზის საფუძველზე. დიაგნოზის დასადასტურებელი ტესტი არ არსებობს, თუმცა რენტგენოგრაფია სახსრის დაზიანების გავრცელების შეფასებაში ეხმარება.

პროგნოზი და მკურნალობა

ფსორიაზული ართრიტის დროს, დაავადების პროგნოზი, რევმატოიდულ ართრიტთან შედარებით უკეთესია, ვინაიდან შედარებით ნაკლები რაოდენობით სახსარი ზიანდება. მიუხედავად ამისა, სახსრის დაზიანება შეიძლება მძიმე იყოს.

მკურნალობის მიზანია კანზე გამონაყრის გაკონტროლება და სახსრის ანთების შემსუბუქება. ფსორიაზული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე მედიკამენტი, რომლებიც ასევე ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები), მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი და სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის (TNF) ინჰიბიტორები.

ზოგი დაავადებული იღებს მეთოქსალენს (პსორალენი) დასალევად და იტარებს თერაპიას ულტრაიისფერი A სინათლით. აღნიშნული კომბინაცია ამსუბუქებს კანის სიმპტომებს და სახსრების ანთებას, თუმცა ვერ მოქმედებს ხერხემლის დაზიანებაზე (ანთებაზე).

რეაქტიული ართრიტი

რეაქტიული ართრიტები (ზოგჯერ რეიტერის სინდრომად მოიხსენიებენ) სახსრებისა და მასზე მიმაგრებული მყესის ანთებაა, რომელიც ინფექციასთანაა დაკავშირებული.

  • სახსრების ტკივილი და ანთება შარდ-სასქესო ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციის საპასუხოდ ვითარდება;

  • ასევე ხშირია მყესების ანთება, გამონაყარი კანზე და წითელი თვალი;

  • დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება;

  • სიმპტომებს ამცირებენ: აასს-ები, სულფასალაზინი, აზათიოპრინი და მეტოტრექსატი.

დაავადებას რეაქტიული ართრიტი ეწოდება, ვინაიდან სახსრების ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან შარდ-სასქესო სისტემის ინფექციისადმი განვითარებული საპასუხო რეაქციაა.

რეაქტიული ართრიტის ორი ფორმა არსებობს. ერთი მათგანი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დროს ვითარდება, როგორიცაა ქლამიდიური ინფექცია და ძირითადად 20-40 წლის ასაკის მამაკაცებში გვხვდება. მეორე ფორმა – ნაწლავური ინფექციების შემდეგ აღინიშნება, როგორიცაა შიგელოზი, სალმონელოზი ან Campylobacter-ით გამოწვეულიინფექცია. რეაქტიული ართრიტი ჩამოთვლილი ინფექციების მქონე ყველა პირს არ უვითარდება, არამედ მათ, ვისაც ასეთი რეაქციების მიმართ გენეტიკურად განპირობებული წინასწარგანწყობა აღენიშნებათ. იგი იმავე გენთანაა დაკავშირებული, რომელიც მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე პირებს შორისაა ნანახი.

არსებობს მტკიცებულებები, რომ ქლამიდია ან სხვა ბაქტერიები სახსარში ნამდვილად აღწევენ, თუმცა ინფექციისა და მის მიმართ განვითარებული იმუნური რეაქციის როლი ბოლომდე ნათელი არაა.

რეაქტიულ ართრიტებს შეიძლება ახლდეს კონიუნქტივის და ლორწოვანი გარსების (მაგალითად, პირის ღრუს და გენიტალიების ლორწოვანის) ინფექცია და განსხვავებული სახის გამონაყარი. რეაქტიული ართრიტების აღნიშნულ სახეობას წარსულში რეიტერის სინდრომს უწოდებდნენ.

სიმპტომები

სახსრის ტკივილი და ანთება მსუბუქი ან მძიმე ხარისხის შეიძლება იყოს. სწრაფად ვითარდება რამდენიმე სახსრის დაზიანება – განსაკუთრებით მუხლების, ტერფის თითების და იმ მიდამოების, სადაც მყესი ძვალს უმაგრდება, მაგალითად, როგორიცაა ქუსლი. უფრო მეტად ზიანდება ქვედა კიდურების დიდი სახსრები. რეაქტიული ართრიტის დროს სახსრების დაზიანება, რევმატოიდულ ართრიტთან შედარებით ნაკლებად სიმეტრიულია. მყესები, ანთების შემთხვევაში, მტკივნეულია. ზურგის ტკივილი მძიმე დაავადების დროს ვლინდება.

ურეთრის (მილი, რომელიც შარდს შარდის ბუშტიდან გარეთ გამოყოფს) ანთება, ჩვეულებრივ ინფექციიდან 7-14 დღის შემდეგ ვითარდება. მამაკაცებში ურეთრის ანთება ზომიერ ტკივილს, პენისიდან გამონადენს ან ჯირკვლებსა და პენისზე გამონაყარს (რგოლისებური ბალანიტი) იწვევს. ვითარდება წინამდებარე ჯირკვლის ანთება და ტკივილი. გენიტალური და საშარდე სისტემის ანთების სიმპტომები ქალებს შორის ან არ ვლინდება ან მსუბუქადაა გამოხატული და მოიცავს საშოდან მცირე რაოდენობით გამონადენს და დისკომფორტს მოშარდვისას. სხვა სიმპტომებია: სუბფებრილური ცხელება და მკვეთრად გამოხატული დაღლილობა.

ვითარდება კონიუნქტივის (გარსი, რომელიც ამოფენს ქუთუთოებს და ფარავს თვალის კაკალს) ანთება და სიწითლე, რაც ქავილს და წვის შეგრძნებას, სინათლისადმი მგრძნობელობის მატებას და ჭარბ ცრემლდენას იწვევს. პირის ღრუში ჩნდება მცირე ზომის და ჩვეულებრივ, უმტკივნეულო აფთები. იშვიათად, კანზე ვითარდება დამახასიათებელი მკვრივი გამონაყარი, შესქელებული ლაქების სახით, განსაკუთრებით ხელისა და ფეხისგულებზე (keratoderma blennorrhagicum). ხელებისა და ფეხის თითების ფრჩხილებქვეშ ვითარდება ყვითელი ჩანართები.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს გულ-სიხლძარღვთა სისტემის მხრივი გართულებები (აორტის ანთება), ფილტვების მფარავი გარსის ანთება, აორტის სარქვლის დისფუნქცია, თავისა და ზურგის ტვინის ან პერიფერიული ნერვული სისტემის (თავისა და ზურგის ტვინის გარეთ არსებული ნერვები) ფუნქციის დარღვევის სიმპტომები.

3-4 თვეში პაციენტების უმრავლესობას საწყისი სიმპტომები უქრება, თუმცა 50%-ში რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ იჩენს თავს სახსრების ანთება და სხვა სიმპტომები. თუ სიმპტომები ხანგრძლივად რჩება ან ხშირად მეორდება, სახსრების ან ხრხემლის დეფორმაცია შეიძლება განვითარდეს. ზოგ დაავადებულს მუდმივი ქმედუუნარობა უვითარდება.

დიაგნოზი

სახსროვანი სიმპტომებისა და მისი წინამორბედი ინფექციის კომბინაცია, განსაკუთრებით, თუ ამავე დროს აღინიშნება გენიტალური, საშარდე, კანის და თვალის სიმპტომები, ეს ყველაფერი ექიმს რეაქტიული ართრიტის დიაგნოზზე აფიქრებინებს. ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება ერთდროულად არც ვლინდებოდეს, რის გამოც, დაავადების დიაგნოზი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაისვას. არ არსებობს მარტივი ლაბორატორიული ტესტები, რომელიც დიაგნოზს დაადასტურებს, თუმცა სახსრების მდგომარეობის შესაფასებლად, ხშირად ტარდება რენტგენოგრაფია. ლაბორატორიული ტესტების ჩატარების მიზანია სხვა დაავადებების გამორიცხვა, რომლებიც მსგავს სიმპტომებს იწვევენ.

მკურნალობა

როდესაც დაავადება გენიტალურ ან საშარდე სისტემას აზიანებს, ინფექციის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება, თუმცა მკურნალობა ყოველთვის წარმატებული არაა და არც მისი ოპტიმალური ხანგრძლივობაა ცნობილი.

სახსრების ანთების მკურნალობა აასს-ებით ტარდება. ისევე, როგორც რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში, გამოიყენება სულფასალაზინი ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები (როგორიცაა აზათიოპრინი ან მეტოტრექსატი). გამოჯანმრთელების ფაზაში, სახსრების მობილურობის შენარჩუნებას ფიზიოთერაპია ეხმარება.

კონიუნქტივიტი და კანზე გამონაყარი, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა თვალის მძიმე ანთებისას (უვეიტი) შეიძლება აუცილებელი გახდეს კორტიკოსტეროიდების და გუგების გამაფართოებელი საშუალებების დანიშვნა.

მაანკილოზებელი სპონდილიტი

მაანკილოზებელი სპონდილიტი ხასიათდება ხერხემლის და მსხვილი სახსრების ანთებით, რაც შებოჭილობასა და ტკივილს იწვევს.

  • ხშირია სახსრების ტკივილი, ხერხემლის შებოჭილობა და თვალების ანთება;

  • დიაგნოზი სიმპტომებსა და რენტგენოლოგიურ მონაცემებს ეფუძნება;

  • კიდურების ართრიტის დროს აასს-ები, ზოგჯერ სულფასალაზინი ან მეტოტრექსატი ინიშნება;

  • ხერხემლისა და კიდურების ართრიტის მკურნალობისათვის საკმაოდ ეფექტურია სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის ინჰიბიტორები.

დაავადება, ქალებთან შედარებით, მამაკაცებს შორის 3-ჯერ უფრო ხშირია და უპირატესად 20-40 წლის ასაკში ვითარდება. მიზეზი უცნობია, თუმცა შემთხვევებს ოჯახური ხასიათი აქვს, რაც გენეტიკური ფაქტორის გარკვეულ როლზე მიუთითებს. მაანკილოზებელი სპონდილიტი 10-20-ჯერ უფრო ხშირია იმ პირებში, რომელთა მშობლებს ან და-ძმას ჰქონდა აღნიშნული დაავადება.

სიმპტომები

მსუბუქი ან საშუალო გამწვავებები მონაცვლეობს უსიმპტომო პერიოდთან.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია ზურგის ტკივილი, რომლის ინტენსივობაც იცვლება სხვადასხვა ეპიზოდში, ასევე განსხვავებულია ინდივიდებში. ტკივილი უარესდება ღამით და დილით. ხშირია დილის შებოჭილობა, რომელიც ფიზიკურ აქტივობასთან ერთად გაივლის. ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი და მასთან დაკავშირებული კუნთოვანი სპაზმი წინ დახრის დროს მცირდება. ამიტომ, დაავადებულები, ხშირად წელში მოხრილი არიან, რაც დროთა განმავლობაში, იწვევს მუდმივ მოხრილობას. სხვა შემთხვევებში კი ხერხემალი შესამჩნევად სწორი და დაჭიმული ხდება.

ზურგის ტკივილს შეიძლება თან ახლდეს მადის დაკარგვა, სუბფებრილური ცხელება, წონის კლება, გამოხატული დაღლილობა, ანემია. იმ შემთხვევაში, თუ ნეკნების ხერხემალთან დამაკავშირებელი სახსრების ანთება ვითარდება, ტკივილის გამო შეუძლებელი ხდება გულმკერდის გაფართოება და ღრმა ჩასუნთქვა. ხერხემლის დაჭიმულობა ასევე ზღუდავს გულმკერდის გაფართოებას. იშვიათად, ტკივილი იწყება დიდ სახსრებშიც, როგორიცაა მენჯ-ბარძაყი, მუხლი და მხრები.

პაციენტების მესამედს თვალების მსუბუქი ანთების (უვეიტი) განმეორებითი შეტევები უვითარდება, რომელიც სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, არ იწვევს მხედველობის ცვლილებას. მცირე ნაწილში გულის სარქვლის ანთება იწვევს მის მუდმივ დაზიანებას ან გულისა და აორტის პრობლემას. დაზიანებული მალის ნერვებზე ან ზურგის ტვინზე ზეწოლა დაბუჟებას, სისუსტეს ან დაზიანებული ნერვის საინერვაციო ზონაში ტკივილს იწვევს. დაავადების იშვიათი გართულებაა Cauda equina (რაშის კუდის) სინდრომი. ასევე შესაძლებელია აქილევსის მყესის ანთება.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და სახსრებისა და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ავლენს ხერხემლისა და ბარძაყის ძვლების შეზრდას და ძვლოვანი ხიდების ჩამოყალიბებას მალებს შორის, რაც ხერხემლის რიგიდობას განაპირობებს. მომატებულია ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), ტესტი – რომელიც საზღვრავს სისხლის წითელი უჯრედების დალექვის სიჩქარეს სინჯარაში და მისი მაღალი მაჩვენებელი ანთებით პროცესზე მიუთითებს.

პროგნოზი

პაციენტების უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხის შესაძლებლობების შეზღუდვა უვითარდება, თუმცა მაინც ნორმალურ, პროდუქტიულ ცხოვრებას ეწევიან. იშვიათად, პროგრესირებადი დაავადების დროს, მძიმე ხარისხის დეფორმაციები ვითარდება. არასახარბიელოა პროგნოზი ხერხემლის გამოხატული რიგიდობის შემთხვევაში.

მკურნალობა

მკურნალობა ფოკუსირებულია ზურგისა და სახსრების ტკივილის შემცირებაზე, სახსრებში მოძრაობის დიაპაზონის შენარჩუნებაზე, სხვა ორგანოების დაზიანების პრევენციაზე, ხერხემლის დაზიანებების კორექციასა და პრევენციაზე. აასს-ები ამცირებენ ტკივილსა და ანთებას, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, სხეულის პოზის შესანარჩუნებლად შეასრულოს მნიშვნელოვანი ფიზიკური ვარჯიშები, მათ შორის დაჭიმვები და ღრმა სუნთქვა. სულფასალაზინი ან მეტოტრექსატი ხერხემლის გარდა, სხვა სახსროვანი ტკივილების შემცირებაში ეხმარება. სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის ინჰიბიტორები: ეტანერცეპტი, ადალიმუმაბი ან ინფლიქსიმაბი ამცირებს ანთებით პროცესსა და ზურგის ტკივილს.

კორტიკოსტეროიდების თვალის წვეთებით მკურნალობის ხანმოკლე კურსი შედეგიანია თვალების ანთებითი პროცესის დროს, ასევე პერიოდული კორტიკოსტეროიდების სახსარშიდა ინექცია, ხერხემლის გარდა, 1-2 სახსარში ასევე ეფექტიანია. ძლიერი ტკივილისა და კუნთოვანი სპაზმის შესამცირებლად, მხოლოდ ხანმოკლე დროით, პერიოდულად გამოიყენება კუნთოვანი რელაქსანტები და ოპიოიდური ანალგეტიკები. ბარძაყის და მუხლის სახსრების დაზიანების ან მოხრილ მდგომარეობაში ფიქსაციის შემთხვევაში, სახსრის ქირურგიული პროთეზირება შეამცირებს ტკივილს და აღადგენს მის ფუნქციას.

მკურნალობის ხანგრძლივი მიზნებია: სხეულის სწორი მდგომარეობის შენარჩუნება და ზურგის მტკიცე მუსკულატურის ჩამოყალიბება. ყოველდღიური ვარჯიშები აძლიერებს კუნთებს, რაც წინააღმდეგობას უწევს მოხრილობის განვითარებას. სასურველია, ყოველდღიურად გარკვეული დროის გატარება, განსაკუთრებით კითხვის დროს, მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში, იდაყვებზე დაყრდნობით. აღნიშნულ მდგომარეობაში ხერხემალი გამართულია და ეხმარება მოქნილობის შენარჩუნებაში. გულმკერდის კედლის მოძრაობის შეზღუდვის გამო, ფილტვების ფუნქცია შეზღუდულია, ამიტომ მკაცრად იკრძალება მოწევა, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს ფილტვების მდგომარეობას.

სხვა სპონდილოართროპათიები

სპონდილოართროპათიები შეიძლება განვითარდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების დროს (ამიტომ ზოგჯერ მათ ენტეროპათიულ ართრიტებსაც უწოდებენ), როგორიცაა ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, აგრეთვე – ნაწლავის შუნტირების ან უიპლის დაავადების დროს. ახალგაზრდა ასაკში აღმოცენებული სპონდილოართროპათიები იწვევენ ქვედა კიდურების დაზიანებას, ხშირად ზიანდება საპირისპირო მხარეზე მდებარე სახსრები სხვადასხვა ხარისხით. პათოლოგიური ცვლილებები უხშირესად ვაჟებს შორის 7-16 წლის ასაკში იწყება. დაავადების განვითარება ასევე შესაძლებელია იმ პირებს შორის, რომელთაც სპონდილოართროპათიებისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აქვთ (არადიფერენცირებული სპონდილოართროპათია). მკურნალობა რეაქტიული ართრიტების მსგავსია.