1. მორეციდივე პოლიქონდრიტი
  2. შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნური დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
მორეციდივე პოლიქონდრიტი

განმეორებითი პოლიქონდრიტი ხასიათდება სხვადასხვა ორგანოში ხრტილის და სხვა შემაერთებელი ქსოვილების მტკივნეული, დესტრუქციული ანთების ეპიზოდების განვითარებით.

  • ყურის ნიჟარა და ცხვირი ანთებადი და მტკივნეული ხდება;

  • შესაძლებელია სხვა ხრტილების დაზიანებაც, რაც მრავალფეროვან სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა წითელი ან მტკივნეული თვალი, ხმის ჩახლეჩა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი და ტკივილი მკერდის ძვლის არეში;

  • ტარდება სისხლის ტესტები, ასევე ქსოვილის ნიმუშის აღება გამოკვლევისათვის (ბიოფსია);

  • თუ სიმპტომები და გართულებები საშუალო სიმძიმის ან მძიმეა – ეფექტურია კორტიკოსტეროიდები.

დაავადება ერთნაირად აზიანებს ქალებს და მამაკაცებს, ძირითადად შუახნის ასაკში. მიზეზი უცნობია, თუმცა საფიქრებელია, რომ ვითარდება ხრტილის საწინააღმდეგო აუტოიმუნური რეაქცია.

სიმპტომები

ტიპურია ერთი ან ორივე ყურის გაწითლება, შეშუპება და ტკივილი. ამავდროულად ან მოგვიანებით, შეიძლება სახსრების ანთების (ართრიტი) განვითარება, რომელიც მსუბუქი ან მძიმეა. ზიანდება ნებისმიერ სახსარში შემავალი ხრტილი, ასევე ხრტილები, რომელიც ნეკნებს მკერდის ძვალთან აკავშირებს. ხშირად ვითარდება ცხვირის ხრტილის ანთებითი პროცესი, ცხვირი რბილდება და ხრტილი იშლება.

დაზიანება შეიძლება მოიცავდეს თვალებს – ვითარდება სკლერიტი (თვალის თეთრი ნაწილის ანთება), ხმის იოგებს (ხორხი) და სასულეს (ტრაქეა), რაც ხმის ჩახლეჩას, არაპროდუქტიულ ხველას, ქოშინს და ფარისებრი ხრტილის (ე.წ. ადამის ვაშლის) არეში ტკივილს იწვევს. იშვიათია რქოვანას გახვრეტა (პერფორაცია), რაც სიბრმავის მიზეზი ხდება. შედარებით იშვიათად ზიანდება გული, გულის დაზიანება შუილების გაჩენას ან უკმარისობას განაპირობებს. კანის ანთების შედეგად სხვადასხვა სახის გამონაყარი ვლინდება.

ანთებითი პროცესის გამწვავება და ტკივილი რამდენიმე კვირა გრძელდება, შემდეგ გაივლის და კვლავ მწვავდება რამდენიმე წლის შემდეგ. საბოლოოდ, ზიანდება საყრდენი ხრტილი, რაც ყურის ნიჟარების დარბილებას, გამრუდებულ, უნაგირისებრად ჩავარდნილ ცხვირს, მხედველობის, სმენის და წონასწორობის პრობლემებს იწვევს.

დაავადების შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ხდება სასუნთქი გზების ხრტილის დაშლა, რაც ჰაერის ნაკადის ბლოკირებას იწვევს ან გულის და სისხლძარღვების მძიმე დაზიანებას.

დიაგნოზი და მკურნალობა

მორეციდივე პერიქონდრიტის დიაგნოზი ისმება, როდესაც ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, სამი სიმპტომი ვითარდება დროთა განმავლობაში:

  • ყურის ნიჟარის ანთება;

  • რამდენიმე სახსრის მტკივნეული შეშუპება;

  • ცხვირის ხრტილის ანთება;

  • თვალების ანთება;

  • სასუნთქ სისტემაში ხრტილის დაზიანება;

  • სმენის ან წონასწორობის დარღვევა.

დამახასიათებელი ცვლილებები ვლინდება დაზიანებული ხრტილის ბიოფსიით. სისხლის ტესტები, როგორიცაა ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), ავლენს ქრონიკული ანთებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს.

დაავადების მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა შესაძლებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს-ები) ან დაფსონით. შედარებით მძიმე შემთხვევებში, ყოველდღიურად ინიშნება პრედნიზონი, ხოლო სიმპტომების შემცირების შემდეგ იწყება დოზის კლება. იშვიათად, უკიდურესად მძიმე ფორმის შემთხვევაში, მკურნალობა ტარდება იმუნოსუპრესიული საშუალებებით, როგორიცაა ციკლოსპორინი, ციკლოფოსფამიდი ან აზათიოპრინი. ჩამოთვლილი საშუალებები ამცირებს სიმპტომებს, თუმცა დაავადების მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს.