პოდაგრა (პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა) | მკურნალი.გე
  1. პოდაგრა (პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა)
  2. პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
პოდაგრა (პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა)

პოდაგრა დაავადებაა, რომელიც სახსრებში ნატრიუმის შარდმჟავას კრისტალების ჩალაგებითაა გამოწვეული, სისხლში შარდმჟავას მომატებული რაოდენობის (ჰიპერურიკემია) გამო, რაც სახსრების ანთების მტკივნეულ შეტევებს იწვევს.

  • შარდმჟავა კრისტალების დაგროვება, პერიოდულად სახსრების ან ქსოვილების გამოხატულ ტკივილს და ანთებას იწვევს.

  • ექიმები სახსრიდან იღებენ დაგროვებულ სითხეს და იკვლევენ მასში შარდმჟავა კრისტალების არსებობას.

  • მედიკამენტები ინიშნება ტკივილისა და ანთებითი პროცესის შესამსუბუქებლად, შემდგომი შეტევების თავიდან ასაცილებლად და ზოგჯერ სისხლში შარდმჟავას რაოდენობის შესამცირებლად.

პოდაგრა, ქალებთან შედარებით, მამაკაცებს შორის უფრო ხშირია. ჩვეულებრივ, მამაკაცებში საშუალო ასაკში ვითარდება, ხოლო ქალებს შორის – მენოპაუზის შემდგომ. ახალგაზრდებში დაავადება იშვიათია, თუმცა 30 წლის ასაკამდე განვითარების შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. პოდაგრის შემთხვევებს, ხშირად, ოჯახური ხასიათი აქვს.

მიზეზები

შარდმჟავა უჯრედის ნუკლეინის მჟავას დაშლის შუალედური პროდუქტია და სისხლში ნორმაში მცირე რაოდენობით გვხვდება.

ორგანიზმის უჯრედები გამუდმებით იშლება და ახალი წარმოიქმნება. ასევე, საკვებ პროდუქტებში არსებული ნივთიერებები – პურინები მარტივად გარდაიქმნება შარდმჟავად. პურინები ცილების შემადგენელი ნაწილია. პურინებით მდიდარი საკვები პროდუქტებია: ქაფშიები, სატაცური, ბულიონი, ქაშაყი, ხორცეულის გარნირი და ნახარში, სოკო, ხამანწკები, ნებისმიერი სახეობის ხორცი. სისხლში შარდმჟავას დონე პათოლოგიურად იმატებს, როდესაც თირკმლები ვერ ახერხებენ მათ გამოდევნას სისხლიდან შარდის გზით. შარდმჟავას ძალიან მაღალი მაჩვენებელი კი, იწვევს შარდმჟავას კრისტალების ჩამოყალიბებას და სახსრებში მათ ჩალაგებას. მდგომარეობას აუარესებს პურინებით მდიდარ საკვებთან ერთად ალკოჰოლის მიღება, რადგან ალკოჰოლი თან ზრდის შარდმჟავას წარმოქმნას, თან აფერხებს მის გამოტანას ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით.

იშვიათად, პოდაგრა შეიძლება რაიმე ცნობილი მიზეზით იყოს გამოწვეული და მას მეორეულ პოდაგრას უწოდებენ. მაგალითად, დიდი რაოდენობით შარდმჟავას წარმოქმნა შესაძლოა ფერმენტების თანდაყოლილი პათოლოგიით ან ისეთი დაავადებებით იყოს განპირობებული, როგორიცაა ლეიკემია, რომლის დროსაც უჯრედები მრავლდება და სწრაფად იშლება. თირკმლების ზოგიერთი დაავადება და გარკვეული სამკურნალო საშუალებები (მაგ. თიაზიდური შარდმდენები) – არღვევენ თირკმლების მიერ შარდმჟავას გამოდევნას, შედეგად მისი ოდენობა სისხლში მატულობს.

სისხლში შარდმჟავას მაღალი მაჩვენებელი იწვევს სახსრებში მისი რაოდენობის ზრდას. აღნიშნული პროცესის შედეგად, ყალიბდება შარდმჟავა კრისტალები სახსრის ქსოვილსა და სასახსრე სითხეში (სინოვიური სითხე). პოდაგრა ყველაზე ხშირად აზიანებს ტერფის სახსრებს, განსაკუთრებით დიდი თითის ფუძესთან (პოდაგრა). თუმცა ისეთი არეების დაზიანებაც მოსალოდნელია, როგორიცაა: კოჭი, უკანა ტერფის ძვლები, მუხლი, მაჯა და იდაყვი. პოდაგრა ე.წ. ცივ სახსრებს უფრო ხშირად აზიანებს, ვინაიდან კრისტალების ჩალაგება თბილთან შედარებით, ცივ არეებში უფრო მარტივია. იშვიათია თბილი სახსრების დაზიანება, რომლებიც სხეულის ცენტრალურ ადგილებში მდებარეობს, ასეთია ხერხემალი, თეძოები ან მხრები.

სიმპტომები

პოდაგრის შეტევა (მწვავე პოდაგრული ართრიტი) შეიძლება წინასწარი ნიშნების გარეშე გამოვლინდეს. პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ტრავმამ, ქირურგიულმა ჩარევამ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ, პურინებით მდიდარმა საკვებმა ან დაავადებამ. ტიპურია, უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი ერთ ან რამდენიმე სახსარში, ხშირად – ღამით (სავარაუდოდ იმიტომ, რომ მეტაბოლური ცვლილებები ამ დროს მიმდინარეობს). ტკივილი მნიშვნელოვნად უარესდება და ხშირად აუტანელი ხდება, განსაკუთრებით კიდურის მოძრაობის ან შეხების დროს. ვითარდება სახსრის ანთება – შუპდება, თბილია და სახსრის ირგვლივ არსებული კანი წითელი ან იისფერი, დაჭიმული და ბზინვარეა.

შეტევის სხვა სიმპტომებია ცხელება (შეიძლება მიაღწიოს 102ºF [38.9ºC]) და ზოგადად, შეუძლოდ ყოფნა. პირველი შეტევები მხოლოდ ერთ სახსარს აზიანებს და რამდენიმე დღეს გრძელდება. შემდგომ სიმპტომები თანდათან ქრება, სახსრის ფუნქცია აღდგება და შემდგომ შეტევამდე სიმპტომები აღარ ვლინდება. თუმცა, დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, მკურნალობის გარეშე, შეტევები დიდხანს გრძელდება, უფრო ხშირია და რამდენიმე სახსარს აზიანებს.

განმეორებითი შეტევების შემთხვევაში, პოდაგრა მძიმდება და ქრონიკული ხდება, შეიძლება სახსრების დეფორმაცია გამოიწვიოს.

დროთა განმავლობაში, სახსრებსა და მყესებში დაგროვებული შარდმჟავას კრისტალების დეპოზიტებით გამოწვეული დაზიანების გამო, სახსრებში მოძრაობა თანდათან იზღუდება. შარდმჟავას კრისტალებისგან წარმოქმნილი მკვრივი კვანძები (ტოფუსები), დასაწყისში, ლაგდება სახსრის ამომფენ გარსში ან ხრტილში ან სახსართან ახლოს ძვალში, ხოლო შემდეგ – სახსრის ირგვლივ, კანქვეშ. ტოფუსების განვითარება შესაძლებელია თირკმლებში ან სხვა ორგანოებში, ყურებზე კანქვეშ, აქილევსის მყესში (მკვრივი ზონარი, რომელიც კანჭის კუნთებს ქუსლთან აკავშირებს, ასევე იდაყვის ირგვლივ. ხშირად ვითარდება თითებზე, ხელებსა და ფეხებზე. მკურნალობის გარეშე, ტოფუსები შეიძლება გასკდეს და გადმოვიდეს შარდმჟავა კრისტალების ცარცისებური მასა.

პოდაგრით დაავადებული პაციენტების მეხუთედს შარდმჟავასაგან შემდგარი თირკმლის კენჭები უვითარდება (უროლითიაზი). აღნიშნული კენჭებით საშარდე სისტემის დახშობა აუტანელ ტკივილს იწვევს და მკურნალობის გარეშე ინფექციის განვითარება და თირკმლების დაზიანებაა მოსალოდნელი. პოდაგრის მქონე პაციენტებში, რომელთაც სხვა დაავადებებით გამოწვეული თირკმლების დაზიანება აქვთ (როგორიცაა დიაბეტი ან მაღალი არტერიული წნევა), თირკმლის ფუნქციის გაუარესება ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას და პოდაგრას და მის მიერ სახსრების დაზიანებას კიდევ უფრო აძლიერებს.

დიაგნოზი

პოდაგრის დიაგნოზი დამახასიათებელი სიმპტომების და დაავადებული სახსრის გასინჯვის საფუძველზე ისმება. დაავადების სასარგებლოდ მეტყველებს სისხლში შარდმჟავას მომატებული დონე, თუმცა იგი ხშირად ნორმაშია, განსაკუთრებით მწვავე (უეცარი, ძლიერი) შეტევის დროს. დიაგნოზი დასტურდება ტოფუსის ან სახსრიდან აღებული (სახსრის ასპირაცია) სასახსრე სითხის მიკროსკოპის ქვეშ პოლარიზებული სინათლით გამოკვლევისას – ნემსისებური ფორმის შარდმჟავა კრისტალების აღმოჩენით. რენტგენოგრაფიით ვლინდება სახსრის დაზიანება და ტოფუსების არსებობა (შარდმჟავა კრისტალებისგან შემდგარი ტოფუსი ჩაანაცვლებს ძვლოვან ქსოვილს და კისტებს წარმოქმნის). ხშირად პოდაგრა სხვა ართრიტების მსგავსია და შეიძლება დიაგნოზი არასწორად დაისვას.

მკურნალობა

მკურნალობის სამი ძირითადი მიზანია:

  • მწვავე შეტევის დროს ანთების შემსუბუქება;

  • შემდგომი შეტევების თავიდან აცილება;

  • სისხლში შარდმჟავას დონის დაქვეითების გზით, ქსოვილებში კრისტალების ჩალაგების პრევენცია.

მწვავე შეტევების შემსუბუქება: სახსრის შეშუპების და ტკივილის შესამცირებლად, ხშირად ეფექტურია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები). ტკივილის სამართავად, ზოგჯერ დამატებითი ანალგეზიური საშუალებების დანიშვნაა საჭირო, მაგალითად, როგორიცაა ოქსიკოდონი. შესაძლებელია ანთებადი სახსრის იმობილიზაცია თაბაშირით და მასზე ყინულის მოთავსება ტკივილის შესამცირებლად.

კოლხიცინი ტრადიციული, თუმცა აღარცთუ იმდენად ხშირად გამოყენებული, პირველი რიგის მკურნალობაა. ჩვეულებრივ, სახსრების ტკივილი შემცირებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან 12 საათში და გაივლის 36-48 საათში. კოლხიცინი მიიღება აბების სახით, ყოველ საათში, სანამ სიმპტომები შემსუბუქებას არ დაიწყებს. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი ან დიარეა. იშვიათად თან ახლავს უფრო სერიოზული გვერდითი ეფექტები, მათ შორის ძვლის ტვინის დაზიანება.

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზონი, ეფექტურია სახსრის ანთების (მათ შორის შეშუპების) შესამცირებლად იმ პაციენტებისთვის, ვინც სხვა საშუალებებით მკურნალობას ვერ იტარებს მედიკამენტის აუტანლობის გამო. მხოლოდ ერთი ან ორი სახსრის დაზიანებისას, კორტიკოსტეროიდის სუსპენზია – პრედნიზოლონ ტებუტატი – ინექციის გზით სახსარში შეჰყავთ იმავე შპრიცით, რომლითაც მოხდა სითხის ამოღება.

შემდგომი შეტევების თავიდან აცილება: საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღების შეწყვეტა, წონის დაკლება, სამკურნალო საშუალებების შეჩერება, რომლებიც სისხლში ზრდიან შარდმჟავას დონეს, პურინებით მდიდარი პროდუქტების მცირე ულუფებად მირთმევა – ეს ის ღონისძიებებია, რომლებიც მნიშვნელოვანია შეტევის პრევენციისათვის. პაციენტების უმრავლესობა, რომელთაც პირველადი პოდაგრა აქვთ, ჭარბწონიანია. წონის თანდათან დაკლება, სისხლში შარდმჟავას დონეს ამცირებს და ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ მაჩვენებელს უბრუნებს და შედეგად, პოდაგრის შეტევებს წყვეტს.

პრევენციული ყოველდღიური მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს მათთვის, ვისაც განმეორებითი, მძიმე შეტევები აქვთ. შეტევების პრევენციის ან მათი სიხშირის შესამცირებლად, შესაძლებელია კოლხიცინის ყოველდღიური მიღება. შეტევების პრევენციას ასევე ახდენს ყოველდღიურად დანიშნული აასს-ები. თუმცა, შეტევების პრევენცია არ აღადგენს არსებულ დაზიანებას ან არ იცავს სახსრებს დაზიანებისაგან, რომელიც შარდმჟავას კრისტალებმა უკვე გამოიწვია, ხოლო მედიკამენტები გარკვეული რისკის მატარებელია თირკმლების ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებისათვის.

სისხლში შარდმჟავას დონის დაქვეითება: სისხლში შარდმჟავას მომატებული რაოდენობა მრავალ პრობლემას ქმნის.

პაციენტების გარკვეული ჯგუფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში შარდმჟავას დონის დაქვეითება. ასეთია:

  • კოლხიცინისა და აასს-ების მიღების მიუხედავად, ხშირი, მძიმე შეტევები;

  • ტოფუსები;

  • შარდმჟავას განსაკუთრებულად მომატებული მაჩვენებელი;

  • თირკმლების შარდმჟავა კენჭები;

  • მდგომარეობები, როდესაც სარისკოა აასს-ების ან კორტიკოსტეროიდების მიღება (როგორიცაა პეპტიკური წყლული და თირკმლების ქრონიკული დაავადება).

პაციენტებმა, რომლებიც შარდმჟავას დონის შემცირების მიზნით მედიკამენტებს იღებენ, უნდა იცოდნენ თავიანთი სამიზნე მაჩვენებლის თაობაზე, ისევე როგორც არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებმა უნდა იცოდნენ წნევის შესახებ. მედიკამენტური მკურნალობის მიზანია შარდმჟავას შემცირება 10-15%-ით ზოგად მაჩვენებელთან შედარებით.

მედიკამენტები სისხლში შარდმჟავას რაოდენობას ამცირებენ ორგანიზმში მისი სინთეზის შეფერხებით ან შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოტანის გაძლიერებით. შარდმჟავას რაოდენობის შესამცირებლად ყველაზე ხშირად გამოიყენება ალოპურინოლი. იგი აფერხებს შარდმჟავას პროდუქციას და განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სისხლში შარდმჟავას მომატებული მაჩვენებელი აღენიშნებათ, შარდში – შარდმჟავა კენჭები ან თირკმლების დაზიანება აქვთ. აღსანიშნავია, რომ ალოპურინოლი იწვევს კუჭის გაღიზიანებას, გამონაყარს კანზე, ამცირებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას, იწვევს ღვიძლის დაზიანებას ან სისხლძარღვების ანთებას (ვასკულიტი). პირველად მიღებისას, ალოპურინოლმა პოდაგრის შეტევაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ვინაიდან კოლხიცინი ან აასს-ები ამცირებენ აღნიშნულის რისკს, ალოპურინოლთან ერთად ინიშნება ერთ-ერთი მათგანი რამდენიმე თვის მანძილზე.

მედიკამენტებს, რომელთაც ორგანიზმიდან შარდმჟავა შარდის გზით გამოაქვთ (ურიკოზურიული საშუალებები), როგორიცაა პრობენეციდი ან სულფინპირაზონი, იყენებენ სისხლში შარდმჟავას რაოდენობის შესამცირებლად, (თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში). ასპირინი ამცირებს პრობენეციდისა და სულფინპირაზონის მოქმედებას, ამიტომ მაღალი დოზებით ასპირინი არ ინიშნება ჩამოთვლილ საშუალებებთან ერთად. თუმცა შეიძლება ასპირინის მიღების გაგრძელება დაბალი დოზით (81 მგ დღეში), რასაც გულის დამცავი ფუნქცია აქვს, ვინაიდან გულის დაავადებების განვითარების რისკი პოდაგრის მქონე პაციენტებს შორის საკმაოდ მაღალია.

მართალია, მედიკამენტები, რომლებიც შარდმჟავას თირკმლების გზით გამოტანას აძლიერებენ (ურიკოზურიული საშუალებები), მის კონცენტრაციას სისხლში შეამცირებენ, მაგრამ გაიზრდება შარდმჟავას რაოდენობა შარდში. დიდი რაოდენობით სითხეების – სულ მცირე 3ლ დღეში – მიღება შეამცირებს საშარდე სისტემაში შარდმჟავა კენჭების განვითარების რისკს. შარდის გატუტიანება აცეტაზოლამიდის ან კალიუმის ციტრატის საშუალებით (აძლიერებს შარდმჟავას ხსნადობას შარდში) კიდევ უფრო შეამცირებს საშარდე სისტემის შარდმჟავა კონკრემენტების წარმოქმნის რისკს. თუმცა, შარდის ზომაზე მეტად გატუტიანება სხვა, უფრო სახიფათო შემადგენლობის კენჭების – კალციუმის ოქსალატების – ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ურიკოზურიული მედიკამენტით მკურნალობის დაწყება პოდაგრის შეტევის რისკს ზრდის, ამიტომ, რისკის შესამცირებლად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაბალი დოზით კოლხიცინი ან აასს-ები ინიშნება მათთან ერთად.

სხვა მკურნალობა: ყურებზე, ხელებზე ან ტერფებზე არსებული ტოფუსები, შარდმჟავას დონის საკმარისად შემცირებასთან ერთად, თანდათან უკუვითარდება. მნიშვნელოვნად დიდი ზომის ტოფუსების მოცილება ქირურგიული წესით ტარდება.

საშარდე გზებში არსებული შარდმჟავა კენჭები სხეულის გარედან კენჭებისაკენ მიმართული ულტრაბგერის ზემოქმედებით შეიძლება დაიშალოს და შარდთან ერთად გამოირეცხოს (ექსტრაკორპორალური ლითოტრიფსია).