მიკროსკოპული პოლიანგიიტი | მკურნალი.გე
  1. მიკროსკოპული პოლიანგიიტი
  2. ვასკულიტები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
მიკროსკოპული პოლიანგიიტი

მიკროსკოპული პოლიანგიიტი მცირე ზომის სისხლძარღვების ანთებაა მთელ ორგანიზმში.

  • ვითარდება ცხელება, წონის კლება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და მრავალი სხვა სიმპტომი, რომელთა გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანო ზიანდება.

  • დიაგნოზის დასადასტურებლად ბიოფსია ტარდება.

  • მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და მოიცავს კორტიკოსტეროიდებსა და იმუნური სისტემის დამთრგუნავ საშუალებებს (იმუნოსუპრესანტებს).

მიკროსკოპული პოლიანგიიტი იშვიათია. შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. მიზეზი უცნობია. დაავადებულ პირებს სისხლში მომატებული აქვთ პათოლოგიური ანტისხეულები, რომელთაც ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები ეწოდება. ზოგი პაციენტი დაავადებულია B ან C ჰეპატიტით.

სიმპტომები

პაციენტების უმეტესობას ცხელება და წონის კლება აღენიშნება. ხშირია კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

ზიანდება მრავალი ორგანო:

  • თირკმლები: თირკმლების დაზიანება დაავადებულთა 90%-ს აღენიშნება. შარდში ჩნდება სისხლი, თუმცა, ხშირად თირკმლების ფუნქციის დარღვევის ნიშნები არ ვლინდება, სანამ საკმაოდ არ დამძიმდება. თუ დიაგნოსტიკა და მკურნალობა დროულად არ მოხდება, თირკმლების უკმარისობა სწრაფად განვითარდება.

  • სასუნთქი სისტემა: სინუსიტის გამო სახის არეში ტკივილი ან ცხვირიდან სისხლდენა ვითარდება. ფილტვების დაზიანების შემთხვევაში იწყება სისხლდენა, რაც სისხლიან ხველას იწვევს. ფილტვები შეიძლება აივსოს სითხით ან ნაწიბუროვანი ქსოვილი განვითარდეს – ორივე შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება იწყება. ფილტვებიდან სისხლდენა, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე ვითარდება, დაუყოვნებლივ საჭიროებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

  • კანი: პაციენტების მესამედს მოწითალო იისფერი ლაქები ან კვანძები უვითარდება, ძირითადად ფეხებზე, ტერფებზე ან დუნდულებზე. ფრჩხილის ქვეშ იისფერი ხაზები ჩნდება, რაც სისხლდენაზე (ეწოდება წერტილოვანი სისხლჩაქცევები) მიუთითებს.

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ვლინდება მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა. განავალი შეიძლება სისხლს შეიცავდეს.

  • ნერვები: კიდურებში შესაძლებელია ჩხვლეტის, დაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება.

  • თავის ტვინი: თავის ტკივილი, შესაძლოა, თავის ტვინის არტერიების დაზიანების გამოვლინება იყოს. ნაკლებად ხშირია თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ცერებრული ჰემორაგია), ინსულტი ან კრუნჩხვები. სხვა ორგანოები ნაკლები სიხშირით ზიანდება.

დიაგნოზი

დაავადება სავარაუდოა დამახასიათებელი სიმპტომების გამოჩენისას. ტარდება სისხლისა და შარდის ანალიზები. აღნიშნული კვლევები დაავადების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, მაგრამ ადასტურებს ანთებითი პროცესის არსებობას. სისხლის ანალიზები ექიმს ეხმარება, დაადგინოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენის არსებობა. ასევე სისხლში განისაზღვრება პათოლოგიური ანტისხეულები – ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები, რომლებიც სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეულ სახეობებს აზიანებენ. შარდის ანალიზით დგინდება მასში სისხლის ან ცილის არსებობა. აღნიშნული ინფორმაცია ექიმს დახმარებას უწევს, დაადგინოს დაზიანებულია თუ არა თირკმელი.

ფილტვების რენტგენოგრაფიით ფასდება ფილტვების დაზიანების არსებობა, ასევე ექიმს ეხმარება ფილტვებიდან სისხლდენის დადგენაში. ფილტვებიდან სისხლდენის ნიშნების არსებობისას, პირის ღრუს ან ცხვირის გავლით, ფილტვების უშუალოდ დასათვალიერებლად, დრეკადი მილი იდგმება სასუნთქ გზებში (ბრონქოსკოპია). აღნიშნული პროცედურა ადასტურებს სისხლდენის არსებობას.

დიაგნოზის დასადასტურებლად კეთდება დაზიანებული ქსოვილების ბიოფსია (ჩვეულებრივ, – კანი, ფილტვები ან თირკმლები).

მკურნალობა

მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში, გამოიყენება კორტიკოსტეროიდი და სხვა რომელიმე იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალება (იმუნოსუპრესანტი), როგორიცაა აზათიოპრინი ან მეტოტრექსატი. სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების შემთხვევაში, უფრო ძლიერი იმუნოსუპრესანტი – ციკლოფოსფამიდი და კორტიკოსტეროიდი ინიშნება. ზოგჯერ მიმართავენ პლაზმის გამოცვლას (პლაზმაფერეზი) ან მეთილპრედნიზოლონის ინტრავენურ ინექციებს.