ტერფის წინა ბალიშის არეში არსებულ ტკივილს (ეწოდება მეტატარზალგია) მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს (მათ შორის, ართრიტი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ტერფის თითებს შორის ნერვის მოჭყლეტა, სხეულის მდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა მრავალი დაავადება). ყველაზე ხშირად, ტკივილი ნერვის დაზიანებით ან ტერფის წინა ნაწილის სახსრების (ეწოდება მეტატარზალური სახსრები) პრობლემითაა გამოწვეული. ხშირად, ერთი დაავადება, რომელიც ტერფის წინა ნაწილის ტკივილს იწვევს, სხვა დაავადების განვითარებას უწყობს ხელს, რომელიც ამავე ლოკალიზაციის ტკივილს განაპირობებს.
ფრეიბერგის დაავადება ტერფის ძვლების ნაწილის ქსოვილის კვდომაა (ნეკროზია). ჩვეულებრივ, პროცესი ლოკალიზდება ტერფის ცერა თითის მომდევნო თითის არეში (მეორე მეტატარზალური ძვლის თავი).
გამომწვევი მიზეზია ძვლის დაზიანება, რომელიც ძირითადად პუბერტული ასაკის გოგონების სიმაღლეში სწრაფ ზრდას უკავშირდება ან ვითარდება იმის გამო, რომ ტერფის ცერა თითის ფუძესთან დამაკავშირებელი ძვალი მოკლეა. ორივე შემთხვევაში მეტატარზალური ძვლის თავი განმეორებად დატვირთვას განიცდის.
ტკივილი უარესდება დატვირთვისას, განსაკუთრებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას. სახსარი შუპდება და რიგიდული ხდება. დიაგნოზის დასადასტურებლად რენტგენოგრაფია ტარდება. ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია კორტიკოსტეროიდის ინექციით, ფიქსატორის ან არტაშნის გამოყენებით. ასევე ეფექტურია დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება ან ორთოზების გამოყენება, რომელიც ცვლის ტერფის პოზიციას და მოძრაობის სიფართეს და შედეგად დაზიანებული სახსრის დატვირთვაც მცირდება.
ნერვული ქსოვილის გაღიზიანებამ ან კეთილთვისებიანმა ზრდამ ფეხისგულის წინა ნაწილების ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს (თითთაშორისი ნერვის ტკივილი).
ტერფის ძირის და თითების მაინერვირებელი ნერვი (თითთაშორისი ნერვი) თითებს შორის გაივლის. ტკივილი ტერფის წინა ნაწილში, შესაძლოა ნერვული ქსოვილის გაღიზიანებით ან კეთილთვისებიანი ზრდით (ნეირომა) იყოს განპირობებული, რაც ძირითადად ტერფის მე-3 ან მე-4 ფალანგების ფუძეს შორის (მორტონის ნეირომა) აღინიშნება, თუმცა ნებისმიერ თითთან შეიძლება განვითარდეს. ნეირომა, როგორც წესი, მხოლოდ ცალ მხარეზე და ძირითადად ქალებს შორის გვხვდება.
ადრეულ სტადიაზე, ნეირომა მხოლოდ მსუბუქ ტკივილს იწვევს ტერფის მე-3 ან მე-4 ფალანგების არეში, დაავადების პროგრესირებას კი თან ახლავს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება ფალანგებში. აღნიშნული სიმპტომები განსაკუთრებით გამოხატულია გარკვეული სახეობის ფეხსაცმლის ტარებისას, მაგალითად, რომელიც წინა ნაწილში მკვეთრად ვიწროვდება, მათ შორის წვეტიანი ფეხსაცმელი. დაავადების პროგრესირებისას იწყება მუდმივი წვის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ფეხის თითებისაკენ და არ მსუბუქდება ფეხსაცმლის შეცვლის მიუხედავად, თან ახლავს შეგრძნება, თითქოს ფეხსაცმელში კენჭია ჩავარდნილი.
ექიმები დიაგნოზს ანამნეზის შეგროვების და ტერფის გასინჯვის მიხედვით სვამენ. რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრტ) და ულტრაბგერა – არცთუ ისეთი ზუსტია დიაგნოსტიკისათვის, თუმცა გარკვეულწილად ეხმარება სხვა დაავადებების გამორიცხვაში, რომელთაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ.
სიმპტომებს ამსუბუქებს რბილი საფენი, კორტიკოსტეროიდისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექცია, მორგებული ფეხსაცმელი და ზოგჯერ ორთოზების გამოყენება. შესაძლოა საჭირო გახდეს ინექციების 2-3-ჯერ გამეორება, 1-2-კვირიანი ინტერვალებით. ცალკეულ შემთხვევებში ტკივილს ამცირებს კრიოთერაპია (ინტენსიური სიცივის ზემოქმედება) ან ალკოჰოლის ინექცია ნეირომის არეში. აღნიშნული ღონისძიებების არაეფექტურობის შემთხვევაში, ნეირომის ქირურგიული მოცილება შეამსუბუქებს დისკომფორტს, თუმცა შესაძლებელია მუდმივად დარჩეს დაბუჟების შეგრძნება.
ტერფის წინა ნაწილის სახსრების ტკივილი (ტერფ-ფალანგთა სახსრები) საკუთრივ აღნიშნული სახსრებიდან მომდინარეობს.
მეტატარზალური სახსრების ტკივილს ძირითადად სასახსრე ზედაპირების უსწორმასწორო მდებარეობა იწვევს, რის გამოც სახსრების გადაძაბვა და სასახსრე ხრტილის დაზიანება ვითარდება. შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქად გამოხატული სიმხურვალე და შეშუპება.
მეტატარზალური სახსრების უსწორმასწორობა შეიძლება ისეთი დაავადების დროსაც განვითარდეს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, რომელიც სახსრების ანთებას იწვევს. რევმატოიდული ართრიტის დროს, ასევე ვითარდება ჩაქუჩა თითი, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს სახსრების ტკივილს და უსწორმასწორობას. ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ამორტიზატორის როლს ასრულებს სახსრების დატვირთვისას, გადანაცვლდება წინისაკენ, დიდი თითის მიმართულებით, რაც ამორტიზაციის ფუნქციის დარღვევას გამოიწვევს, ეს კი თავის მხრივ – ნერვების დაზიანებას ტერფის წინა ნაწილში.
ტერფ-ფალანგთა სახსრების ტკივილი ზოგჯერ ოსტეოართრიტის ან ტერფის წინა ნაწილის სახსრების რიგიდობის გამო ვითარდება, ყველაზე ხშირად – ტერფის დიდი თითის არეში. აღნიშნული მდგომარეობის მქონე პირების უმეტესობას არასწორი სიარულის მანერა აქვთ.
სიარულის დროს ტკივილი აღინიშნება. დროთა განმავლობაში ტკივილი და დაჭიმულობა დამაუძლურებელი ხდება.
ექიმები დიაგნოზს სიმპტომების და გასინჯვის მიხედვით სვამენ, თუმცა კვლევები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია ან ართრიტია საეჭვო.
ეფექტურია ტერფის ორთოზის გამოყენება, რომელიც სხეულის მასის გადანაწილებას ახდენს და განტვირთავს მძიმედ დაზიანებულ სახსრებს, ხოლო მისი უშედეგობის შემთხვევაში – საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
სესამოიდიტი – ესაა ტკივილი მცირე (სესამოიდური) ძვლების არეში – მეტატარზალური ძვლის თავის ქვეშ, სადაც იგი დიდ თითს ეკვრის (პირველი მატატარზალური ძვლის თავი).
სესამოიდიტის მიზეზი, ჩვეულებრივ, განმეორებადი ტრავმაა. ზოგჯერ ვითარდება ძვლის მოტეხილობა ან მის ირგვლივმდებარე სტრუქტურების ანთება. სესამოიდიტი ხშირია მოცეკვავეებს, მორბენლებს და იმ პირებს შორის, რომელთაც მაღალთაღოვანი ტერფი აქვთ ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ.
სესამოიდიტის დროს ტკივილი შეიგრძნობა ტერფის წინა ნაწილში, დიდ თითთან, ჩვეულებრივ, სიარულის დროს და გარკვეული სახის ფეხსაცმლის ტარებისას უარესდება. მტკივნეული არე შეიძლება თბილი და შეშუპებულიც იყოს.
ექიმი დიაგნოზს ტერფის გასინჯვის საფუძველზე სვამს. დიაგნოზი დასტურდება ტერფის რენტგენოგრაფიით, რომელიც სესამოიდური ძვლის მოტეხილობის გამოსარიცხად ტარდება.
ზოგჯერ, სავსებით საკმარისია ტკივილის გამომწვევ ფეხსაცმელზე უარის თქმა. სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში, სქელლანჩიანი ფეხსაცმელი და დაბალი ქუსლი, ორთოზები ან მათი კომბინაცია – ეფექტურად ამცირებს სესამოიდური ძვლის დატვირთვას. ტკივილს ასევე ამსუბუქებს დასალევი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) და კორტიკოსტეროიდების და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ინექცია დაზიანების არეში.