კვანძოვანი პოლიარტერიიტი | მკურნალი.გე
  1. კვანძოვანი პოლიარტერიიტი
  2. ვასკულიტები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
კვანძოვანი პოლიარტერიიტი

კვანძოვანი პოლიარტერიიტი საშუალო სიდიდის არტერიების ანთებაა, რომელიც მათ დაზიანებას და სისხლის მიმოქცევის მოშლას იწვევს.

  • შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო (ფილტვების გამოკლებით);

  • ვითარდება ნელა ან სწრაფად პროგრესირებს;

  • სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია დაზიანებულ ორგანოზე;

  • დაავადებას ადასტურებს დაზიანებული სისხლძარღვის ბიოფსია;

  • სწორად შერჩეული მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით ან სხვა იმუნური სისტემის დამთრგუნავი საშუალებით ახდენს დაავადების შეფერხებას და სიკვდილიანობის პრევენციას.

კვანძოვანი პოლიარტერიიტი, უხშირესად საშუალო, დაახლოებით 50 წლის ასაკში ვითარდება, თუმცა მისი გამოვლენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. დაავადება იშვიათად გვხვდება.

მიზეზები უცნობია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში მისი პროვოცირება გარკვეულ ვირუსულ ინფექციებს (როგორიცაა ჰეპატიტი) ან წამლებს უკავშირდება. ყოველი 5 დაავადებულიდან 1-ს B ჰეპატიტი აქვს. უფრო ხშირად კი დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი უცნობია.

სიმპტომები

დასაწყისში დაავადება შეიძლება მსუბუქად მიმდინარეობდეს, მაგრამ შემდგომ სწრაფად გაუარესდეს და რამდენიმე თვეში ფატალურად დასრულდეს ან განვითარდეს თანდათან, როგორც ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადება. ზიანდება ნებისმიერი ორგანო ან რამდენიმე ორგანო ერთდროულად (ფილტვების გამოკლებით). სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული. ზოგჯერ ზიანდება მხოლოდ ერთი ორგანო, მაგალითად, როგორიცაა ნაწლავი ან კანი.

დასაწყისში ზოგადი სიმპტომები ვლინდება. შეიძლება აღინიშნებოდეს ზოგადი სისუსტე, დაღლილობა და ცხელება, მადის დაქვეითება და წონის კლება.

სხვა სიმპტომები თავს იჩენს მაშინ, როდესაც არტერიები, რომლებიც სისხლით ამარაგებს შინაგან ორგანოებს, ზიანდება და ვეღარ მიაწვდის მათ ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სისხლის რაოდენობას. აქედან გამომდინარე, სიმპტომები იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული:

  • სახსრები: კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ხშირად) და სახსრების ანთება (ართრიტი);

  • თირკმლები: მაღალი არტერიული წნევა, სითხის შეკავების გამო – შეშუპება, შარდის გამოყოფის შემცირება;

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: მუცლის ღრუს ინფექცია (პერიტონიტი), ძლიერი ტკივილი, სისხლიანი დიარეა, გულისრევა, ღებინება და ნაწლავის გასკდომა (პერფორაცია);

  • გული: ტკივილი გულმკერდში (ანგინა) და გულის შეტევა;

  • თავის ტვინი: თავის ტკივილი, კრუნჩხვა და ინსულტი;

  • ნერვები: კეროვანი დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე ან ხელის ან ფეხის დამბლა;

  • ღვიძლი: ღვიძლის დაზიანება;

  • კანი: მტევნის ან ტერფის თითების მოლურჯო ან წითელი შეფერილობა, კვანძოვანი გამონაყარი, მეწამული ლაქები, ზოგჯერ კანის დაწყლულება.

ზოგჯერ ორგანოების დაზიანება შეუქცევადი ხასიათისაა. ასეთი ორგანოები ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. დასუსტებული არტერია შეიძლება გასკდეს და შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს. ისეთი პრობლემები, როგორიცაა, გულის შეტევა, მოგვიანებით, ანთებითი პროცესის მკურნალობის შემდეგ ვითარდება.

დიაგნოზი

კვანძოვანი პოლიარტერიიტი სავარაუდოა, როდესაც ვლინდება გარკვეულ სიმპტომთა კომბინაცია და სისხლის ანალიზით ცვლილებებია. მაგალითად, საფიქრებელია, როდესაც მანამდე ჯანმრთელ, საშუალო ასაკის მამაკაცს ეწყება ცხელება და ნერვების დაზიანების მანიშნებლები აქვს, როგორიცაა ლოკალური დაბუჟება, ჩხვლეტა ან დამბლა.

დიაგნოზის დასადასტურებლად იღებენ დაზიანებული სისხლძარღვის მცირე მონაკვეთს და იკვლევენ მას მიკროსკოპულად (ბიოფსია). თუ ვასკულიტით დაზიანებულია კანი, ღვიძლი ან თირკმლები, აღნიშნული ორგანოების ბიოფსიაც უნდა ჩატარდეს. არტერიოგრაფია (არტერიების ანგიოგრაფია) ტარდება დაზიანებული სისხლძარღვების კედელში გამობერილობების (ანევრიზმები) გამოსავლენად. გამოკვლევის დროს არტერიების სანათურში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ ტარდება რენტგენოგრაფია.

მკურნალობა

მკურნალობის გარეშე, კვანძოვანმა პოლიარტერიიტმა, პაციენტის გარდაცვალება შეიძლება გამოიწვიოს. დროული, სწორი მკურნალობა აფერხებს ან ახდენს დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციას. თუმცა, უკვე განვითარებული დაზიანების შეფერხება მკურნალობით ყოველთვის ვერ ხერხდება.

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

კორტიკოსტეროიდები მაღალი დოზით, როგორიცაა პრედნიზონი, ახდენს კვანძოვანი პოლიარტერიიტის გაუარესების პრევენციას. მკურნალობის მიზანია სიმპტომებისაგან თავისუფალი მდგომარეობის (რემისია) მიღწევა. პაციენტთა უმრავლესობას კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება, ხანგრძლივ მკურნალობას თან ახლავს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, ამიტომ, სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე, ექიმები ცდილობენ წამლის დოზის შემცირებას.

თუ კორტიკოსტეროიდები ადეკვატურად ვერ ამცირებენ ანთებით პროცესს, მათთან ერთად ინიშნება იმუნური სისტემის დამთრგუნავი საშუალებები (იმუნოდეპრესანტები), როგორიცაა ციკლოფოსფამიდი. კორტიკოსტეროიდების და სხვა იმუნოსუპრესიული საშუალებების ხანგრძლივი დროით მიღება აქვეითებს ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის უნარს. ამრიგად, პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ, მომატებული აქვთ ინფექციების განვითარების რისკი, რომელიც, სერიოზული ან ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს, თუ დროულად არ მოხდება დიაგნოსტირება.

სხვა მკურნალობა მოიცავს მომატებული არტერიული წნევის კონტროლს, რათა თავიდან იქნეს აცილებული შინაგანი ორგანოების დაზიანება. თუ პაციენტს აქვს B ჰეპატიტი, ანთებითი პროცესის შემცირების შემდეგ, საჭიროა ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება.