1. ინფექციები (ხელის დაავადებები)
  2. ხელის დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ინფექციები (ხელის დაავადებები)

ადამიანის ან ცხოველის ნაკბენის არეში მოსალოდნელია ხელის ინფექციის განვითარება. ინფექციის სხვა სახეებია პანარიციუმი და ჰერპესული პანარიციუმი. პარონიქია განხილული იქნება სხვა თავში.

ნაკბენის შედეგად განვითარებული ინფექცია

ყველაზე ხშირი მიზეზია თითების კანის კბილებით დაზიანება – მოკვნეტა. ასევე ხშირი მიზეზია ცხოველის ნაკბენი. ადამიანის და ცხოველის ნაკბენი ჭრილობა მრავალი ბაქტერიით დასნებოვნებას იწვევს. ყველა სახის ნაკბენი ჭრილობა პოტენციურად საშიშია და მნიშვნელოვანი ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს.

თუ კანის მთლიანობა დარღვეულია, უცხო სხეულის აღმოსაჩენად, რომელმაც ინფექციის განვითარება ან გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს, რენტგენოგრაფია ტარდება. დაზიანებული არე ქირურგიულად უნდა დამუშავდეს, დრენირების მიზნით ჭრილობა ღია რჩება. სახსრის ინფექციის (სეპტიკური ართრიტი) განვითარების პრევენციისათვის ანტიბიოტიკები ინიშნება, წინააღმდეგ შემთხვევაში თითების სახსრების დესტრუქცია შეიძლება განვითარდეს. რომელი ანტიბიოტიკია ეფექტური, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ბაქტერიაა პიროვნების საცხოვრებელ საზოგადოებაში გავრცელებული.

პანარიციუმი

პანარიციუმი თითის ბალიშის რბილი ქსოვილების ინფექციაა.

თითის ბალიშის ინფექციამ აბსცესის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც იწვევს ზეწოლას მეზობელ ქსოვილებზე და მათ კვდომას. თითის ბოლო მნიშვნელოვნად შუპდება და მკვრივდება, თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ექიმი დიაგნოზს დაზიანებული თითის გასინჯვით სვამს. თუ პანარიციუმის მკურნალობა სათანადოდ არ ჩატარდა, შესაძლოა მიმდებარე ძვლის, სახსრის ან მყესის ინფიცირება. მკურნალობა ხშირად საჭიროებს ქირურგიული წესით აბსცესის დრენირებას და ანტიბიოტიკების დანიშვნას.

ჰერპესული პანარიციუმი

ჰერპესული პანარიციუმი თითის ბოლოს ბალიშის ვირუსული ინფექციაა.

მარტივი ჰერპესის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ინტენსიური ტკივილით მიმდინარე კანის ინფექცია. თითის წვერი შეშუპებული და მტკივნეულია, თუმცა არა ისეთი მკვრივი, როგორიც პანარიციუმის დროს. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს თითზე სითხით სავსე თხელკანიანი ბუშტუკების არსებობას. ჰერპესული პანარიციუმი ხშირად ეშლებათ ჩვეულებრივ პანარიციუმში. დაავადება თავისთავად გაივლის მკურნალობის გარეშე. ქირურგიული ჩარევა საჭირო არაა.

მტევნის აბსცესი

მტევნის აბსცესი ჩირქის დაგროვებაა მტევნის არეში და ჩვეულებრივ, ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული.

მტევნის აბსცესი საკმაოდ ხშირია და ძირითადად ტრავმის შედეგია. ზედაპირული აბსცესი, მტევნის ნებისმიერ ადგილას, კანქვეშ ვითარდება და თითქმის ყოველთვის მსუბუქი ტრავმითაა გამოწვეული, როგორიცაა ხიწვის ან ნემსის ჩხვლეტა. აბსცესის არეში ვითარდება ძლიერი ტკივილი, სიმხურვალე და სიწითლე, ხშირად თან ახლავს წინამხრის ლიმფური ჯირკვლების შესივება. აბსცესი ხელისგულის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება განვითარდეს და მეტაკარპალურ (მტევნის ძვლები მაჯასა და თითებს შორის) ძვლებს შორის გავრცელდეს. ამგვარი ინფექციის განვითარება მოსალოდნელია კანის გაკვეთის ან რაიმე მჭრელი საგნით გაჩხვლეტის შემთხვევაში. ხელისგულის აბსცესის განვითარება ინფიცირებული კოჟრიდანაც შესაძლებელია. დაავადება იწყება ძლიერი, მფეთქავი ხასიათის ტკივილით, რომელსაც თან ახლავს შესივება და შეხებით ძალზე მტკივნეულია. ტკივილი მტევნის ბოლოში უფრო მეტად შეიგრძნობა, ვიდრე ხელისგულზე.

მკურნალობა მოიცავს ჩირქგროვის ქირურგიულ დრენირებას, ასევე ინიშნება ანტიბიოტიკები.

მყესის ბუდის ანთება

აბსცესი ვითარდება მყესის ირგვლივ, რომელიც თითების შიგნით, მის სიგრძეზე მიემართება. აბსცესის აღნიშნული სახეობა გამოწვეულია ტრავმით, რომელიც თითის ხელისგულისმხრივ ზედაპირს აზიანებს. არანამკურნალები პანარიციუმის შემთხვევაში, ჩირქის გავრცელება მოსალოდნელია თითის ბოლოდან მყესის ბუდემდე. მყესის ირგვლივ ყალიბდება ინფექცია და გროვდება ჩირქი, რომელიც სწრაფი ტემპით არღვევს ქსოვილებს. მყესის სრიალა მექანიზმი ზიანდება, რის გამოც თითის მოძრაობა ძნელდება. დამახასიათებელი სიმპტომებია: თითის შეშუპება და ტკივილი, ტკივილი მყესის ბუდის ირგვლივ და მკვეთრი ტკივილი თითის ამოძრავების მცდელობისას. ხშირია ლიმფური კვანძების გადიდება აბსცესის სიახლოვეს. ასევე ხშირია ცხელება.

საჭიროა აბსცესის ქირურგიული დრენირება და ანტიბიოტიკებით მკურნალობა.