ფსევდოპოდაგრა | მკურნალი.გე
  1. ფსევდოპოდაგრა
  2. პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ფსევდოპოდაგრა

ფსევდოპოდაგრა (კალციუმის პიროფოსფატის დიჰიდრატის კრისტალების დეპოზიტების დაავადება) ხრტილსა და სასახსრე სითხეში კალციუმის პიროფოსფატის დიჰიდრატის კრისტალების დეპოზიტებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც სახსრის მტკივნეული ანთების პერიოდულ შეტევებს იწვევს.

  • კრისტალები გროვდება სახსარში და იწვევს სხვადასხვა ხარისხით გამოხატულ ანთებასა და ქსოვილის დაზიანებას;

  • დიაგნოზი დასტურდება სასახსრე სითხეში კალციუმის პიროფოსფატის დიჰიდრატის კრისტალების გამოვლენით;

  • მკურნალობა ტარდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდის სახსარში ინექციით.

ფსევდოპოდაგრა, ჩვეულებრივ ასაკოვან პაციენტებს შორის ვითარდება და მამაკაცებსა და ქალებს თანაბრად აზიანებს.

მიზეზები

მიზეზი, თუ რატომ ლაგდება კალციუმის პიროფოსფატის დიჰიდრატის კრისტალები სახსარში – ცნობილი არაა. შეიძლება აღინიშნებოდეს იმ პირებს შორის, რომელთაც სხვა თანმხლები დაავადებები აქვთ, მაგალითად, როგორიცაა პარათჰორმონის მომატებული რაოდენობით (ჰიპერპარათირეოზი) განპირობებული კალციუმის პათოლოგიურად მაღალი დონე სისხლში, რკინის პათოლოგიურად მომატებული რაოდენობა ქსოვილებში (ჰემოქრომატოზი) ან სისხლში მაგნიუმის პათოლოგიურად დაქვეითებული მაჩვენებელი (ჰიპომაგნემია). თუმცა ფსევდოპოდაგრის მქონე პაციენტების უმრავლესობას ჩამოთვლილთაგან არც ერთი პათოლოგია არ აღენიშნება. დაავადება შეიძლება იყოს მემკვიდრეობით განპირობებული. კალციუმის კრისტალები ხშირად გვხვდება ოსტეოართრიტით დაზიანებულ სახსრებში.

სიმპტომები

სიმპტომები მრავალფეროვანია. ზოგჯერ სახსრების, ძირითადად მუხლების, მაჯის ან სხვა შედარებით დიდი ზომის სახსრების ანთების მტკივნეული შეტევა ვითარდება. სხვა შემთხვევაში, რევმატოიდული ართრიტის ან ოსტეოართრიტის მსგავსი ხელების და ფეხების სახსრების შემაწუხებელი, ქრონიკული ტკივილი და შებოჭილობა ვითარდება. უეცარი (მწვავე) შეტევები, პოდაგრასთან შედარებით, ნაკლებად მძიმეა, თუმცა მის მსგავსად, შეტევამ ცხელება შეიძლება გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში, შეტევებს შორის ტკივილი არ აღინიშნება, სხვებს, კრისტალების დიდი ჩანართების მიუხედავად, საერთოდ არ აქვთ აღნიშნული ჩივილი. პოდაგრისაგან განსხვავებით, ფსევდოპოდაგრა არ იწვევს შარდმჟავა კრისტალების მკვრივი გროვების (ტოფუსები) წარმოქმნას.

დიაგნოზი

დიაგნოზი ანთებადი სახსრიდან აღებული სითხის (სახსრის ასპირაცია) შესწავლით ისმება. სასახსრე სითხეში ვლინდება კალციუმის პიროფოსფატის დიჰიდრატის კრისტალები. მათი განსხვავება შარდმჟავა კრისტალებისაგან (რომელიც იწვევს პოდაგრას) სპეციალური, პოლარიზაციული სინათლის მიკროსკოპის საშუალებით ხდება. შარდმჟავა კრისტალებისაგან განსხვავებით, კალციუმის პიროფოსფატის კრისტალების გროვები, რენტგენოლოგიური კვლევის დროს ვლინდება.

პროგნოზი და მკურნალობა

ხშირად ანთებადი სახსარი ყოველგვარი ნარჩენი მოვლენების გარეშე იკურნება, თუმცა პაციენტების ნაწილს სახსრის მუდმივი დაზიანება უვითარდება, ზოგჯერ, იმდენად გამოხატულია დაზიანება, რომ შარკოს სახსარში ერევათ.

მკურნალობით შესაძლებელია მწვავე შეტევის შეჩერება, ახალი შეტევების პრევენცია, თუმცა უკვე დაზიანებულ სახსარში არსებული ცვლილებების უკუგანვითარება ვეღარ მოხდება. ტკივილის და ანთების შესამცირებლად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) ინიშნება. შეტევების შესამცირებლად ყოველდღიურად მისაღებად ინიშნება კოლხიცინი. ზოგჯერ, სახსარში ჭარბი რაოდენობით სითხის არსებობისას, ანთებისა და ტკივილის შემცირების მიზნით, ხდება მისი ამოღება და ნაცვლად სახსარში კორტიკოსტეროიდის სუსპენზიის შეყვანა ინექციის გზით.

არ არსებობს დაავადების ეფექტური, სპეციფიკური მკურნალობა; აღსანიშნავია, რომ ფიზიკური თერაპიით (როგორიცაა კუნთების გამამაგრებელი და სხვადასხვა ამპლიტუდით მოძრაობის სავარჯიშო) შესაძლებელია სახსრის ფუნქციის შენარჩუნება.