შონლაინ-ჰენოხის პურპურა ძირითადად წვრილი სისხლძარღვების ანთებითი პროცესია და ძირითადად ბავშვებში ვლინდება.
შონლაინ-ჰენოხის პურპურა ძირითადად 3-15 წლის ბავშვებში აღინიშნება, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა ინფექციას ან სხვა ფაქტორებს შეცვლილი იმუნური პასუხით ხვდება. მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციამ, წამლებმა ან მწერის ნაკბენმა. ანთებითი პროცესი ზოგჯერ მოიცავს ნაწლავებისა და თირკმლების სისხლძარღვებს.
სისხლჩაქცევის მსგავსი, მცირე ზომის ლაქები ან მოწითალო იისფერი კვანძოვანი გამონაყარი (პურპურა) ვლინდება ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებსა და ტერფებზე. რამდენიმე დღეში ან კვირაში შეიძლება მათმა რაოდენობამ მოიმატოს და განვითარდეს სახეზე ან ტორსზე. ბავშვების უმეტესობას აქვს ცხელება, მტკივნეული, მგრძნობიარე და შეშუპებული სახსრები, მათ შორის: კოჭის, მუხლების, ბარძაყების, მაჯის და იდაყვის.
ხშირია მუცლის სპაზმური ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა. განავალი ან შარდი შეიძლება სისხლს შეიცავდეს. იშვიათად, დასაკეცი სტეტოსკოპის მსგავსად, ნაწლავი შეიძლება თავისივე სანათურში ჩაეშვას. აღნიშნულ გართულებას ინვაგინაცია (ნაწლავების გაუვალობა) ეწოდება და შეიძლება გამოიწვიოს უეცარი მუცლის ტკივილი და ღებინება, რადგან ამ დროს ნაწლავის სანათური იხშობა.
სიმპტომები თანდათან გაივლის დაახლოებით 4 კვირაში, თუმცა ხშირად, სულ მცირე – ერთხელ მაინც, თავს იჩენს რამდენიმე კვირის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობა სრულიად გამოჯანმრთელდება. იშვიათად, თირკმლების ქრონიკული უკმარისობა ვითარდება.
დაავადება საფიქრებელია, როდესაც ბავშვებში დამახასიათებელი გამონაყარი იჩენს თავს. თუ დიაგნოზი საეჭვოა, გამოსაკვლევად იღებენ დაზიანებული კანის ნიმუშს და დამახასიათებელი ცვლილებების აღმოსაჩენად, მას მიკროსკოპულად (ბიოფსია) სწავლობენ. შარდის ანალიზი ტარდება მასში სისხლის და დიდი რაოდენობით ცილის გამოსავლენად – რაც თირკმლების დაზიანებაზე მეტყველებს. სისხლის ანალიზებით ფასდება თირკმლების ფუნქცია.
თირკმლების ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, თირკმლის ბიოფსია ტარდება. იგი ექიმებს ეხმარება პრობლემის სიმძიმის განსაზღვრასა და იმის დადგენაში, თუ როგორი სახის გამოჯანმრთელებაა მოსალოდნელი.
თუ პაციენტი იღებს რაიმე საშუალებას, რომელიც დაავადების განვითარების ხელშემწყობია, მისი მიღება წყდება. სხვა მხრივ, მკურნალობა ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე და შეიძლება მოიცავდეს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსა (აასს-ები) და წოლით რეჟიმს.
დასალევი ფორმის კორტიკოსტეროიდები ან სხვა მედიკამენტები ეხმარება მუცლის ტკივილის და ზოგჯერ მძიმე სახსროვანი ტკივილისა და შეშუპების შემსუბუქებაში. თუ თირკმლები ან საჭმლის მომნელებელი ორგანოები მძიმედაა დაზიანებული, გამოიყენება ინტრავენური მეთილპრედნიზოლონი (კორტიკოსტეროიდი) და დასალევი ციკლოფოსფამიდი (თრგუნავს იმუნურ სისტემას).